მეზობლური სიამტკბილობანი

მეზობლური სიამტკბილობანი

მატარებლით მგზავრობენ ფრანგი, სომეხი და ქართველი. 

ფრანგმა ამოიღო შამპანური, გახსნა, ცოტა მოწრუპა და გარეთ გადაუძახა - ასეთები, საფრანგეთში, რამდენიც გინდა, იმდენიაო. 
სომეხმა გახსნა კონიაკი, ერთი სირჩა გადაკრა და იმანაც გარეთ გადაუძახა - ასეთები, სომხეთში, რამდენიც გინდა, იმდენიაო.
ქართველმა მიიხედ-მოიხედა, დაავლო ხელი სომეხს და გარეთ გადაუძახა - ასეთები, საქართველოში, რამდენიც გინდა, იმდენიაო.

+ + +  

პაპიკ, პაპიკ, სკაჟი ნაშემუ სასედუ, გურამჩიკუ, ონ ვსიო ვრემია მენია არმიანინომ აბზივაეტ, ა ია აბიჟაიუს, დაა....
ა ტი ტოჟე სკაჟი სინოკ, ჩტო ონ გრუზინ.
გავარიუ, ნუუ... ნო ნე აბიჟაეტსია!
(ჩემს ბავშვობაში გაგონილი ”წვერებიანი” ანეგდოტები)

ჭკუის სასწავლი ამბები, ძველები, არც ისე ძველები, ახლებიც

ამბავი პირველი: ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, V-VI საუკუნეებში თანდათან გამოიკვეთა, რომ ჩვენს წინაპრებს და სომხებს სარწმუნეობრივი თვალსაზრისით ერთ გზაზე სიარული არ ეწერათ. სამხრეთელი მეზობლები მონოფიზიტობის ერთგულნი იყვნენ, ქართველები კი დიოფიზიტურ მრწამსს აღიარებდნენ. მათ შორის კონფლიქტი სულ უფრო მწვავდებოდა, რაც VII საუკუნის დასაწყისში, სომეხთა პატრიარქ აბრაჰამისა და ქართველთა კათოლიკოს კირიონის ცნობილი პოლემიკის შემდეგ, საბოლოო გათიშვით დასრულდა. ამით განრისხებულმა ჰაოსიანებმა დვინში საეკლესიო კრება მოიწვიეს და ქართლოსიანები საქვეყნეოდ შეაჩვენეს. მოსე კალანკატუელის ცნობით, აბრაჰამს განუცხადებია: ”ჩვენ დავწყევლთ და პირქვე დავამხეთ ქართველთა კათალიკოზი კირიონი და ქართველებზედ ვბრძანებთ, რომ სომხებმა ამის შემდეგ არ იქონიონ არავითარი მისვლა-მოსვლა ქართველებთან, არავითარი ურთიერთობა, არც ლოცვითა, არც ჭამა სმითა, არც მეგობრობითა, არც შვილების აღზდითა; არ გაბედონ წასვლა სალოცავად არც სახელგანთქმულ მცხეთის ჯვარისა, არც მანგლისის ჯვარისა, არ მისცენ ნება სიარულისა ჩვენს ეკლესიებში, ერიდნენ იმათთან დამოკიდებულებას ცოლ-ქმრობისას, ნება ეძლევათ მხოლოდ აღემ-მიცემობა იქონიონ, როგორც ურიებთან. ვინც ამ ბძანებას გადავა, წყეულიმცა არს იგი სულით, ხორცითა და ყოვლის ცხოვრებითა”.

ჭკვიანი კაცი იყო აბრაჰამი. მართალია, თავის თესლ-ტომს ქართველებთან ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალა, მაგრამ დროულად გაახსენდა, რომ ამ შემთხვევაში მისი ხალხიც დაზარალდებოდა და ერთი, ფრიად არსებითი გამონაკლისი დაუშვა - ჯანდაბას, აღებ-მიცემობაზე უარს ნუ იტყვითო. მართლაც რომ სომხური საზრიანობაა. აბა, ამაზეც რომ უარი ეთქვათ, რომელი ჯიშის ცხვრები უნდა ეპარსათ სარფიანად ჩვენს ბარაქიან მიწაზე დასახლკარებულ ჩარჩ სოვდაგრებს.

ჩანს, პატრიარქის წყევლამ არ გასჭრა, რადგან სომხებმა იგი დიდი ხნის წინ დაარღვიეს, თუმცა, დღემდე არსებობენ და მრავლდებიან, განსაკუთრებით - სომხეთის საზღვრებს გარეთ და განსაკუთრებით - საქართველოში.

