ივანიშვილის ფაქტორი

ივანიშვილის ფაქტორი

2010 წლის მაისში საჩხერეში მომიხდა წასვლა სამსახურებრივი მისიით (მაშინ ჯერ კიდევ ”ბედნიერი დასაქმებული” ვიყავი) და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რაიონის გამგებელს შევხვდი რამდენიმე კოლეგასთან ერთად. საქმე ეხებოდა განათლების მუშაკთა მიმართ ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილ ძალადობას და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.

მუნიციპალური თვითმართველობის არჩევნების პერიოდი იყო და დიდი კითხვა-კითხვით გამგებელს ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბში მივაკვლიეთ.

ჩვენი პრეტენზიების მოსმენამ იგი გულწრფელად გააოცა.

- რას მელაპარაკებით, ძმაო. მემასხრებით, ალბათ. მაგენს თუ კიდევ ვინმე ჩაგრავს… ისედაც წამოცმული აქვთ თავზე ყველაფერი. ჩვენ არაფერს გვიჯერებენ. გარანტირებული ხელფასი რო აქვთ ივანიშვილისგან დანიშნული, არაფრის ეშინიათ. ცვეტში ვიცი, 70% არჩევნებში ხმის მოცემას არ აპირებს. მაგი კიდე არაფერი. ინფორმაცია მაქვს, სამი-ოთხი დირექტორი ჩუმად ოპოზიციასთან დაძვრება. არჩევნებამდე გაჩუმებული ვარ და არაფერს ვეუბნები, მარა არჩევნების მერე შევუსევ უშიშროებას და მოვუ...ავ დედებს. ბიძინას გამო ვერიდებით, ძმაო. აქანა საჩხერეა და ივანიშვილის ფაქტორი მაგრად მუშაობს...

თავი დავანებოთ იმას, რომ გამგებლის სრულიად უადგილო გულახდილობის შემხედვარეს გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა (სულ 10 წუთის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი, მაგრამ, ჩანს ”ტავარიშჩ ს ცენტრა”-ს ფაქტორმა იმუშავა). არც იმაზე განვაგრძობ საუბარს, რომ ჩვენს ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია და საბასი არ იყოს, რაც შევიტანეთ, ის გამოვიტანეთ საჩხერის ნაცმოძრაობის რაიონული ვერსალიდან. ამ ისტორიაში საინტერესო და ხაზგასასმელი მასპინძლის შეუნიღბავი აღიარებაა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონში ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს და ამის გამო ისეთი ცხვარივით მორჩილი კატეგორიაც კი, როგორიც განათლების მუსაკები არიან, ანგარიშს არ უწევს ხელისუფლების ნება-სურვილს.

ივანიშვილი არც დავით აღმაშენებელია და არც გიორგი ბრწყინვალე. იგი, მოცემულ შემთხვევაში, არის დიდი ფულის წყარო, ვიღაც-ვიღაცეებისთვის ფინანსური დამოუკდებლობის გარანტორი. ეს კი აუცილებელი და საკმარისი პირობაა ამ ვიღაც-ვიღაცეების მიერ დამოუკიდებელი, ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი გადაწყვეტილებების მისაღებად.

+ + + 

ალბათ, ხვდებით, რატომაც დავიწყე წინამდებარე ბლოგტექსტი საჩხერული ეპიზოდის გახსენებით. ამ დღეებში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ”საყდრული მყუდროება” მოულოდნელად დაირღვა და მეხის გავარდნის ფუნქცია ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის განცხადებამ შეასრულა- ბიძინა ივანიშვილი პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებსო.

ივანიშვილი პარტიას ქმნის?

ივანიშვილი პარტიას ქმნის!

ივანიშვილი პარტიას ქმნიიიიის...

დღეს ეს ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემაა ქვეყანაში. ქართველი მონტე-კრისტოს მოულოდნელ (მოულოდნელ?) გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ, მსჯელობენ და თავს იტეხენ ყველგან, ვერა-ავლაბრის პანოპტიკუმებში, მსხვილფეხა, წვრილფეხა თუ უხელფეხო პარტიათა ოფისებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, შუკებში, ფოლორცებსა და სოფლის ორღობეებში. თუ პირველი რეაქციით ვიმსჯელებთ, ”ქართუ ჯგუფის” განცხადებამ შოკისმომგვრელი ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა ზოგიერთი, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი პოლიტიკოსის კომენტარებში.

კარგია თუ ცუდი, რომ ინკოგნიტო ცხოვრების მოყვარულმა მილიარდერმა ღიად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიური გადაწყვეტილების მიმღები და გაურკვეველ ვითარებაში აღსრულებული მისი წინამორბედი, კარგა ხანია, ”არკადიას” მყუდრო სავანეში განისვენებს.

