დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა! (დავით აღმაშენებლის ზნეობრივ ესთეტიკური ფენომენი)

დიდი სახელითა და უდიდესი საქმითა! (დავით აღმაშენებლის ზნეობრივ ესთეტიკური ფენომენი)

დავით აღმაშენებელი...

ვინ მოთვლის, რამდენ მწერალსა და მწერლუკას წაუმახავს კალამი მისი გმირულ-მოწამეობრივი ცხოვრების აღსაწერად, რამდენ რიტორსა და მჭევრმეტყველს განუხვამს თვისი ბაგენი გოლიათი ბაგრატოვანის სახოტბოდ, მაგრამ სრულად და ამომწურავად მისი ფენომენის გაშიფრვა ჯერაც ვერავინ შეძლო. ამ სიტყვებს ქართული ინტელექტუალური ფენომენის სიჩუკნის დასტურად ნურავინ ჩამითვლის. პირიქით, იგი დასტურია იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ოდითგან დაუვანებია მოკვდავთა შეგნებისთვის ძნელად აღსაქმელ სულიერ ენერგიას, რომლის პერიოდული ამოხეთქვა ახალ, მძლავრ იმპულსს ანიჭებდა გარემოებათა ზემოქმედებით ნიშატჩაშრეტილ ქართულ გენს, არ აძლევდა მას მოდუნებისა და მუხლის ჩახრის შესაძლებლობას.

დავით აღმაშენებელი იყო და გარდასახვიდან ცხრა საუკუნის შემდეგაც არის ის უებრო მკურნალი, ვინც უაღრესად გამახვილებული შეგრძნებით აღიქვამდა თავისი ერის მაჯისცემას და უშეცდომოდ განსაზღვრავდა დიაგნოზს. იგი არ იყო მხოლოდ დიდი მეფე (დიდი მეფენი სხვაც გვყოლია) ან მხოლოდ დიდი ქართველი (ასეთებიც მრავლად გვყავდნენ). იგი იყო განუმეორებელი მოვლენა ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ისტორიაში, რომელიც შორს გასცდა იმეპოქინდელი საზოგადოებრივი აზრისა და ფანტაზიის მიერ მოხილულ სამანებს და ეს განუმეორებლობა (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს) ესაძირკვლებოდა ორი აბსოლუტურად საპირისპირო ცნების - იღბლიანობისა და უიღბლობის არამიწიერ სინთეზს...

დავით აღმაშენებელი იყო ყველაზე იღბლიანი ქართველი ყველა დროის ქართველთა შორის და იმავდროულად იყო ყველაზე უიღბლოც.

დაიბადა საქართველოში (კავკასიაში)...
იყო მეფე ქართველთა (კავკასიელთა)...
ემსახურებოდა ქართულ საქმეს (კავკასიურს)...
დაღვარა სისხლი ქართული (კავკასიური)...
მიაღწია ქართული სახელმწიფოს არნახულ აღმავლობას (კავკასიურის)...
მრავალგზის გაიკილა მიერ ქართველთა (კავკასიელთა)...
დაიმარხა ქართულ სავანეში!
გულზე დაეყარა ქართული მიწა!
მის საფლავზე დღესაც ლოცულობს ქართველი!

იყო ერთდროულად ყველაზე მძვინვარე ნაციონალისტი და ყველაზე გონიერი კოსმოპოლიტი.

მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე იარა და ერთხელაც არ გაცუდებია ნაბიჯი.

მისი გოროზი მზერა წვდებოდა ჩრდილოეთით რუსეთს (ვიდრე ბნელეთამდე) და სამხრეთით - სრულიად წინააზიეთს.

და, მიუხედავად ყოველივე ამისა, დარჩა ვიწრო, ჩაკეტილი გეოპოლიტიკური და ეთნოკულტურული სამყაროს მოღვაწედ.

თითქოსდა, წინასწარ გრძნობდა ამ საშიშროებას დავითის ანონიმი მემატიანე, როდესაც ნაღვლიანად წერდა ალექსანდრეთა შორის უდიადესის მიმართ ნათქვამ სიტყვებს: “არა დიდ იყავ აქილევი, არამდ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს” და იქვე დასძენდა, უკვე საკუთარ მოსაზრებას: ”ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა, და მაშინღამცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა”.

ახდა მემატიანის სიტყვები - ბოთლში გამოკეტილი ზღაპრული, კეთილი ჯინის მსგავსად დავით აღმაშენებელი მაინც მცირერიცხოვანი ერის დიდ მოღვაწედ შემორჩა ისტორიის მეხსიერებას.