ამბავი მეორე: ”ქვათა ღაღადში” ილია წერს - 1877-78 წლების ომის დროს, ფრანგულმა გაზეთმა ”ტემპსმა” საკუთარი კორესპონდენტი გამოაგზავნა კავკასიაში, ვინმე კუტული. ვლადიკავკაზიდან საქართველოსკენ მომავალ ფრანგს, სოფელ ბალთაში ”შემთხვევით” ერთი შუშელი სომეხი შეხვდა, არტილერიის ოფიცერი. ჩასვა ”პოვოზკაში” და პირდაპირ თბილისში გამომავალი სომხური გაზეთის ”მშაკის” რედაქტორს, გრიგორი არწრუნს მიჰგვარა. ამ უკანასკნელმა სპეციალური ”კულტურული” პროგრამა შეადგინა სტუმრისთვის. ჯერ ქალაქის საბჭოში წაიყვანა, პატარა პარლამენტად დაუხატა და მისი წევრები გააცნო, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, გასაგები მიზეზების გამო, სომხები შეადგენდნენ. მერე თბილისის სომხური ეკლესიები ჩამოატარა, რომლის სამღვდელო პირნი საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულნი დაახვედრა. პროგრამით გათვალისწინებული იყო შეხვედრები სომეხ ინტელიგენციასთან, სადილ-ვახშმები და ბალ-მასკარადები, სიმღერები და რომანსები, სომხური საჭმელები და ნუგბარეული. ბოლოს საპატიო სტუმარი შინდისში დღეობაზე წაიყვანეს და იქაც გვარიანად აქეიფეს. ერთადერთი, რაც თვალში არ მოუვიდა დაკვირვებულ ფრანგს, მაგიდის მომსახურე ქალების ”მთის ქედივით” დიდი ცხვირები იყო. ამაზე მასპინძლებმა მოიბოდიშეს - ეგენი ქართველები არიან, როგორც წესი ასეთ საქმეებში ვიყენებთო.

შედეგი გაინტერესებთ? ორი თვის განმავლობაში ”ტემპსის” ფურცლებზე იბეჭდებოდა ამ მართლაც კუტუ ”კუტულის” (პარდონ, ფრანგული მობოდიშების მეტი არაფერი დამრცჩენია მკითხველთან) სტატიები - სომხების, სომხეთის და სომხურის წრეგადასული ქება-დიდება და ბოლოს ”ლოგიკური” დასკვნა - სრულიად აშკარაა - საქართველო სინამდვილეში სომხეთია და ტფილისი კი სომხეთის ქალაქიო.

ქართველებზე რაღა დაწერა პატივცემულმა კორესპოდენტმა?! ბევრი არაფერი, მაგრამ რაც თქვა, საქილიკო და გასაბახებელი. აქაური თავად-აზნაურობა გაკოტრებულიაო, ქართველებმა მხოლოდ არშიყობა იციანო, თვითონ არაფრის შექმნა შეუძლიათ და ამის გამო, უმეტესად, სახელმწიფო სამსახურს ეტანებიანო, მთელი მათი ნაცია ”ღენერლებისგან, მეურმეებისგან და ჩალვადრებისგან” შედგებაო. კიდევ კარგი, გენერლების სიმრავლე მაინც არ დაგვიკარგა, ჭკუის კოლოფმა კუტულმა, თუმცა არ დაიზარა და იქვე განმარტებაც მოაყოლა - ”ღენერლები ბევრი ჰყავთ, მაგრამ იმათი ღენერლები გამოჩენილნი არ არიანო”.

ამბავი მესამე: 1915 წლის ზაფხულ შემოდგომაზე სომხეთში ოსმალეთის იმპერიიდან დევნილმა ათიათასობით სომეხმა მოიყარა თავი. მძიმე დრო იყო, მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ქვეყანას ეკონომიკურად უჭირდა, რასაც ეპიდემიებიც დაერთო. კარვებში მცხოვრები ლტოლვილები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ დასახმარებლად ქართული ინტელიგენციის ინიციატივით რამდენჯერმე შეგროვდა ფული და ჰუმანიტარული ტვირთი. სწორედ ამ დროს მიიღო თბილისის სომეხთა საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარემ იჯევანელი კოლეგისგან, ვინმე აკოფოვისგან დეპეშა - ტიფმა დევნლებს მუსრი გაავლო, სასწრაფოდ მედიკამენტები და სანიტრები მოგვაშველეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ... სომეხი გოგონები არ გამოგვიგზავნოთო!