ერთმნიშვნელოვნად ვერ გავიზიარებ ვერც იმათ სკეპტიციზმს (რომლის უკანაც ცუდად შენიღბული ბოღმა იმალება), ვინც ამტკიცებს, ბიზნესმენებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათო და ვერც იმათ ბოჩოლასებურ აღტაცებას, რომლებიც მთიდან ბარამდე გაჰყვირიან: „გვე-შვე-ლააა!“

ვერ გავიზიარებ, არა იმიტომ, რომ დანარჩენებისგან განსხვავებულისა და ორიგინალურის მტკიცების იდეა-ფიქსით ვარ შეპყრობილი. უბრალოდ, არის რამდენიმე გარემოება, რაც სიფრთხილისკენ მიბიძგებს, მით უმეტეს - ეიფორიის პირველ საათებსა და დღეებში, როდესაც ხელთ მხოლოდ ცარიელი განცხადება გვაქვს და რეალურად არ ვიცით, რა დგას მის უკან.

+ + + 

ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში საზოგადოებრივი განსჯის ზედაპირზე ყოველთვის ამოტივტივდება-ხოლმე ვერსიები, მსგავსიც, განსხვავებულიც და რადიკალურად განსხვავებულიც.

პირველ რიგში, პასუხს მოითხოვს კითხვები - რა მიზანს ემსახურება ივანიშვილის განცხადება? რატომ გავრცელდა იგი სწორედ მოცემულ მომენტში? ჰქონდა თუ არა გარკვეული წინაპირობა, თუ გადაწყვეტილება იმპულსურად იქნა მიღებული? რა პოლიტიკური რესურსის გამოყენებას აპირებს აპირებს ივანიშვილი? აქვს თუ არა მას საერთაშორისო მხარდაჭერა, ან ამის იმედი? საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სავარაუდო პოლიტიკური კარიერის მწვერვალია თუ ტრამპლინი კიდევ უფრო მაღალი, თუნდაც, არაპოლიტიკური მწვერვალის დასაპყრობად? და, საერთოდ, გააჩნია თუ არა საკუთარ პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებული მიზნები ბიძინა ივანიშვილს?

ვერსიები, ცხადია, არსებობს და ყველა მათგანს აქვს საზოგადოებრივი აზრის ზედაპირზე ტივტივის მეტნაკლებად არგუმენტირებული საფუძველი. მაგალითად:

ვერსია #1- ივანიშვილის წამოწყება ცალსახად რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. კრემლი იმედგაცრუებულია საქართველოში პრომოსკოვურად განწყობილი პოლიტსპექტრის სისუსტით და გადაწყვიტა, წვრილფეხობის შემდეგ არენაზე შემოიყვანოს მძიმედ აღჭურვილი გლადიატორი. მილიარდერი, რომელსაც რუსეთში აქვს ნაშოვნი ქონება, ლოგიკურად შეიძლება ასოცირდებოდეს ამ ქვეყნის ინტერესებთან.

ვერსია #2- ივანიშვილის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთ-ამერიკის გარიგების შედეგია, რომლებსაც, კარგა ხანია, ყელში ამოუვიდათ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი პირველი ვიოლინოს წაჯექ-უკუჯექობანი. აშშ დაჰყვა პოლიტიკურ თამაშში მოსკოვს, პოსტსააკაშვილურ საქართველოში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების გარანტიით.

ვერსია #3 - ივანიშვილის გამოჩენა სააკაშვილთან შეთანხმებული რუსული პროვოკაციაა, მისი დისკრედიტაციისა და პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში იოლად განეიტრალების მიზნით.

ვერსია #4 - ივანიშვილი სააკაშვილის გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სერიოზულად შეაშფოთა ცოტა ხნის წინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ მინდია გულუას თაოსნობით ახალი, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე. საჩხერელი მილიარდერის მეშვეობით მას სურს გულუას თემის გადაფარვა და მისი სავარაუდო ელექტორატის გადაქაჩვა სხვა მიმართულებით.

ვერსია # 5 - პირიქით, ივანიშვილის თემის გააქტიურების მიზანია ხელისუფლების ყურადღების ჩამოცილება გულუასგან, რათა ამ უკანასკნელმა მშვიდ ვითარებაში შეძლოს პარტიული სტრუქტურების ფორმირება და უკეთ მომზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ვერსია# 6 - ივანიშვილი არის სააკაშვილზე განაწყენებული პიროვნება, რომელიც სერიოზულად შეავიწროვა ხელისუფლებამ და შურისძიების მოტივით გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. ფულნაშოვი ბურჟუას კლასიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მას აღეძრა თავისი მილიარდებისა და ქველმოქმედებით მოხვეჭილი სერიოზული ავტორიტეტის რეალიზაციის სურვილი. იგი იმდენად შეპყრობილია ამ იდეით, რომ დაკარგა რეალობის შეგრძნება და გადადგა საბედისწერო ნაბიჯი.

ვერსია # 7- ივანიშვილი სამშობლოს გულმხურვალე პატრიოტია, რომელიც კარგად ხედავს, რა კატასტროფული სიჩქარით მიექანება საქართველო გილიოტინისკენ. მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არის მამულიშვილის განწირული მცდელობა, როგორმე შეაჩეროს დამღუპველი პროცესი და გათვლილია მოსახლეობის გულწრფელ მხარდაჭერაზე.