იოანე პრესვიტერად მისი მიჩნევა სრულიად საამსოფლიო ასპარეზზე გაჭრის ლოკალურ (წინა აზიის მასშტაბით), ჯერაც საბოლოოდ დაუდასტურებულ პრეცედენტს წარმოადგენს, მაგრამ, ამის მიუხედავად, დავითის სახელის ბრწყინვალება არასოდეს გახუნებულა. დავითი ისეთი მნათობია, რომლის ელვარებას დროთა მდინარებამ ჩრდილი ვერ მიაყენა. პირიქით, ყოველ მომდევნო საუკუნეში იგი ახალი, ცხოველმოსილი შუქით ანათებდა საავდრო ღრუბლებით ჩამოგრაგნილ სამშობლოს ზეცას. ჩვენი ქვეყნის უახლესმა ისტორიამ კი საბოლოოდ და ცალსახად დაგვარწმუნა, რომ დავითის სახით საქართველოს გააჩნია გარეგნულად მოკვდავის სახეში პერსონიფიცირებული მეოთხე, მარადიული იპოსტასი მისი უკვდავებისა და განახლებისა. სახარების მცნება, ”ვეფხისტყაოსნის” სიბრძნე და ”ქართლის ცხოვრების” სიდიადე საოცარი ჰარმონიულობით შეზავდა და განივთდა ამ ერთ პიროვნებაში, რომელიც საკუთარი ხალხისათვის თავადვე იქცა ლეგენდად და ისტორიის წყვდიადით მოსილ მღელვარე ოკეანეში აციმციმებულ იმედის შუქურად.

ერი, თუნდაც ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ დავითისა და დავითიანელობისკენ მიმავალ ნარეკლიან გზას ადგას, გარემოებათა შედეგად შეიძლება აღიგავოს კიდეც პირისაგან მიწისა, მაგრამ ერი, რომელმაც უკვე მიღწია ამ მიჯნას (სულიერ-ზნეობრივი და მატერიალურ-პრაგმატული იდეების მაქსიმალურ ჰარმონიას), უკვდავია. მას თავად ბედისწერამ და არსთაგამრიგემ მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა დედამიწური ცივილიზაციის ნისლოვან სამყაროში. ფეხმძიმე ოლიმპიადას მსგავსად იგი მეხსიერებაში ატარებს ცეცხლოვან მოგონებას სახელოვან შვილზე და ეს ხსოვნა გარეგნულად კვლავ და კვლავ დავითიანიზმისკენ სწრაფვაში გამოიხატება.

ერთ-ერთი ქართული ხელნაწერის არშიაზე ასეთ სიტყვებს ვხვდებით: ”უფალო, დაიფარე მკლავითა შენითა მაღლითა მეფე დავით, მხოლოდ მამისა უმამოისა მამა”. როგორც ვხედავთ, მადლიერი თანამედროვე ჯერ კიდევ ახალგაზრდა (იგი ხომ 52 წლისა გარდაისახა) მეფეს მამობით მოიხსენიებს, რითაც უაღრეს მოწიწებას გამოხატავს მისი პერსონის მიმართ. რას ნიშნავს ეს? როგორ გავიგოთ მინაწერის ავტორის სიტყვები? ჩვენ, 21-ე საუკუნის ქართველებს ისტორიის გამოცდილება სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც ეროვნული სახელმწიფოებრიობის მესაფლავეს შევბღაოდით - ”მამავ, დიადო” და მაოხრებელი გზირის მსგავსად დღესაც ვზღავთ მისი ქართული წარმოშობის გამო. რაიმე მსგავს მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე წინაპრის შემთხვევაში? ანდა, რა მოხდა ასეთი, რამ აიძულა სხვა შემთხვევებში საკუთარი თავისადმი კრიტიკულად განწყობილი ”კალამბრგვნილი” მეისტორიე, აღმაშენებლის გამეფების აღწერისას მისთვის ესოდენ უჩვეულო სიტყვაკეკლუცობას რომ მიმართა და ქვეყნიერებას მესსიის მოვლენასავით ამცნო - ”ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგმამან დავით, ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეთურამეტან შვილმან ამის დავითისამან, დავით”.

მემატიანე წყვდიადში მზის აღმოცისკრებას ადარებს დავითის გამეფებას. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ამაში არაფერია უცნაური და ხაზგასმით აღსანიშნავი, რადგან ზემოთ დამოწმებული სტრიქონების ავტორი მეფის კარის ისტორიკოსი იყო, მისი აპოლოგეტი, სოციალურ დაკვეთას ასრულებდა და რა გასაკვირია, თუ პატრონის საამებლად დითირამბების მთელი არსენალი გამოიყენა. არა, ეს ასე სულაც არ გახლავთ! მართალია, მემატიანე აღფრთოვანებული იყო დავით აღმაშენებლის ბუმბერაზი პიროვნებით (იმდენად აღფრთოვანებული, რომ მამამისის, მეფეთა მეფე გიორგის არსებობა საერთოდ ”გადაავიწყდა”), მაგრამ, იმავე დროს, იგი უაღრესად დიდ მოთხოვნებს უყენებდა ღვთივგვირგვინოსან მონარქს. გავიხსენოთ მისივე სიტყვები: ”ვითარ ვინ აღრაცხნეს რაოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი, კლდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა განწესებანიმ საერონი შიშნი, სახელოთა და საბჭოთა ჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთნანი, მსახურებელთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი”... ცხადია, როცა ამ სტრიქონების ავტორი რომელიმე მეფის აღტაძრებას უკუნში მზის გაჩენას ადარებს, მართლაც იშვიათ ფენომენთან უნდა გვქონდეს საქმე.