ამბავი მეოთხე: XX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა უპრეტენზიო მკვლევარი გიორგი ბოჭორიძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის ძეგლების შესწავლის საქმეში. სხვა რეგიონებთან ერთად, მან საგანგებოდ მოიარა სამხრეთ საქართველო, დათვალიერა იქაური ეკლესია-მონასტრები და დაწერა შესანიშნავი ნაშრომი - ”მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში”. 
ნაშრომში აღწერილია ფრიად საგულისხმო ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ, გამონაკლისს არ წარმოადგენს, ამიტომ მეც დავიმოწმებ განზოგადების მიზნით. გ. ბოჭორიძისთვის ოთხმოცი წლის მოხუცს, ვინმე იაკობ ბალახაშვილს მიუწოდებია ცნობა, სოფელ წყალთბილას სომხური სკოლის კედელში ფეტობანიდან ჩამოტანილი ძველებური ქვებია ჩაშენებული, მეფე-დედოფლის გამოსახულებით და ასომთავრული წარწერითო. მკვლევარი მაშინვე ავიდა სოფელში და სკოლის გამგეს ერვანდ სიმონიანს სთხოვა, მაჩვენეთო. ამ უკანასკნელმა ჯერ თავი მოისულელა, პირველად მესმისო, მერე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ბოჭორიძემ თავისი მაინც გაიტანა. კედლის დათვალიერებისას მან შენიშნა კირით გადალესილი, კარგად გათლილი ლოდები და მათი გასუფთავება გადაწყვიტა. დამხდურებმა სამუშაოს შესრულებაში ფული მოითხოვეს. გასუფთავების შემდეგ, პირველ ქვაზე გამოჩნდა შესანიშნავი ქანდაკება ეკლესიის მოდელით. ბოჭორიძემ გადაწყვიტა ეს ლოდები, როგორც ქართული კულტურის ძეგლები, ახალციხეში გადაეტანა. მისდა გასაოცრად, ფულის შეთავაზების მიუხედავადაც, სამასკომლიან სოფელში ვერავინ დაითანხმა ამაზე. გამგე ოფიციალურ ნებართვას ითხოვდა, თან საეჭვოდ ურჩევდა - რა გეჩქარება, ჯერ სხვა ძეგლები დაათვალიერე და ჩვენთან მერე დაბრუნდიო. მეცნიერი მასპინძლებს გულის ნადებს მიუხვდა - ”თავიდანვე ქვა რომ დამიმალეს, ვიგრძენი, რომ საქმე ცუდად იყო, რომ ქვის დატოვება ადგილზე აღარ შეიძლებოდა, აქამდინ დაფარული ჰქონდათ, არავინ იცოდა, რა იყო, ახლა გამოაშკარავდა. რომ წავსულიყავი და მერე მოვსულიყავი, შეიძლება ქვა აღარც კი დამხვედროდა, გაენადგურებინათ, ამიტომ გადავწყვიტე ჯიბეში კაპიკიც რომ არ დამრჩენოდა, ქვას მაინც სამშვიდობოს ჩავიტანდი” - წერს მეცნიერი. 

სამუშაოს შესრულებაზე გამგისგან გაფრთხილებული წყალთბილელები რომ ვერ დაითანხმა, საქმეს თვითონ მოჰკიდა ხელი. იქაურებმა იფიქრეს, ეს ”გიჟ-ვრაცუა” თავისას არ იშლის და ფული მაინც რატომ დავკარგოთო. ორმა გლეხმა ქვების ჩამოღებაში 20 მანეთი მოითხოვა. დაეჭვებულმა მეცნიერმა თავის დაზღვევის მიზნით ქვებისთვის კოჭების შეყუდება მოითხოვა (ემანდ, შეგნებულად არ ჩამოაგდონ დასამტვრევადო), მაგრამ ამოდენა სოფელში ძელები ვერ ”აღმოაჩინა”. მაშინ მან კედლის ძირში მიწაზვინული გააკეთებინა და დიდი სიფრთხილით ჩამოახსნევინა ლოდები. მეორე პრობლემამ უკვე ვალემდე ტრანსპორტირების დროს იჩინა თავი. ადგილობრივმა სომხებმა ”პოსლეზე” უარი თქვეს და ილფ-პეტროვის უკვდავი ფორმულა აამუშავეს - ”უტრომ დენგი, - დნიომ სტულია, დნიომ დენგი - ვეჩერომ სტულია, ვეჩერომ დენგი - უტრომ სტულია”. ასე იყო თუ ისე, მრავალტანჯულმა ლოდებმა მშვიდობიანად მიაღწია ვალემდე, სადაც მეორე ქვას კირი მოაცილეს და აღმოჩნდა, რომ მისი თორმეტსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა პირწმინდად იყო ”ზუბილით” გადაფხეკილი.

ამბავი მეხუთე: 1990 წლის ზაფხულში, აზერბაიჯანული მოსახლეობის ე.წ. ”ბორჩალოს ავტონომიასთან” დაკავშირებული მღელვარების დროს, მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში ქართული პოლიციის ბატალიონი იდგა გენერალ გელა ლანჩავას მეთაურობით (მომავალი პუტჩისა და სამოქალაქო ომის ”გმირი”). ერთ მშვენიერ დღეს მას ინფორმაცია მიაწოდეს, ვიღაც კაცი ზურგჩანთით, ყოველ დილით რეგულარულად მიდის სოფლის მახლობლად მდებარე ქართულ ბაზილიკაში და საღამომდე იქ რჩებაო. გენერალი დაინტერესდა, ჯერ გაიკითხა, მერე რამდენიმე პოლიციელი გაიყოლა და დასახელებულ პიროვნებას ჩუმად წაადგა თავს.

”ინკოგნიტო ღვთისმოსავი” სინამდვილეში სომეხი ეროვნების მოქალაქე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ პოლიციელთა გაოცება, როდესაც ეკლესიაში შევიდნენ და თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალათ - ბაზილიკის კედლის ძირში დაახლოებით ერთი მეტრი სიღრმის თხრილი იყო გაჭრილი, მასში წელამდე იდგა ჩაქუჩითა და სატეხით შეიარაღებული სომეხი და საძირკვლის ქვემოდან მესამე ლოდზე გულმოდგინეთ კვეთდა... სომხურ სამშენებლო წარწერას!!

გენერალი ლანჩავა დიდი ინტელექტით ვერ დაიკვეხნიდა, სამაგიეროდ, იუმორთან არ იყო მწყრალად. ვერ გეტყვით, რამდენად გააცნობიერა მან ამ ეპიგრაფიკული დივერსიის მნიშვნელობა ეროვნული ისტორიოგრაფიის გადასახედიდან, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, სომეხი მაინც გემრიელად დააპანღურა და ის გათხრილი ორმოც თავისივე ხელით ამოავსებინა.