ვერსია # 8 - ივანიშვილმა ბიზნესმენის უტყუარი ალღოთი იგრძნო, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში დიდი განხეთქილება მწიფდება და გადაწყვიტა, ალიანსი შეკრას ჯერ კიდევ ჩრდილში მყოფ ანტისააკაშვილურ ფრთასთან...

არ ვიცი, რამდენად გავავარჯიშე ფანტაზია და მოიცვა თუ არა ზემოთ წარმოდგენილმა ნუსხამ ვერსიათა სავარაუდო სპექტრი, მაგარმ ამას არც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, ივანიშვილის თემა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განვითარდეს და ეს არც თუ შორეული მომავლის პერსპექტივაა.

+ + +

თითქოს, ზედმეტია, დაისვას კითხვა - რა კაპიტალით აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ბიძინა ივანიშვილი?

მე თუ მკითხავთ, თვითონ სიტყვა ”მოსვლაც” უადგილოა მოცემულ კონტექსტში. იყო რამდენიმე მილიარდად შეფასებული აქტივების მფლობელი, უშურველად აფინანსებდე სერიოზულ პროექტებს და ეწეოდე საქართველოსთვის უმაგალითო მასშტაბის ქველმოქმედებას, თავისთავად ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ივანიშვილი ვერბალურ გააქტიურებამდეც იყო ამ სამყაროს შემადგენელი, უზარმაზარი პოტენციალის მქონე ნაწილი, რაც, მნიშვნელოვანწილად, მისი ცხოვრების წესმა განაპირობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყველაზე მითოლოგიზებული პერსონა უახლესი პერიოდის საქართველოს ისტორიაში. მას არასოდეს ჭირდებოდა ორგანიზაციული ერთობის შექმნა, სიტყვიერი განცხადებები, აქციები და დემარშები. პირიქით - შეგნებულად არიდებდა თავს ზედმეტ ყურადღებას და სხვათა მხრიდან რაიმე პროვოკაციაში ჩათრევის მცდელობას (თუმცა, ბოლო ხანებში არც უამისობა იყო. მხედველობაში მაქვს ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის მიერ მაისის თვეში გავრცელებული განცხადება). ამდენად, უპრიანია, ვისაუბროთ არა მილიარდერის მოსვლაზე პოლიტიკაში, არამედ მის მიერ ერთი თვისობრივი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის შესახებ, რასაც უკვე მოჰყვა ატომური თუ არა, რამდენიმე კილოტონიანი ფუგასური ბომბის აფეთქების ეფექტი. ამან მეყსეულად მოახდინა ზემოქმედება ზედაპირსა და სიღრმეში მიმდინარე პროცესებზე. დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, ”ექვსიანის” დაშლა და მისი შემადგენელი სუბიექტების მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები უეჭველად კავშირშია გულივერის გამოჩენასთან ლილიპუტების ქვეყანაში (ივანიშვილის ფანები ნუ მიწყენენ ასეთი შედარებისთვის, რადგან პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს ლილიპუტების მიერ გოლიათის შესაძლო გათოკვის პერსპექტივა).

ბიძინა ივანიშვილს, უდავოდ, აქვს სერიოზული რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე - წმინდა ადამიანური, ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელი როლის თამაშზე, გნებავთ - პირველკაცობაზე (სააკაშვილის შემდეგ ამისი სურვილი მილიარდერს კი არა, ყველა კაკუტას და ქუჩარას რომ გაუჩნდეს, რა გასაკვირია?).

მაგრამ, არის თუ არა ზემოთ დასახელებული რესურსი საკმარისი დასახული მიზნის განსახორციელებლად? ამის მიღწევა ხომ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია?

რა ვითარებაში გააკეთა ივანიშვილმა განცხადება პარტიის შექმნის თაობაზე და, საერთოდ, როგორია პარტიული მშენებლობის პერსპექტივა/გამოცდილება პოლიტიკური ჯოჯოებით, აფთრებითა და ტურა-მგლებით დასახლებულ საქართველოში?

არ იქნება ურიგო, თუ მცირე ექსკურსს გავაკეთებთ და მიმოვიხილავთ ზოგად სურათს, რაც პარტიული სტრუქტურების ფორმირებასთან დაკავშირებით დაგროვდა ბოლო წლებში.