აპრიორულად შეიძლება დავუშვათ - პირუთვნელი მემატიანის ამგვარი შეფასება შეიძლება დაემსახურებინა მხოლოდ ისეთ მოღვაწეს, ვინც მთლიანად (ან - თითქმის მთლიანად) მოახერხა მიწიერი კომპლექსებით დამძიმებულ სხეულში პირივნული და საზოგადოებრივი იდეალების ჰარმონიულად შერწყმა და ყოველივე ამის საფუძველზე ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი შედეგის მიღწევა. უეჭველია, დავითის სახით საქმე გვაქვს უაღრესად რთულ პიროვნებასთან, ვისი მრავალასპექტოვანი საქმიანობაც ნაკლებად თავსდება საყოველთაოდ ცნობილ სტერეოტიპებში. იგი არ შეიძლება ყოფილიყო აბსოლუტურად კეთილი, რადგან თავად ეპოქის შინაარსი გამორიცხავდა მხოლოდ სახარების პრინციპებით რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან, იგი არ შეიძლება ყოფილიყო ბოროტი. იგივე ეპოქა თავისი ბობოქარი ვნებებით წარმოუდგენელი იყო კეთილი საწყისის გარეშე. კაცი, რომელსაც შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა, შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ისეთი, როგორც მისი ერი - კეთილიც და ბოროტიც, შემწყალეც და შეუბრალებელიც, მიმტევებელიც და შურისმაძიებელიც, ნათელმხილველიც და მზერადახშულიც, მაგრამ, პრინციპში, ზნეობრივი, არსით ჰუმანური და პროგრესული. ყოველივე ამას, პირობით, შეიძლება დავითიანიზმი ვუწოდოთ, თუმცა იგი, როგორც ფსიქოფიზიკური ფენომენი, აღმაშენებლამდეც იყო ცნობილი. დავითიანიზმი პრინციპულად განსხვავდება მაკიაველიზმისგან, რადგან იგი არის არა დაბრკოლებათა გადალახვის თვითმიზანი, არამედ პიროვნების, ერის წინამძღოლის ბუნებითი მდგომარეობისა და შინაგანი სამყაროს თავისთავადი, ძალდაუტანებელი ფიქსაცია, ერისკაცობის ღვთივდადგენილი წესი...

დავით აღმაშენებლის მონუმენტურ ფიგურას საძირკვლად ედო სიკეთე, მხოლოდ არა სიკეთე- თვითმიზანი, არამედ სიკეთე, როგორც ხორციელად გათავისებული გარდუვალობა, ცხოვრების პრინციპად ჩამოყალიბებული ფატალიზმი. დიდი ბაგრატოვანისთვის სიკეთის ქმნა იყო ბედისწერა, თითქოსდა ელინური მოირების მიერ წინასწარ მორკალული სასიცოცხლო სივრცე, რომლის შიგნითაც მიმოიქცეოდა მისი დაუოკებელი მიწიერი ენერგია და რომელიც განსაზღვრავდა მისი ყველა პრაქტიკული ნაბიჯის მიზანდასახულებას, თუნდაც მას ზღვა სისხლის დაღვრა მოჰყოლოდა შედეგად. დავითისეული სიკეთე სწორედ შედეგის პერმანენტულობაში მდგომარეობდა და არა მისი მისი ერთჯერადი გამოვლინების მეყსეულ ეფექტში. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება მისი პიროვნების, ერთი შეხედვით, ძნელად გასაგები დუალისტური ბუნება, ერთის მხრივ - მრისხანე, სისხლისმღვრელი მონარქი და მეორე მხრივ - საოცრად გულჩვილი პიროვნება, ვისთვისაც უცხო არასოდეს ყოფილა არაფერი ადამიანური...