ამბავი მეექვსე: ქვემო ქართლში, მაშავერას ხეობაში არის ლამაზი სოფელი რატევანი, რომელშიც აღმართულია შუა საუკუნის ქართული ჯვარგუმბათიანი ეკლესია. იგი ძველად ბარათაშვილების საკუთრება იყო, მერე მეპატრონემ გაყიდა და მდიდარ სომეხს, ვინმე ფითოევს გადაულოცა. ამ უკანასკნელმა, პირველი რაც გააკეთა - ეკლესიის კანკელის მოშლა და მისი სომხურად კურთხევა იყო. მოგვიანებით, რატევანი ფითოევისგან მანთაშევმა შეიძინა და წინამორბედის პოლიტიკა განაგრძო. ტაძრის გასომხურებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა რეგიონის ქართული მოსახლეობის მხრიდან. 

ჟურნალ ”მოგზაურში” (1901 #21) დაბეჭდილია ვინმე ბ-ს სტატია, რომელშიც ავტორს დამოწმებული აქვს მის მიერ პირადად მოსმენილი სომეხი ვაჭრების საუბარი, ამიტომ ჯობია მას მოვუსმინოთ:

”კაცო - ეუბნება ერთი სომეხი ვაჭარი მეორეს - რას ამბობ, ტიფლიზ ქალაქში ჩავიდე და გაზეთი ვიყიდო, პირველ ”ჰაე- ბიში, ამას ამაიკითავთ: მამული იყიდება კნიაზისა ვალში, მამული დააგირავა კნიზმა ვალში, ვა, გიჟია მუნდრეკი, ბარემ თავი დააგირავე დაა..”. ”არა, ეგ რად გინდა, - მამულებს ვიღა ჩივის, ეკლესიებსაც ჰყიდიან, აი, რატევანის ეკლესიაც ქართველებისა არ იყო?! ვინ არი პატრონი, თუ კი პატრონთ სძინავთ? – ”ვართან, მერე, მერე?” ”მერე ისა, რომ ამ წინაზე, ჩვენმა ოსეფამ (ფითოევზეა საუბარი) ჩვენებურად აკურთხებინა. ახლა საწყალი რატევანელი ტყაპუჭები ბევრი იციან, ან ვის იყო, ვის დარჩა?” ”აი, ესენიცა, აი პარონ! - უთხრა მესამემ - არადა, რაღაც ჩინთი-ფინთო ქართველები არიან, მაგ მძინარე თავადებს კიდევ ”აღმშენებლებს” ეძახიან და?! რაც არ დაანგრიეს, რა აუშენეს?! - არა, ღმერთმა ადღეგრძელოს კიდე ეგ ”აღმაშენებლები” - უთხრა პირველმა - ეგენი რო არა, ჩვენ ულუკმაპუროდ დავრჩებოდით. მამაცხონებულები კიდევ ჩვენს თავს რჩეულობენ თავის სისხლით ძმაზე.

 

+ + +  

ჯერ სად ხართ, მთლად მარგალიტების კრებული წინ გველოდება.
ქართული ანბანი რო მესროფმა შექმნა, ბაგრატიონები რომ სომეხი ბაგრატუნებიდან მომდინარეობენ, რუსთაველი რომ სინამდვილეში აშოტ რუსთაველიანცი იყო და პეტრიწონის ამგები გრიგოლ ბაკურიანი ტომით სომეხი, ”კარგად ცნობილი” ამბებია.
ბრეჟნევი რომ თბილისს ეწვია, რუბიკ ხაჩიკიანისგან მაშინ გავიგეთ, რომ დავით ყიფიანიც თბილისელი სომეხი ყოფილა.

თუმცა, ეს რაა იმასთან შედარებით, რაც წერია 1993 წელს, მოსკოვში ოციათასიანი ტირაჟით გამოცემულ ვინმე მამულოვის წიგნში ”უდივიტელნი ნაროდ იზ სტრანი ჩუდეს (არმენია ი არმიანე - უნიკალნი ფენომენ ცივილიზიროვანნოგო მირა)”

მოდით, უბრალოდ ჩამოვთვალოთ, ამ ნაშრომის ცაკლეული თავების სახელწოდებანი:

”სომხეთი და სომეხი ხალხი - ისტორიის განუმეორებელი და ნათელი პანორამა; სომხეთი და სომეხი ხალხი - სიმბოლო საწყისისა, რარიტეტისა და პროგრესისა; სომეხი ხალხი - გამავრცელებელი დიდი და კეთილშობილური მისიისა; სომხები - გამოჩენილი მოღვაწენი, დამფუძნებლები, პირველაღმომჩენები, ორგანიზატორები, ნოვატორები და ინიციატორები; სომეხი ქალები - გონების, სილამაზისა და სულის დიდებული კავშირი; სომხეთი და სომხები - მიზიდულობათა ცენტრი და მიძღვნათა ობიექტი” და აშ...