+ + + 

ვფიქრობ, ჩვენში პარტიული მშენებლობის კულტურა, ოფიციალურად პლურალისტული საზოგადოების უკვე ოცწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ნულოვან დონეზეა. პოლიტიკური საქმიანობის ჟინით აღტყინებული ადამიანები და ჯგუფები ვირტუალურ პოლიტსივრცეში პირად სარგებლიანობაზე დამყარებული პრინციპით გადაადგილდებიან და ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რიგით მოქალაქეებს საბოლოოდ უკლავენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნდობის ნაფლეთებს. სიტყვა "პარტია" და პარტიული საქმიანობა, კარგა ხანია, ცნობიერებაში მედროვეობის. კარიერიზმისა და უპრინციპობის სინონიმად დამკვიდრდა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი შეპყრობილია ყველაზე საშინელი სენით, რაც ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოსა და, აქედან გამომდინარე, რეალურად თავისუფალი საარჩევნო სისტემის დამკვიდრებას. ეს არის ნიჰილიზმი. არა უბრალოდ უნდობლობა ამა თუ იმ ძალის, ან პერსონის მიმართ (ყოველთვის არსებობს უნდობლობის ნდობით შეცვლის პერსპექტივა), არამედ ტოტალური ნიჰილიზმი. ობივატელური ფსიქოლოგიით, ყველა, ვინც პოლიტიკაში მიდის, მიდის საკუთარი ხეირისთვის და, სულო ცოდვილო, ცნობად პოლიტიკანთა დიდი ნაწილის შემხედვარე, ამგვარი სკეფსისი სრულიად ლოგიკურიცაა. 

რა ფაქტორები განსაზღვრავენ პოლიტიკური პარტიების სისუსტესა და პოლიტიკოსთა მიმართ ნიჰილისტურ განწყობას? შევეცდები, თეზისურდ ჩამოვაყალიბო პრობლემის არსი: 

1) ჩვენში პარტიების შექმნა იწყება უკუღმა. ჯერ იმართება პრეზენტაციები და პომპეზური ხასიათის დამფუძნებელი ყრილობა-კონფერენციები, აირჩევა მმართველი სტრუქტურები, იწყება მკერდზე მჯიღების ბაგუნი ისე, რომ არ არ ჩატარებულა სათანადო სოციოლოგიური კვლევა საზოგადოებაში ამა თუ იმ პოლიტიკური დოქტრინის ერთგული ელექტორატის არსებობის შესახებ. ე.ი. მიწოდება ხდება მოთხოვნილების წინასწარი შესწავლის გარეშე. ეს, დაახლოებით იმას ჰგავს, სივრცეში ვირტუალურად არსებულ შენობას სახურავი დაადგა, როდესაც ჯერ არც ბალავერია ჩაყრილი და არც კედლები ამოყვანილი. 

2) მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას არანაირი, უკეთეს შემთხვევაში, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმ პოლიტიკური პლატფორმების შესახებ, რასაც ფორმალურად ეფუძნება (ან, აცხადებს, რომ ეფუძნება) ესა თუ ის პარტია. ეს, შესაძლოა, არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მაგრამ პრობლემა ნამდვილადაა პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი (უფრო სწორად, გაუნათლებელი) ადამიანების ლტოლვა პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისადმი. 

3) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია იდეოლოგიური მხარდამჭერების ბაზაზე შექმნილი მობილური რეგიონული სტრუქტურები. სადაც ასეთები არსებობენ, მათი დაკომპლექტება, ძირითადად, ხდება სანაცნობო-სამეგობრო-სანათესაოს ხარჯზე. იდეოლოგიური დუღაბის გარეშე შექმნილი პარტიული რგოლები, მშრალი წყობით ამოყვანილი კედლის მსგავსად, ვერ უძლებენ საარჩევნო პროცესში განცდილ დარტყმებს და მომენტალურად იშლებიან, რის შემდეგაც მათი წევრები სხვა, უფრო მოდურ და მდიდარ პარტიებში აგრძელებენ "საქმიანობას". 

4) ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ამა თუ იმ პარტიას მხარს უჭერს გაუაზრებლად, არჩევნებიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგის ობიექტური ანალიზის გარეშე. ხშირად, ეს მხარდაჭერა ეფუძნება კონკრეტული ლიდერის, ან ე.წ. ცნობადი სახის პერსონალურ ავტორიტეტს, ვისზეც ავტომატურადაა მიბმული მისი "გუნდი". ოცწლიანმა საარჩევნო პრაქტიკამ ცხადყო, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ამგვარ "პოლიტიკურ ელმავლებს" ხელისუფლებაში მოჰყავს საეჭვო ღირსების მქონე კარიერისტთა დასი, რაც, ზოგადად, განაპირობებს საზოგადოების უნდობლობას პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობის მიმართ; 

5) ქართული პოლიტიკური სპექტრი გაჯერებულია ე.წ. "პოლიტკალიებით", რომლებსაც არავითარი პრინციპი არ გააჩნიათ პიროვნული სარგებლიანობის გარდა და ხელთათმანივით იცვლიან პარტიულ ორიენტაციას... მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ერთი ტიპის პარტიებში მოგზაურობენ ( მაგალითად, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი) და ისეთებიც, რომლებიც უკიდურესი მემარჯვენეობიდან უკიდურეს მემარცხენეობაში გადაბარგდნენ (ასეთი პოლიტტურისტის კლასიკური მაგალითია ყოფილი ეროვნულ-დემოკრატი, მოქკავშირელი, სახალხო-დემოკრატი, ამღორძინებელი და ამჟამად ლეიბორისტი ნესტან კირთაძე). აღნიშნული გარემოება, ასევე, იწვევს ნიჰილიზმსა და უნდობლობას მოსახლეობაში და ამკვიდრებს ინდიფერენტულ განწყობას არჩევნების მიმათ; 