პრაქტიკულ ურთიერთობაში დავითის სიკეთე ყველაზე რელიეფურად უბრალო ხალხთან ურთიერთობაში იჩენდა თავს. სახელმწიფოებრივი საქმეებით უაღრესად დატვირთული მეფე მაინც ახერხებდა თავისუფალი დროის გამონახვას, რათა უფრო ახლოს მისულიყო დაბალი სოციალური ფენების ყოველდღიურობასთან, გაეთავისებინა მათი ყოფის სიხარული და სიდუხჭირე. დავითს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იგი პატარა ქვეყნის მმართველი იყო, ჭეშმარიტად ”ღატაკთა და უპოვართა მეფე” და დიადი სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული მისი მიზანი განუხორციელებელ ქიმერად დარჩებოდა სწორედ უპოვართა წიაღიდან ამოტუმბული სასიცოცხლო ენერგიის გარეშე. ამიტომ ესწრაფვოდა მეფე ბაგრატოვანთა დიდებული პალატებიდან ღარიბ-ღატაკთა უსარკმელო, ჩაბნელებული ჯარგვალებისკენ, ამიტომ ანაცვალებდა ძოწეულსა და ოქსინოს უხეშად ნაქსოვ ჯვალოს ჯუბაჩას. 

მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს მეფის განსაკუთრებულ მიდრეკილებას საბოძვარის გაცემისადმი. მას ერთი პატარა ქისაკი ჰქონია (”კისაკი მცირე”), რომელსაც ”აღავსნის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თვისთა ხელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა”. კარგად დავაკვირდეთ მემატიანეს ბოლო სიტყვებს. იგი, როგორც მეფესთან ახლოს მდგომი პიროვნება, კარგად იყო ჩახედული მისი ხასიათის უღრმეს ლაბირინთებში. ქისა ცარიელი მოჰქონდა ”მხიარულსა სულითა და პირითა”-ო, აღნიშნავს იგი, რითაც საცნაურყოფს დავითისეული ქველმოქმედების უანგარობას - იმას, რომ საბოძვარის გაცემა მეფეს ანიჭებდა აბსოლუტურ შინაგან კმაყოფილებას და ეს განცდა მხოლოდ მომღიმარი ფიზიონომიით როდი გამოიხატებოდა, არამედ შეუიარაღებელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევი სულიერი განწყობილებით. თუ ისეთი დღე გამოერეოდა, როცა ღატაკს ვერსად გადაეყრებოდა და ქისა კვლავ სავსე მოჰქონდა უკან, მეფის გული ჭმუნვით ივსებოდა და იტყოდა - ”დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათა”-ო. 

აქ კარგად იკვეთება სახარების პრინციპებისადმი უაღრესად ერთგული ადამიანის პორტრეტი, რომელიც ქრისტეს მცნების თუნდაც უნებურ აღუსრულებლობას საკუთარი ცოდვილი ბუნებით ხსნის და არ ეძებს ამის მიზეზს სადღაც გარე სამყაროში, საკუთარი ”მე”-სგან დაშორებით. არანაკლებ საინტერესოა მემატიანის ხაზგასმული მითითება იმის თაობაზე, რომ დავითი უპოვართა განსაკითხავად მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემდა - ”და ამას არა თუ ხელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლითა, არამედ ხელითა თვისითა ნადირებულისა”. საკუთარი ოფლით მოპოვებულის გაცემა ფსიქოლოგიურად სულ სხვაგვარი ეფექტის მომტანია, ვიდრე სხვისგან (”ხელოსანთაგან”) მორთმეულისა, მით უმეტეს-- სხვისთვის წართმეულისა. იგი იწვევს უანგარობით გამოწვეულ მაქსიმალურ სიმშვიდეს სამშვინველისა და ბოლომდე გახარჯვით აღძრულ შინაგან კმაყოფილებას. უმძიმესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრით დაკავებული მეფისათვის თითოეული ასეთი დღე იყო პატარა ოაზისი უდაბნოს ხორშაკეთში დამქანცველი, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ და რაც უფრო სასტიკი ჩანდა უდაბნო, მით უფრო ძლიერი იყო ოაზისთან ხელახალი შეხვედრის მონატრება...

თანამედროვეთ ხშირად უხილავთ დავითი ”დამალტობელად ღაწუთა თვისთა ცრემლითა”. ამის მიზეზი გახლდათ ის უამრავი ავადმყოფი და დავრდომილი, რომელთა რაოდენობა განუზომლად დიდი იყო საქართველოში მე-11 საუკუნის მიწურულს. მეფე თვითონ დადიოდა ხოლმე მის მიერ დაარსებულ ქსენონებში და მამობრივი ზრუნვით განუქარვებდა ავადმყოფებს ”სენთა... ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ხორცთა”. როგორც ირკვევა, ეს საშინელი დაავადებანი განსაკუთრებით ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამოქალაქოს რეგიონში, ”რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა”. კეთროვანთა, ციებიანთა, ყვავილით დასნებოვანებულთა და სახიჩართა მოვლა დიდ შვებას ჰგვრიდა მოყვასის მძიმე ხვედრზე დაფიქრებულ მეფეს და , ამასთან, მისდამი უსაზღვრო პატივისცემით განაწყობდა პლებსს. დავით აღმაშენებლისა და მისი სამწყსოს ურთიერთობას უანგარო სიყვარულის გრძნობა ჰკვებავდა. იგი ჭეშმარიტი და ხალასი იყო თავისი ბუნებით და არაფერი ჰქონდა საერთო გაცვეთილ პოპულიზმთან, რასაც იაფფასიანი ეფექტის მოსახდენად ხშირად მიმართავდნენ (დღესაც მიმართავენ) სხვადასხვა ჯურის მედროვე მონარქები. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპე (მე-18 საუკუნე), რომელიც ხალხთან სიახლოვის დემონსტრირების მიზნით, მომჭირნე ბურჟუასავით, ძველი ქოლგით, გაცვეთილ კოსტიუმში გამოწყობილი დააბიჯებდა პარიზის ქუჩებში. ქართველი მეფეებისათვის ამგვარი შოუ-ეფექტები (დღეს რომ ფიარს ეძახიან), არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ამის დასადასტურებლად დემეტრე თავდადებულის გახსენებაც კმარა, რომელიც ღამით, ინკოგნიტოდ დადიოდა ხოლმე თბილისის ქუჩებში და ჩუმად ისმენდა, რა სატკივარი აწუხებდა მის ქეშევრდომთ...