სომხეთს რომ გამორჩეული და ძველი ისტორია აქვს, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ, ხომ გაინტერესებთ, როგორ ხედავს საკუთარი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს ავტორი - მამულოვი მთელ მსოფლიოს არწმუნებს, რომ ”სომხეთს არ გააჩნია წიაღისეულის დიდი მარაგი, ვეება ტერიტორიები და სხვა რესურსი”... სამაგიეროდ, გააჩნია ”სომხური ნავთი - ინტელექტი”; რომ ”ორიდან ერთი სომეხი ყოველთვის ხელმოცარული პოეტია, ყოველი სომეხი - ფილოსოფოსი, სომხების ნახევარი კი -საგრეო საქმეთა მინისტრებია”, რომ ”გადმოცემის მიხედვით ადამი და ნოე სომხურად ლაპარაკობდნენ”; რომ ”სომხური სამზარეულო ყველაზე ძველია”; რომ ”სომხეთი და სომეხი ხალხი - ესაა მჭევრმეტყველი ფაქტების პალიტრა, რომელიც უმეტესად გამოავლენს პირველს, საუკეთესოს, განუმეორებელს. სომხეთი კაცობრიობის აკვანია... ადამი და ევა ცხვრობდნენ სამოთხეში, რომელიც სომხეთის ზეგანზე მდებარეობდა...”; ”სომხეთია სამშობლო ხორბლისა, ვაზისა, გარგარისა, ლუდისა”; რომ ”სომხეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასოდეს არსებულა კასტები, მონები, ყმები”...”სომხეთი მსოფლიოში ყველაზე ძველი ქრისტიანი ერია” და აშ....

საკმარისია თუ განვაგრძოთ ჩამონათვალი?!

”ბაბილონის და ეგვიპტის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის, პირველი ადგილი სომხებს ეკუთვნოდათ”... ”ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მრისხანე სპარსეთს სომეხი მეომრები იხსნიდნენ ხოლმე, ბაღდადისა და მაროკოს არაბმა ხალიფებმა ძალიან ბევრი ქვეყანა სომხების ხელით დაიპყრეს”... ”ჯვაროსნები თავიანთ საუკეთესო ბრძოლებს გულად სომეხ მეომრებს უმადლოდნენ”; ”აღმოსავლეთის მთელი მრეწველობა სომხეთის ხელში იყო”, ”ბიზანტიის იმპერიაში მაკედონელთა ანუ სომხური დინასტია რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა სახელმწიფოს. იქაურ ტახტზე იჯდა არანაკლებ თხუთმეტი სომეხი იმპერატორისა, ბერძნულის გვერდით სომხური სახელმწიფო ენა იყო”...”სომხებმა დააარსეს ქალაქები: ახალი ჯულფა (ირანი), კალკუტა (ინდოეთი), დუმბროვენი და გერლა (უნგრეთი), იაზოვსკი (პოლონეთი), ყიზლარი, მოზდოკი, არმავირი, ბუდიონოვსკი, ნოვოროსიისკი (რუსეთი), კოტოვსკი და გრიგოროპოლი (მოლდავეთი)... ”ევროპაში სომხებს შეუტანიათ გარგარი, ბალი...” და თქვენ წარმოიდგინეთ ”ხელს უწყობდნენ ყავის ფართოდ გავრცელებას” (კიდევ კარგი, ყავის გამოგონება მაინც არ დაიჩემა მამულოვმა).

საკმარისია?! მართლა საკმარისია, მაგრამ, წინ კიდევ იმდენი გამაოგნებელი ”აღმოჩენა” გველოდება, ცდუნებას ვერ ვიკავებ და თქვენი თავაზიანი ნებართვით ჩამოთვლას განვაგრძობ. მაგალითად, დღემდე თუ გსმენიათ რაიმე იმის თაობაზე, რომ ”სომხურმა ხუროთმოძღვრებამ მრავალმხრივ შეუწყო ხელი რომაული რელიგიური ხელოვნების ჩასახვას... მისცა დასავლეთს გუმბათი, გადამწყვეტი როლი ითამაშა გოთიკის წარმოშობაში, სომხური ხუროთმოძღვრების გავლენა ეტყობა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირლანდიის ქალაქებს.” ან, თუ იცოდით, რომ ”რუსეთში მხოლოდ სამი ხალხი იყო საიმპერიო: რუსები, გერმანელები და სომხები, რომლებიც ქმნიდნენ რუსულ კულტურას”, რომ ”სომხები იბრძოდნენ ალექსანდრე ნეველის დროშების ქვეშ, ეხმარებოდნენ რუსებს ყივჩაყების წინააღმდეგ 1309 წელს, გრიუნვალდთან 1410 წელს, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყაზანის გათავისუფლებაში (1552)”.

აღიარეთ, რომ ყოველივე ეს პირველად გესმით, ისევე როგორც ის, რომ ”რუსული ენის ინსტიტუტის თანამშრომლები ს. ქოჩარიანს რჩევას ეკითხებოდნენ, როგორ გამოეთქვათ სწორად ესა თუ ის სიტყვა”.