6) პარტიების უმრავლესობა არ ზრუნავს მისივე პარტიული აქტივის პოლიტიკური განათლების დონის ასამაღლებლად. მათ არ გააჩნიათ საამისო სურვილი და საჭირო ფინანსური შესაძლებლობა; 

7) პარტიულ ცხოვრებაში ფართოდ დამკვიდრდა ისეთი მახინჯი მოვლენა, როგორიცაა უზნეო გარიგებანი მმართველ ძალასა და ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. არცთუ იშვიათია ხელისუფლების მიერ საკუთარი დაფინანსებით მართვადი, ჯიბის ოპოზიციური პარტიების შექმნის ფაქტები; 

8) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ხედვა და საქმიანობის პერსპექტიული გეგმა. ისინი მოქმედებენ სიტუაციურად და სპონტანურად, რის გამოც ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ ძალად; 

9) პარტიებს შორის ურთიერთობის კულტურა, პოლიტიკური მიზნებისა და იდეოლოგიური ხედვის დროებითი თანხვედრის შემთხვევაშიც კი, შორს დგას ცივილიზებული სტანდარტებისაგან (ამის კლასიკური ნიმუშია ირაკლი ალასანიასა და რესპუბლიკელ-მემარჯვენეთა ერთი წლის წინანდელი ალიანსი და ის აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ალიანსის ლიდერის მისვლას ჭადრაკის სასახლეში გამართულ ფორუმზე); 

10) იშვიათი გამონაკლისის გარდა (მაგ.რესპუბლიკელები) პარტიებში, პრაქტიკულად არ ხდება ხელმძღვანელი ბირთვის როტაცია და ლიდერები პოსტებს ინარჩუნებენ არჩევნებში ნაჩვენები კატასტროფულად დაბალი შედეგის მიუხედავადაც კი; 

11) პარტიების უმრავლესობას არ გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსები, რის გამოც მოკლებული არიან საკუთარი სტრუქტურების მშენებლობისა და სრულყოფის შესაძლებლობას; 

12) იდეოლოგიურად მსგავს, მაგრამ მინიატურულ და არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური პერსპექტივის მქონე პარტიულ ჯგუფებში, პრაქტიკულად, არ შეიმჩნევა დაახლოება-გაერთიანებისა და შედარებით მობილურ ძალად ქცევის ტენდენცია (მაგ. არსებობას დღემდე ფორმალურად ინარჩუნებენ ოცი წლის წინანდელ მმართველ ბლოკში -"მრგვალი მაგიდა" - შემავალი ჯგუფები, ჰელსინკის კავშირი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, კოსტავას საზოგადოება და ა.შ.). ლიდერებისადმი გარკვეული პატივისცემის მიუხედავად, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ დამოუკიდებელ არსებობას, მაგალითად ”კონსერვატორები”, ”ხალხის პარტია”, ”საქართველოს გზა”, ”ტრადიციონალისტები”, ”ქალთა პარტია”... აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების მიერ სრულად პრივატიზებულ ისეთ მარგინალურ გაერთიანებებზე, როგორებიცაა ”ედპ”, ”ჩვენ თვითონ”, თორთლაძის მარგინალური ფარა და კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი პარტუკანა.

+ + +

ზემოთქმულის ფონზე კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილს და მისი სახელით დაანონსებულ ინფორმაციას პარტიის შექმნის თაობაზე.

ვინც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს იცნობს, მისი ბიოგრაფიის შესახებ წაუკითხავს ან სმენია, ცხადია, იფიქრებს, რომ ეს ადამიანი ჰაიჰარად არც სიტყვებს ისვრის და არც საქმეს უდგება. ეს ლოგიკურიცაა. ცხონებული დუმბაძის არ იყოს, სხვაგვარად თუთუნს მანდარინა არ ისხამს და არც მილიარდები ცვივა ციდან. საზოგადოება ელის, რომ მსხვილი ბიზნესის მართვაში დახელოვნებული, რაციონალურად მოაზროვნე და პრაგმატისტი ივანიშვილი ასეთ სერიოზულ ნაბიჯს ტყუილად არ გადადგამდა და განცხადების გაკეთებას წინ უძღოდა გარკვეული მოლაპარაკება-შეთანხმებანი როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

თუმცა, გარკვეული საფუძველი სკეპსისისთვისაც არსებობს. ბადრი პატარკაციშვილს გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობანი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს, მაგრამ, როგორც ვნახეთ, პოლიტიკაში სულაც ვერ გამოიჩინა ისეთი ფხა, როგორც ბიზნესში. სადაა გარანტია, რომ ეს უკანასკნელიც იმავე ტიპის შეცდომას არ გაიმეორებს, მით უმეტეს, მისი განცხადება, 2008 წლისგან განსხვავებით, სახალხო უკმაყოფილების პერიგეას დაემთხვა. 