ტოპონიმიკის სპეციალისტებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოში დიდ ეკლესია-მონასტრებთან ხშირადაა დაფიქსირებული სახელწოდება ”სამადლოს” არსებობა. ვარაუდობენ, პირველად ასეთი პრეცედენტები სწორედ დავით აღმაშენებლის დროს გაჩნდა და დაკავშირებული იყო ღატაკთა უფასო კვებისათვის მეფის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან. თვით ტოპონიმის ფუძეში გამოყენებული სიტყვა ”მადლი” ადექვატურად ასახავდა ეპოქის ზოგად სულისკვეთებას, სახელმწიფოში არსებული რეჟიმის ჰუმანურ ხასიათსა და სხვადასხვა სოციალურ წოდებათა თანაარსებობის პრინციპს. ყოველივე ამის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო მართლაც ღვთიური მადლით გაბრწყინებული ხელმწიფე-თვითმპყრობელი, რომლის მართველობის დროს საქართველოში უკვე არსებობდა ტრადიციული ტანდემის (მეფე=ხალხს) იდეალური (ან მასთან თითქმის მიახლოებული) ვარიანტი.

დავითის მემატიანის თხზულებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მონარქის სიკეთე უნივერსალურ თვისებად აღიქმება და არა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში, ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად აღძრულ რეაქციად. სათქმელს თუ უფრო დავაზუსტებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ნებისმიერ პიროვნებასთან, საკითხთან, პრობლემასთთან მისი კონტაქტი, უპირველეს ყოვლისა, უცილობელ სიკეთესა და გულმოწყალებას ემყარებოდა.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აშკარად სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებასთან ჰქონდა საქმე, დავითი გაუცნობიერებლად, გენებში ღრმად გამჯდარი რეფლექსის კარნახით ცდილობდა უმტკივნეულოდ, უკონფლიქტოდ მოეგვარებინა პრობლემა. ამის კლასიკური დადასტურებაა ბაღუაშთა ლეგენარული საგვარეულოს ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანის ლიპარიტის ისტორია. თუნდაც მას პიროვნულად არაფერი დაეშავებინა მეფისათვის, ბაგრატოვანთა წინააღმდეგ ამ საგვარეულოს თავგამოდებული ბრძოლის პრეცედენტი ავალდებულებდა დავითს, ზედმიწევნით ფრთხილად და მკაცრად მოპყრობოდა კლდეკარის ერისთავს. მემატიანე ხაზგასმით აღნისნავს, რომ პირველი განდგომის შემდეგ მეფემ ”ინება გაწურთა მისი. ამისთვისცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენიმე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე”. აშკარაა, დავითის პოზიცია ორგული ერისთავის მხრივ გონივრული რეაქციის მოლოდინს ემყარებოდა. მან გარკვეულ მომენტამდე დაითმინა და იმედოვნებდა, რომ ურჩობის გზაზე შემდგარი დიდებული თვითონვე ჩახვდებოდა ჭეშმარიტებას. სხვანაირად მოქცევა ჭაბუკ მეფეს არ შეეძლო. სხვათა საქციელის განსჯისას იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ფსიქოლოგიიდან ამოდიოდა და მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან აფასებდა მოსალოდნელ შედეგს. მისი ხასიათის ეს თვისება დიდებულად შეუნიშნავს მემატიანეს, რომელიც ლიპარიტის ეპიზოდთან დაკავშირებით ერთ საოცრად ღრმა აზრს გადმოგვცემს-- ”რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არცაღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არცა მეჭუელ”.