ბარემ მსოფლიოში სახელგანთქმულ პირვნებათა სომხურ ფესვებშიც ჩავიხედოთ და აღმოვაჩენთ, რომ ჰაოსიანები ყოფილან ბულგარეთის მეფე სამუილი, რუმინეთის მერე მიხაი მამაცი, ლიბანის სულთანი დაუდ ფაშა, ეგვიპტის სულთანი სალადინი და ნაპოლეონის პირადი მცველი რუსტამი, იმპერატორ იუსტინიანეს მხედართმთავარი ნარსესი, იოაჰიმ მიურატი და ნეფერტიტი. 

სომხებისა და ყოველგვარი სომხურის გენიალურობით აღტყინებული მამულოვი ხანდახან ისეთი რამეებით ტრაბახობს, თვით გაუცინარი ხელმწიფეც კი ვერ შეიკავებდა თავს გულიანი გადახარხარებისაგან. არ გჯერათ?! აი, ბატონო, ფაქტებიც - პირადად მე ძალიან ვიხალისე, როცა გავგე, რომ თავის დროზე ბრეჟნევი სომეხს გადაურჩენია წყალში დახრჩობისგან, ხოლო მატროსოვისთვის ასევე სომეხს გადაუცია კომკავშირული მანდატი; რომ რაბლეს სომხები ხუთჯერ ჰყავს ნახსენები ”გარგანტუა და პანტაგრუელში”. თქვენ წარმოიდგინეთ, მამულოვს იმის თქმაც არ ავიწყდება, რომ XX საუკუნის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაც სომხეთში მოხდა (იმედი მაქვს, წიგნის ახალ გამოცემაში ავტორს არ დაავიწყდება იმის აღნიშვნა, რომ იაპონიამდე დიდი ხნით ადრე, წარღვნად წოდებულმა ცუნამმა სწორედ სომხეთი დააზიანა).

და ბოლოს, ამ ”ჰაერივით” აუცილებელი წიგნის აპოთეოზი - ფაქტები, რომლითაც ნამდვილად შეიძლება იამაყოს არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ. მაგალითად - ”სომხეთში იყო ანაიტისის ტაძარი, სადაც კულტმსახურებას ეწეოდნენ ახალგაზრდა გოგონები. უცხოელებს აქ ელოდათ სომეხ ქალთა ალერსი, დიდი ან მცირე გასამრჯელოს მიხედვით”.

მოდი და ამის შემდეგ გაგიკვირდეს, რომ, თურმე, ”სომხებს არასოდეს ჰქონიათ ჰარამხანები (რაში სჭირდებოდათ, რო?!). კიდევ უფრო შთამბეჭდავია მეორე ფაქტი - სომხური ჭკუისა და მოხერხებულობის აპოთეოზი. მითხარით, რომელი ეროვნების ადამიანს ეკუთნის მსოფლიოში ყველაზე გენიალური სიმულაცია?! - რა თქმა უნდა სომეხს! ვინ იყო ეს სომეხი? - რა თქმა უნდა კამო, რომელმაც, ციხიდან თავის დაღწევის მიზნით, საკუთარი განავლით ჩაიკოკლოზინა პირი და თვით სახელგანთქმული ბერლინელი ფსიქიატრებიც კი შეიყვანა შეცდომაში. ჩანს, მამულოვისთვის უცნობია იდეურ რევოლუციონერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც მან ასახვა ვერ ჰპოვა ამ უნიკალურ ნაშრომში - 1922 წელს, ელბაქიძის აღმართზე ველოსიპედით მოსეირნე კამო ”შემთხვევით” ტაქსმა გაიტანა.... იმ დროს თბილისში სულ ოთხი თუ ხუთი ტაქსი დადიოდა.

თქვენი არ ვიცი, მე კი ერთი ჯიგრიანი ანეგდოტი გამახსენდა - კახელმა სეირნობის დროს, შეყვარებულს ხის ძირში კარგად მოგუნდავებული ექსკრემენტი დაანახა და ჰკითხა - გოგო, ემაგაი ხედამ? - ვხედამ, მერე რა? - ეგა მე მოვისაქმეი (არ გამიბრაზდეთ, ჯერ ერთი, სომხურისგან განსხვავებით, ქართულ სინამდვილეში ეს ანეკდოტი თვითირონიისა და შაყირის გამოხატულებაა, მეორეც - ფესვებით მეც ამ კუთხიდან ვარ, იმერეთში გადახვეწილი კახელების შთამომავალი.

+ + + 

უცნაური და საშიში ხალხია ჩვენი სამხრეთელი მეზობლები. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები, მართალია, ძალიან შორსაა ისტორიული სიმართლისგან, მაგრამ ახლოს - გაქნილ ჭკუასთან და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილ ვერაგულ ჩანაფიქრთან. სანამ ქართლოსიანთა მოდგმა ყურთბალიშზე უდარდელად თვლემს, ისინი ჯიუტად, მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ დასახული მიზნისკენ და საერთაშორისო აზრს ამზადებენ ”ერთი მშვენიერი დღისთვის”. მათ გონებაში, როგორც ადრე, კვლავაც ტრიალებს მითიური ”ველიკაია არმენიას” აღორძინების იდეა.

მეთოდებიც დრო-ჟამის შესაფერისი აქვთ. 

როცა გაუჭირდათ, ისრაილ ჰორიანისა და იოსებ ემინის მეშვეობით მსოფლიო შეაწრიალეს, გაერთიანებული ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნაზეც იყვნენ თანახმა ბაგრატიონების ჰეგემონიით (ვახტანგ VI, ერეკლე II). ამ პროექტის განხორციელებისთვის ფულს არ იშურებდნენ ინდოეთში მცხოვრები სომეხი მულტიმილიონერები.