ცხადია, მე არ ვფლობ დახურულ ინფორმაციას ივანიშვილის მიერ ღია განცხადებამდე წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთი რამ არც ყოფილა. რომ მომხდარიყო, საზოგადოება აუცილებლად იქნებოდა საქმის კურსში, განსაკუთრებით - მედია, რომელიც მაძებრის გეშით წინასწარ ყნოსავს ხოლმე კულუარულ შეხვედრებს. დღევანდელ საქართველოში ოფიციალური სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებაა ძნელი, თორემ, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად ღია და გამჭვირვალე საზოგადოება გვაქვს. უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება, როგორ იქცევა ხოლმე რეალობად თუნდაც ყვითელ, ბულვარულ პრესაში რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ცნობები საკადრო გადაადგილებისა და პარტიული ინტრიგების შესახებ. ქვეყანაში, სადაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თქმის არ იყოს, ყრმა დედას ვერ აუტირდება ვანოს მსტოვრების შეუტყობლად, ასეთი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ამბავი არ დაიმალებოდა და გახმიანდებოდა. რაკი არ გახმიანებულა, ესე იგი, არც ყოფილა და უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი მოთელვის გარეშე შემოვიდა პოლიტიკურ არენაზე. ასეთი ქმედება კი ხშირად მყესების დაჭიმვით, ან გაცილებით სერიოზული ტრავმით მთავრდება ხოლმე.

ბიზნესის დაუწერელი კანონია - პროდუქციის წარმოებამდე მეწარმე ატარებს წინასწარ მარკეტინგულ კვლევას, სწავლობს ბაზარს, მოქმედ კონკურენტებს, მოთხოვნა-მიწოდების რეგულაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ვის ვის და მილიარდერ ბიზნესმენს ეს სხვისგან ნამდვილად არ ესწავლება. თუ ვიხელმძღვანელებთ მოარული სენტენციით, რომ პოლიტიკაც ბიზნესია, ოღონდ - გაცილებით რთული, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ ივანიშვილმა უკვე ჩაატარა მარკეტინგული კვლევა. ყოველ შემთხვევაში, რაკი მან საკუთარი ბრენდი შემოგვთავაზა, ალბათ, თვლის, რომ პროდუქციას გასავალი ექნება. 

ამ თვალსაზრისით, ორ გარემოებაზე მინდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება. ნებისმიერ პიროვნებას, ვინც პარტიის შექმნის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში, საქმე აქვს ორი კატეგორიის ადამიანებთან. პირველ რიგში, ვგულისხმობ მის გუნდს, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული გამოთქმა რომ მოვიშველიოთ - პარტიულ ფეისებს, შემდეგ კი ელექტორატს - მათ, ვინც არჩევნებზე უნდა გამოხატოს მხარდაჭერა შეთავაზებული პროგრამის მიმართ. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოში ადამიანური რესურსი საკმაოდ მწირია. ნათელ და სუფთა პერსონებს რომ დავანებოთ თავი, უბრალოდ, პოლიტიკაში გამოსადეგი ადამიანების რაოდენობაც კი შეზღუდულია და ვინცაა, ისინიც კარგა ხანია, გადანაწილებული არიან საძმაკაცო-სამეგობროს ნიშნით შექმნილ პარტიებში. მათ შორის, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვინც მყარად დგას პლატფორმაზე და ცხვირსახოცივით არ იცვლის პოზიციას, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. 

პოლიტიკაში ჩართულთა დიდი ნაწილი საერთოდ ვერ გრძნობს ლანჩებზე ხახუნის ძალის ზემოქმედებას და თავისუფალ რეჟიმში დასრიალებს სივრცეში. ეს ზნეობრივი პრინციპისა და კრიტერიუმებისგან დაცლილი ადამიანები სხვაზე ადრე გრძნობენ ქონიანი დუმის ოხშივარს და მის შესაბამისად იცვლიან ორიენტაციას. ამგვარი პოლიტტურიზმის რამდენიმე მაგალითი ზემოთ უკვე დავასახელე. ნათქვამიდან გამომდინარე, ივანიშვილი უეჭველად დადგება პარტიული რესურსების დეფიციტის წინაშე. ვინც მასთან მოისურვებს მისვლას, მათზე დაყრდობა წასაგებად წინასწარ განწირულ ომში შესვლას ნიშნავს. სხვათა შორის, მხოლოდ პოლიტიკანებს არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, ივანიშვილის მსგავსი პოლიტიკური ამბიციების (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) მქონე პიროვნებას გასტროლიორებზე არანაკლები, შესაძლოა მეტიც, საფრთხე ე.წ. ჩინიანი ინტელიგენციისგან მოელის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებამ კარგა ხანია ჩარეცხილებად გამოაცხადა და რომელთა ყველაზე ცნობადი წარმომადგენლები, ბოლო წლებია, მილიარდერის ”კარმუშკაზე” იმყოფებიან. 