ბოროტებაში ”არა განსწავლულობა და მეჭუელობა” ერთადერთ სამოქმედო პრინციპად სახელმწიფოსა და ხალხზე პასუხისმგებელ მეფეს, ცხადია, არ გამოადგებოდა. ამიტომ იყო, რომ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მას პერიოდულად ავის ქმნაც ასწავლა, მაგრამ იგი, სიკეთისგან განსხვავებით, იყო სწორედ კონკრეტული რეაქცია ამა თუ იმ უკეთურებაზე და არა ბოროტება ჭეშმარიტი არსით, სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. როდესაც ლიპარიტის საქციელმა დაარწმუნა, რომ ”კუდი ძაღლისა არა განემართების” და ”არცა კირჩხიბი მართლად ვალს”, დავითმა რადიკალურ ზომას მიმართა და თავიდან მოიცილა მოწინააღმდეგე. ასევე მოექცა იგი ლიპარიტის ”დრკუ თესლზე” ამოსულ მემკვიდრეს რატის, როდესაც ამ უკანასკნელმა არ მოიშალა ”მამულ-პაპურთა კუალთა სლვა”. აქვე შეიძლება გავიხსენოთ მეფის რისხვა თბილელ მაჰმადიანთა წინააღმდეგობაზე. როდესაც სიტყვამ არ გასჭრა, მაშინ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წავიდა და არაერთი განდგომილი სარზე ჩამოაცვა. მაგრამ ეს მხოლოდ მეყსეული რეაქცია იყო, რაც ნათლად დაადასტურა მეფის პოზიციამ იმავე მაჰმადიანებთან შემდგომ ურთიერთობებში. ამის შესახებ - ქვემოთ.

არა მხოლოდ დავით აღმაშენებელს, საერთოდ ბაგრატოვანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან თუ გარეშე მტერთან ანგარიშსწორების დროს ახასიათებდათ ერთგვარი არტისტიზმი. ეს საკმაოდ რთული ფენომენია და ახსნა ესაჭიროება. როცა ანგარიშსწორებაში მაქსიმალურად არის გამოყენებული ადამიანის ფანტაზია და იგი საკუთარი ძლიერების ფსიქოლოგიურ შეგრძნებას ემყარება, მაშინ საქმე გვაქვს სადიზმთან, რასაც თან ახლავს მსხვერპლის უმწეობითა და წამებით გამოწვეული ტკბობა. ცხადია, დავითთან დაკავშირებით სადიზმზე საუბარი უაზრობაა. აქ საქმე გვაქვს კონკრეტულ მომენტში კონკრეტული მტრის თავდასხმის საპასუხო აქციასთან, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიან და დროულ შურისძიებას ზუსტად იმავე სახით, როგორც ეს მომხდურმა ჩაიდინა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ანისის აღებასთან დაკავშირებული ეპიზოდი. სელჩუკები საშინლად ავიწროებდნენ ამ ქალაქს, მისი დიდი საყდარი კი მიზგითად აქციეს და სკურთხეველზე ასობით ქრისტიანის სისხლი დაღვარეს. ანისის გათავისუფლების შემდეგ ”იმუქფა ღმრთის მოყუარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დურიშმანთა სისხლითა. ახლადვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა”. მემატიანემ მართებულად შენიშნა, რომ მეფემ ყოველივე ეს ჩაიდინა მაჰმადიანთა ანალოგიური საქციელის სამუქფოდ, ესე იგი- სანაცვლოდ და ამის გამო მის ”ღმრთისმოყუარებას” ოდნავი ჩრდილიც კი არ მისდგომია. 

დაახლოებით მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი თამარის მეფობაში, ისევ ანისთან დაკავშირებით, როცა ერთ-ერთი ქრისტიანული დღესასწაულის დროს ყურადღებამოდუნებული ქალაქი სასტიკად დაარბია არდაველის სულთანმა, 12 000 ანისელი მოქალაქე ტაძარში შერეკა და ერთიანად ამოჟლიტა. მაშინ ქართველებმა ერთბაშად არ დასაჯეს გათავხედებული სულტანი. მათ დაუცადეს მაჰმადიანთა ანალოგიურ დღესასწაულს და ისე მოულოდნელად დაესხნენ თავს არდაველს, მტერმა წინასწარ ვერაფერი შეიტყო. თამარის ლაშქარმა სისხლიანი სვრემა მოაწყო ქალაქის ქუჩებში, რომელიც გარეგნულად ზუსტი ასლი იყო ანისის დარბევისა. ზაქარია მხარგრძელმა 12 000 ადამიანი შერეკა ცენტრალურ მიზგითში და ისევე ამოჟლიტა ისინი, როგორც ეს მოხდა ანისის საკათედრო ტაძარში...

ანდა, როგორ არ გავიხსენოთ მეფე სვიმონის უსასტიკესი შურისძიება, როდესაც მან ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ თავი მოუყარა რენეგატი კახაბერ ყორღანაშვილის სახლეულს და ერთიანად ხრამში გადაუძახა გელიყარის კლდიდან, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც თავის დროზე თვითონ ყორღანაშვილი გადაჩეხა საჩინო ბარათაშვილმა.