სხვა დროს სხვანაირად ირჯებოდნენ. როცა გრაფ პასკევიჩის დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა დემოგრაფიული სურათი ჯავახეთში და ქართულ მიწაზე ფეხი მოიკიდეს, მერე მისი გასომხურებისა და საბოლოოდ მითვისების მცოცავი გეგმის განხორციელებასაც შეუდგნენ - წერეს ”ისტორიული სამართლიანობისა” და ჯავახკის ”დედა-სამშობლოსთან” დაბრუნების მოღაღადე პეტიციები, ბეჭდეს და გაავრცელეს ფანტასტიკური რუქები (მაგალითად, 1918 წელს, სტამბოლში), რომელშიც ეთნიკური სომხეთის ტერიტორია ლამის ზღვიდან ზღვამდე იყო გადაჭიმული.

1913 წელს კავკასიის მთავარმართებელ ვორონცოვ-დაშკოვის მეშვეობით სცადეს მიზნის მიღწევა, მაგრამ არ გამოუვიდათ.

1918 წლის გაზაფხულზე, ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე საზღვრების გამიჯვნის დროს, მათი წარმომადგენელი - ისტორიკოსი ლეო სამხრეთ საქართველოზე უფრო მეტს დაობდა, ვიდრე ოსმალეთთან საზღვრის დაზუსტებაზე.

იმავე წლის დეკემბერში, ჯავახეთის მითვისების მიზნით, სომხეთის არმია თავს დაესხა დემოკრატიულ საქართველოს, მაგრამ, ორკვირიან ომში სასტიკად დამარცხდა.

1919 წლის ვერსალის საზავო კონფერენციაზე არარეალური პროექტითა და ტერიტორიული პრეტენზიებით სომხებმა მსოფლიო პოლიტიკის მამებსაც დააღებინეს პირი 

რაკი 1921 წელს კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კალთაში ”მწიფე მსხალი” და სტალინ-ორჯონიკიძის ”ინტერნაციონალური” პოლიტიკით ლორე მიისაკუთრეს, მადა გაუღვივდათ და მომდევნო წელს, ერთიანი სომხური ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის მიზნით, ჯავახეთის ბორჩალოს მაზრაზე მიერთება მოითხოვეს.

მომდევნო პერიოდშიც შეადგინეს რამოდენიმე პროექტი, რომელიც ამ კუთხისთვის ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებდა. ზოგიერთი ცნობით, სწორედ ასეთი მოთხოვნების გამო მიახვრიტა ბერიამ საკუთარ კაბინეტში სომხეთის ცკ-ს მდივანი ხანჟიანი. 

სომხები ოკუპაციის დიდოსტატები არიან და ამისათვის სრულიადაც არ სჭირდებათ ტანკები. მათ მშვენივრად იციან, რომ კულტურის ძეგლებისა და ტოპონიმების მითვისება უფრო ქმედითი ხერხია და გეგმაზომიერად ახორციელებენ კიდეც ამას. სანიმუშოდ, ერევანში 1992 წელს გამოცემული სამენოვანი ბუკლეტის დასახელებაც გამოდგება, რომლის სახელწოდებაა ”ახალქალაქი” და ისტორიული ქართული პროვინცია გუგარქი/გოგარენეს სომხურობის დამტკიცებას ისახავს მიზნად. 1995 წელს იქვე დაიბეჭდა სამველ კარაპეტიანის რუკა-ცნობარი ”სომხური ეკლესიები საქართველოში”, რომლის თანახმადაც, ჩვენს ქვეყანაში, არც მეტი, არც ნაკლები, 650 ასეთი ძეგლი ყოფილა. ასე დაიჩემეს და მიისაკუთრეს წმინდა ჯვრის (სურბნ შან), ბეთლემის (ბეთლეჰემ), კრწანისის ღვთისმშობლის, ორმოც წამებულთა სახელობის (მეტეხის კლდესთან), სურბ-გევორქის, ნორაშენის ღვთისმშობლის, დამპალოს (ვაზიანი), ანანურის, დუშეთის წმ. გიორგის, ახტალას, თელეთის წმ. გიორგის, წავკისის წმ. სარგისის, გრემის, რატევანის, ტანძიას, ფიტარეთის, ვარდაშენის, ჰუჯაბის (ამ ეკლესიის ქართული სამშენებლო წარწერის განადგურების შესახებ ჯერ კიდევ 1896 წელს წერდა გაზეთი ”მოსკოვსკიე ვედომოსტი”), კუმურდოს, არაკალის, ჯიგრაშენის, ფოკას, ჩაილურის, სამშვილდის, არახლოსა და თქვენ წარმოიდგინეთ -- ზუგდიდის ეკლესიები, რომელთა ქართული წარმოშობა საისტორიო წყაროებითა და ხუროთმოძღვრული ანალიზით ეჭვს არ იწვევს (ერთ, თუნდაც მოზრდილ ბლოგტექსტში ამის დამადასტურებელი არგუმენტების მოყვანა შეუძლებელია. დაინტერესებულ მკითხველს ვთხოვ გაეცნოს სათანადო ლიტერატურას, თუნდაც - ბოლო ხანებში გამოცემულ სპეციალურ ნაშრომებს: ბონდო ქურდაძე, ”სომხური” თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!”, თბ; 1996 და დევი ბერძენიშვილი, ”ახალქალაქი ჯავახეთისაი”, ”არტანუჯი”, 1998, #7)