„საფრთხეში“ არ ვგულისხმობ მიზანმიმართულ სარმას, ან გადამწყვეტ მომენტში განზე გადგომას. პირიქით, ზოგიერთების თანადგომა (ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გიგა ლორთქიფანიზე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ა.შ. ) შეიძლება ზურგში მახვილის ჩარტყმაზე უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. მასას ყელში აქვს ამოსული ცხრა მთავრობის სამსახურში გაცვეთილი და უახლოეს წარსულში სამარცხვინო მოქალაქეობრივი პოზიციით სახელგაბახებული ”წითლები”. მათ, ფაქტობრივად, აღარაფერი შერჩათ, ოდესღაც ხმაურიანი სახელის გარდა, რომელიც უკვე აღარავითარ პოლიტიკურ რესურსს აღარ წარმოადგენს, რეალურად კი - კისერზე მობმული ბალასტია, რომელსაც შეუძლია ისეთი კრეისერიც კი დაძიროს, როგორიც ივანიშვილია. 

ივანიშვილს ჰაერივით სჭირდება ახალი სახეები, ისეთები, ვისთვისაც ხალხს თვალი არ აქვს შეჩვეული ტელეეკრანიდან, არასოდეს უნახავს ტრიბუნაზე ყელმოღერებული, ვინც აქამდე პატიოსნად სჯერდებოდა რიგითი მოქალაქის როლს, იმის მიუხედავად, რომ კარგად გრძნობდა საკუთარ აღმატებულობას მიკროფონის რაინდებთან მიმართებით. ასეთი - დღემდე უჩინარი, შინაგანად აქტიური და მდიდარი შესაძლებლობების მქონე ადამიანები, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან. ფაქტობრივად, ესაა დაკონსერვებული მადანი, რომლისთვისაც აქამდე ზემოდან წაყრილი ჰუმუსური ფენა არ გადაუცლია არცერთ პოლიტიკურ ძალას და ვის მიმართ დამოკიდებულებაც მხოლოდ სამომხმარებლო ხასიათს ატარებდა. 

არ ვიცი, ადამიანთა რა კატეგორიაზე ექნება გათვლა ივანიშვილს, როდესაც საკუთარი გუნდის ფორმირებას დაიწყებს. არადა, მობილური გუნდი მას ჟანგბადივით სჭირდება. სჭირდება ერთგული, სანდო ადამიანები, რაიონულ ორგანიზაციათა მომავალი ლიდერები, მათ ირგვლივ შემოკრებილი ბირთვი, მოსახლეობასთან პარტიული მუშაობის უნარის მქონე აქტივისტები, მოხალისეები... თუ ის ამ ამოცანის გადაჭრას შეძლებს, დაგვიანების, ცაიტნოტური რეჟიმისა და სახელისუფლებო წნეხის მიუხედავად მაინც მიაღწევს სერიოზულ შედეგს. თუ არა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ძველ სპექტაკლს ახალი დეკორაციითა და მსახიობების მონაწილეობით.

ახალი გუნდის შექმნა პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება ეფექტიანად იყენებს ტოტალური თვალთვალისა და დაშინების მექანიზმს, იოლი საქმე არაა. დღევანდლამდე უცნობი პერსონებისგან ბირთვის ჩამოყალიბების დროს დიდია მასში სპეცსამსახურების მიერ დივერსიული მიზნით საკუთარი აგენტურის შეგზავნის საფრთხე. ამის ცოცხალი მაგალითი იყო პატარკაციშვილის შტაბი, რომელიც სავსე გახლდათ ძველი და ახალი თაობის ”შპიკებით”და რამაც განაპირობა ინფორმაციის დაუბრკოლებელი გადინება მოწინააღმდეგე ბანაკში (გავიხსენოთ კოდუასთან ლონდონში გამართული შეხვედრის ჩანაწერის ისტორია). ამგვარი საფრთხისგან არცერთი პოლიტიკური ძალა არაა დაზღვეული, არც ძველი და არც ახალი, არათუ საქართველოში, ბევრად უფრო განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი. ამდენად, ტრაგედიის შექმნა არ ღირს, მით უმეტეს, თვითონ ივანიშვილი, როგორც ამბობენ, უახლოესი გარემოცვის შერჩევის საქმეში პედანტურად ფრთხილი და სკრუპულოზური ადამიანია. ყველა მსხვილი ფინანსური მაგნატის მსგავსად, იგი ეჭვით უყურებს ყველას და ყველაფერს და, ნდობასთან ერთად, დაუნდობელი ანგარიშსწორებაც შეუძლია. არ დავასახელებ უახლოეს წარსულში ცნობილი ერთი მაღალჩინოსნის გვარს (მან შარშანდელ არჩევნებშიც სცადა გააქტიურება, მაგრამ კომიკური შედეგი აჩვენა), რომელიც ივანიშვილის კომპანიაში მუშაობდა და მილიარდერის გამორჩეული ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ფინანსური მაქინაციების გამო მერე ციხეში ამოაყოფინა თავი.