როგორც იტყვიან, კბილი კბილის წილ!

ბოროტების დათურგნა და ნაცვალგება დავით აღმაშენებელს ღვთაებრივ რანგში აჰყავდა. იგი ხალხისა და სახელმწიფოს სიმტკიცის წინააღმდეგ წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას ღვთის გმობად მიიჩნევდა, რომელიც უზენაესი განაჩენით უნდა აღკვეთილიყო. ალბათ, ამით აიხსნება შიომღვიმის მონასტრისადმი ბოძებული ანდერძის ტრადიციულ დაკრულვის ტექსტში ნათქვამი სიტყვები: ”ხოლო შენ, წმიდაო, ღმერთშემოსილო მამაო შიო, ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე და ვითარცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძიე პირითა ღმრთისაითა”. 

არაერთგზის თქმულა, რომ დავით აღმაშენებლის შემწყნარებლობამ ყველაზე გამოკვეთილად საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ არაქრისტიანულ მოსახლეობასთან ურთიერთობაში იჩინა თავი. მას შემდეგ, რაც თბილელ მაჰმადიანთა უაზრო წინააღმდეგობით გამოწვეული რისხვა დაიცხრო, მეფემ უამრავი შეღავათი და პრივილეგია მიანიჭა მათ. საკმარისია თუნდაც იმის აღნიშვნა, რომ მაჰმადიანები ქრისტიანებთან შედარებით ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ. მათვე ნება დართეს, საკუთარი ფული მოეჭრათ. არაბი მემატიანის ალ ფარიკის ცნობით, დავითმა სპეციალური განკარგულებით აუკრძალა მუსლიმანებით კომპაქტურად დასახლებულ უბანში მცხოვრებ ქრისტიანებს ღორის ყოლის უფლება (შედარებისათვის - თამარის მეფობაში ერთ-ერთი მაჰმადიანური ქალაქის აღების შემდეგ ქართველებმა ათაბაგის სასახლეში დიდი პურობა გადაიხადეს ღორის ხორცით). ასევე, ქართველებსა და სომხებს ნება არ ჰქონდათ, ებანათ მუსლიმანთა აბანოში. სხვა არაბი ისტორიკოსის ალ ჯაუზის მოწმობით, დავით აღმაშენებელი დემეტრესთან ერთად პარასკეობით ხშირად დადიოდა მეჩეთში და წამოსვლისას ფულსაც კი სწირავდა...

ცხადია, არაქრისტიან მოსახლეობასთან ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ წრეგადასული ტოლერანტიზმით არ აიხსნება. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია საღი, პოლიტიკური პრაგმატიზმისა და ცივი ანგარიშიანობის ფაქტორიც. ამგვარი დათმობების მიუხედავად, დავითისდროინდელ საქართველოში აბორიგენი ეთნოსი არასოდეს აღმოჩენილა ცენტრალური ხელისუფლების მხრივ ნაკლები ყურადღების ზონაში. პირიქით, დავითი ბუნებით ნაციონალისტი იყო და რასაც აკეთებდა, პირველ რიგში, ქართველებისა და საქართველოსთვის სურდა. მაგრამ მას ძალიან კარგად ესმოდა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის ავკარგიც და სამხრეთ საზღვრებთან სქელ, კომპაქტურ ზოლად განლაგებული მაჰმადიანური სასულტნოების მეზობლობა აიძულებდა გარეგნულად დასაშვებ კომპრომისებზე წასულიყო მათთან ურთიერთობაში. ამ თვალსაზრისით, დავითის ყოველი პრაქტიკული ნაბიჯი მისი სტრატეგიული გეგმის - პანკავკასიური სახელმწიფოს მშენებლობის იდეიდან გამომდინარეობდა. მას, როგორც თავისი დროის უდიდეს ჰუმანისტსა და ისტორიული გამოცდილების გამზიარებელ-გამთვალისწინებელ პიროვნებას კარგად ესმოდა, რომ განვითარების სხვადასვა საფეხურზე მდგომი, განსხვავებული წარსულის, კულტურის, ტრადიციებისა და ტემპერამენტის მქონე ხალხების გაერთიანება ერთიან, უნიტარულ პოლიტიკურ სტრუქტურაში მხოლოდ მათი ინდივიდუალური თავისებურებებისადმი უფაქიზესი მიპყრობით, პირველ რიგში კი კონფესიური შემწყნარებლობით იყო შესაძლებელი. სწორედ აქედან ამოიზარდა დავითის ტოლერანტიზმის ფენომენი. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში არ ჰქონია ადგილი სომხური მონოფიზიტური ეკლესიის ქალკიდონიზმზე მოქცევის ძალისმიერ მცდელობას (შედარებისათვის, თამარის ეპოქაში ამ პრობლემის გადაჭრას ანისისა და დვინის საეკლესიო კრებები მიეძღვნა და როდესაც ამას სასურველი შედეგი არ მოჰყვა, სომხეთში დიოფიზიტობის დანერგვას ზალდატანებით მიჰყვეს ხელი). 

იგივე შეიძლება ითქვას ებრაელობაზეც.

აღმაშენებლის რჯულშემწყნარებლობა მისი პიროვნული თვისებებისა და პოლიტიკური გუმანის გარდა ქართველი ხალხის სხვა ერებთან თანაცხოვრების ისტორიულად ჩამოყალიბებულ გამოცდილებას ემყარებოდა. საუკუნეების განმავლობაში ამიერკავკასია და, კერძოდ, საქართველო უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო მაგისტრალებზე. ხალხთა არცერთი მიგრაცია არ დარჩენილა, რაიმე ზემოქმედება რომ არ მოეხდინა კავკასიის ეთნოსტრუქტურაზე. საქართველოს ტერი ტორიაზე ქართველურ მოსახლეობასთან ერთად ოდითგანვე ცხოვრობდნენ სხვა ტომებიც, რომლებიც პერიოდულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი რჩებოდა ადგილზე საცხოვრებლად, რადგან მაღალკულტურული აბორიგენი მოსახლეობისთვის ფეხის აწყობა, მისი ცხოვრების რიტმში ჩაჯდომა საკმაოდ რთული საქმე იყო და მომსვლელთა უმრავლესობა ამას თავს ვერ ართმევდა. ვინც ახერხებდა, ისინი არა მხოლოდ ცხოვრების წესით, ფსიქოლოგიურად და კულტურულადაც გაქართველებული იყვნენ და პრაქტიკულ ურთიერთობაში აბორიგენი მოსახლეობის მიერ განსხვავებულ ეთნოსად არც აღიქმებოდნენ. 

მანამდე, სანამ ”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა”, ავტოქტონური ქართული მოსახლეობა ყოველთვის განმსაზღვრელ და ფსიქოფიზიკური არსებობის ყველა განზომილებაში აღმატებულ ეთნოსად რჩებოდა საკუთარ მიწა-წყალზე საუკუნეთა წინათ დამკვიდრებულ თუ დროებით ჩამომხდარ ხალხებთან დამოკიდებულებაში. ამ უპირატესობის ბუნებრივი შეგრძნება ქვეცნობიერად აღძრავდა ქართულ ხასიათში ტოლერანტიზმის იმპულსებს, რაც პრაქტიკულ ყოფაში სახარებისეული პრინციპის (მარჯვენა ლოყაში სილას რომ გაგაწნავენ, მარცხენა მიუშვირე) ლამის საარსებო ნორმად აღიარებაში გამოიხატა. ამასთან დაკავშირებით, უპრიანია, რამდენიმე წინადადებით შევეხოთ ანტისემიტიზმის პრობლემას. ხომ ცნობილია, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის - ცივილიზებულ და მაღალგანვითარებულ გერმანიაში, იუდოფობიამ კლასიკური ფორმით იჩინა თავი და იგი ჯერაც არაა მთლიანად აღმოფხვრილი? აქ, ალბათ, მიზეზთა მთელი კომპლექსია გასათვალისწინებელი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც შურის, ბოღმის ფაქტორია, რასაც განიცდიდა საშუალოგერმანული ბიურგერული აზრი ინტელექტუალური და ფინანსური ბერკეტების მქონე ებრაული ელიტის მიმართ. 

საქართველოში ანტისემიტიზმის ჩასახვისთვის სოციალური ნიადაგი ვერ მომწიფდა, რადგან ობიექტურად არ არსებობდა ებრაელთა ინტელექტუალური აღმატებულობის სინდრომი (ამით არანაირი ჩრდილი არ ადგება დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი უძველესი და მაღალი კულტურის შემქმნელი ერის ღირსებას). ფეოდალიზმის ეპოქაში ქართული საზოგადოებრივი აზრი ებრაელს განიხილავდა, როგორც ჩვეულებრივ ყმა გლეხს, მე-19 საუკუნეშიკი - მეწვრილმანე კომერსანტს. მან შედარებით გვიან, მაგრამ ღონივრად მოიკიდა ფეხი ინტელიგენციის საშუალო ფენაში. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია ებრაელი მოღვაწენი, რომლებმაც პირველხარისხოვანი სიტყვა თქვეს, მაგალითად - მეცნიერებაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში, სპორტში (ჭადრაკს ვგულისხმობ)... ყოველივე ამის შედეგად ჩვენში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინათ მოსულ ებრაულ დიასპორასთან ურთიერთობის ის უნიკალური ფენომენი, რაც ესოდენ აოცებს დღეს მსოფლიოს და რომელიც ეთნოფსიქოლოგიის სპეციალისტთა მხრივ საგანგებო შესწავლას მოითხოვს...

(გაგრძელება იქნება)