რაც შეეხება ელექტორატს, მილიარდერის მითოლოგიზებული პერსონა, მის მიერ გასულ წლებში საქველმოქმედო მიზნით დახარჯული მილიონები და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი საკმარისი ფაქტორია ფართო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილს აქვს ყველა შესაძლებლობა, აამოძრაოს არჩევნების მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი, ჭაობის ფსიქოლოგიის მქონე მასა, რომელიც, მინიმალური გათვლით, ელექტორატის 55-60%-ს შეადგენს. რაც უნდა ეფექტური იყოს ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიციური რეჟიმი, მას არ გააჩნია ასეთი რაოდენობის ადამიანთა დაშინებისა და გაკონტროლების ფიზიკური შესაძლებლობა. ეს ყველაზე კარგად თვითონ ხელისუფლებას ესმის და სწორედ ამიტომაა მისი წარმომადგენლების რეაქცია უჩვეულოდ ისტერიული. ყველაფრიდან იგრძნობა - ივანიშვილის განცხადება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მგლებმა გუმანით იგრძნეს, რომ ტრამალის მათ მიერ კონტროლირებად ზონას სხვა მგელი მოადგა, გაცილებით ღონიერი და დიდი შესაძლებლობების მქონე. მგლების ხმამაღალი ყმუილი გაისმის დღეს საქართველოში...

ივანიშვილთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ერთი რისკ-ფაქტორიც. ეს კაცი, რამდენადაც გულუხვი და ხელგაშლილია, იმდენად - მომჭირნე და ხელმოჭერილიც, მით უმეტეს, თუ ფულის დახარჯვის შემდეგ რეალური შედეგის მიღების პერსპექტივას ვერ ხედავს. ერთი სიტყვით, მისგან ყველა ელის სახრავს, მაგრამ უარის მიღების შემთხვევაში ეს ადამიანები იქცევიან დაუძინებელ მტრებად. ეს მომენტი ყველაზე კარგად პოლიტოლოგმა გ. ხუხაშვილმა გამოკვეთა. ნათქვამის ნათელი დადასტურებაა ლეიბორისტების ლიდერის მიერ ატეხილი კამპანია ივანიშვილის მიერ მოქმედი რეჟიმისთვის ყოველწლიურად, თითქოსდა, 150 მილიონის გადახდის თაობაზე. რეალურად, ყველამ იცის, სადაცაა ძაღლის თავი დამარხული. ჩიტირეკია ნათელაშვილმა სწორედ სახრავის გამორჩენის იმედით დაასახელა ივანიშვილი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავის მომავალ პრემიერ-მინისტრად და როცა ამ უკანასკნელმა სრულიად კანონზომიერი დუმილით აუარა გვერდი არასერიოზულ შეთავაზებას, მერე დაუძინებელ მტრად გადაეკიდა. მსგავსი ისტორიები შეიძლება კიდევ განმეორდეს და ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ფიქრი იმაზე, როგორ აიცილოს თავიდან უარის თქმით განაწყენებული პოლიტიკოსებისა და ცნობილი ”ფეისების” მტრად მოკიდება. 

უდავოდ პოზიტიურთან ერთად, ივანიშვილის გააქტიურებას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ნეგატიური შედეგიც. ბოლო პერიოდში ხელისუფლების ზედა ეშელონებში მიკროსკოპის გარეშეც შეინიშნებოდა გარკვეული გადაადგილების, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციისა და პოსტსააკაშვილურ ეპოქაში გაბატონებაზე ფიქრის ტენდენციები. ობიექტურად, ესაა ფაქტორი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მმართველი გუნდის დასუსტებას და ოპოზიციის მიერ არჩევნებში წარმატების მიღწევას. სავარაუდოდ, რღვევის ეს მკრთალად გამოკვეთილი ნიშნები შეწყდება და ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე (ჯერჯერობით, არც მთლად საჩინო, მაგრამ რეალურად მზარდი) აიძულებს სამთავრობო ვირთხებს, დროებით გვერდზე გადადონ 2013-ზე ფიქრი. ამისათვის ჯერ 2012-ის ბარიერია გადასალახი, რომლის თამასამაც, თამაშში ივანიშვილის ჩართვის შემდეგ, მაღლა აიწია და უკვე არც ისე იოლი დასაძლევი ჩანს, ვიდრე, თუნდაც, რამდენიმე დღის წინ.

ყველა ვარიანტში, რუბიკონი გადალახულია და კეისარი რომისაკენ დაიძრა. იმ დიდი კეისრისგან განსხვავებით, ივანიშვილის ლეგიონები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. იგი გზადაგზა უნდა შეივსოს და აღიჭურვოს, მოიმარაგოს წყალი და პროვიანტი. ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპისაკენ მიმავალ გზაზე შესაძლო ტრიუმფატორს ხელისუფლებაზე ნაკლებ დარტყმებს ფლანგებზე, ბუჩქებში ჩასაფრებული ”პარტნიორები” როდი მიაყენებენ. მღელვარე და საინტერესო პროცესი გვიახლოვდება, ბატონებო. არ ვიცი, როგორ დასრულდება იგი, მაგრამ დამყაყებული ჭაობის უძრაობას რომ ჯობია, წყალი არ გაუვა.