ქართველები, უმეტესწილად გასაოცარი გულგრილობა-ბედოვლათობით ადევნებდნენ თვალს სომეხთა კულტუროლოგიურ ექსპანსიას და მხოლოდ თეოლოგიური დისპუტებით შემოიფარგლებოდნენ (რა სჯობია პოლემიკაში გამარჯვებით აღძრულ ინტელექტუალურ ნეტარებას?!), თუმცა, ხანდახან ცხვარმაც იცოდა ხელის გამოღება, რაც თავგასული სომხობისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენით მთავრდებოდა. ერთი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული მეფე ერეკლე I-ის (ნაზარ ალი ხანი) ბრძანებაში, რომელშიც აღნიშნულია: ”ჩვენ, მეფეთა-მეფემან, პატრონმან ნაზარალი ხანმან, მოკითხული ვქენი და აქ, ქალაქში, ჯვრის მონასტრის მეტოქი საყდარი ყოფილიყო, ჟამთა ვითარებისაგან, იქ, იმის საყდრის გარეშემო სომხები დასახლებულიყვნენ. ისინი იქიდამ ავყარეთ და ის ალაგი, ვითარც ჯვრის მონასტრისა ყოფილიყო ჯვრის მონასტერს შევსწირეთ და ჯვარის მამა პართენს ვუბოძეთ.” 

თუმცა, ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო. სომხური მოსახლეობა ინტენსიურად იკავებდა გარეშე მტერთა შემოსევებისგან დაცლილ ქართულ ტერიტორიებს, ითვისებდა მანამდე იქ არსებულ ეკლესიებს და კვალის დაფარვის მიზნით ”ასომხურებდა” ტოპონიმებს. ასე გადაიქცა კლდისუბანი ”კარპითაღად”, სამშვილდე ”შამშულდად”, სამღერეთი ”სამგრეთად”, არაკვა ”არაკოვად”, ყულალისი ”ხულალისად”, მაჭატია ”მაჯადიად”, ახალციხე ”ახალცხად”, წყრუთი ”წუღრუთად”, წყალთბილა ”წღალთბლად”... თუმცა, ესენი რას მიქვია, როცა სომხურად არის გამოცხადებული ნათესაური ბრუნვის ფორმით, პრაქართულისთვის დამახასიათებელი მოდელით ნაწარმოები ისეთი სახელწოდებანი, როგორებიცაა: თბილისი, ბოლნისი, კრწანისი, მანგლისი, დმანისი, თუხარისი, ოლთისი.... ქართული ”ეთ” დაბოლოების მქონდე ალგეთი ალგეტ-ად გადაიქცა (თურმე ”გეტ” სომხურად მდინარეს ნიშნავს), ხოლო ტაოსკარი ”ტაიოცქარსად” (ქარს - სომხურად ”ქვა”).

სომეხთა მხრივ, ყოველგვარი ქართულის დაჩემება-დასაკუთრებაზე დიდი ხნის წინ წერდნენ ილია ჭავჭავაძე და დიმტრი ბაქრაძე, მიხელ თამარაშვილი და ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია, პავლე ინგოროყვა და გურამ მაისურაძე, ალექსანდრე ონიანი და ზურაბ სარჯველაძე, ალესანდრე აბდალაძე და ზაზა ალექსიძე, ჯემალ სტეფნაძე და შოთა ლომსაძე, ზემოთ უკვე ნახსენები დევი ბერძენიშვილი და ბონდო არველაძე.

ჰაოსის შოვინისტი შთამომავლების ამგვარი საქციელი ზოგჯერ საღად მოაზროვნე სომხების გულწრფელ აღშფოთებასაც იწვევდა. ამის ნათელი დასტურია, თითქმის ერთი საუკუნის წინ გაზეთ ”ნორ დარში” გამოქვეყნებული სიტყვები: ”როგორც სომეხთა და ქართველთა დაახლოების მომხრეს, გული მიკვდება ხოლმე, როდესაც ქართულ გაზეთებში ვკითხულობ: ამა და ამ სოფელში სომხებმა ქართველების ეკლესია მიითვისეს, ამა და ამ ნანგრევებს ქართული წარწერა ჩამოაცალეს და სანაცვლოდ სომხური გაუკეთესო... არ ვიცი, ეს რა ამბავია? ვერაფრით ამიხსნია და ამიტომ დაჯერებაც მეძნელება და როგორ უნდა დავიჯერო, როდესაც სომხეთში იმოდენა სიძველეთ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ. ყურადუღებლობით ინგრევა, მიწასთან სწორდება თვით აქამდე მკვიდრად მდგომი მონასტრები - ეკლესიებიც კი! სიძველესა და ნანგრევებს ვიღა ჩივის, როცა ეჩმიაძინის ცხვირწინვე სომხები ათასობით სტოვებენ მშობლიურ ეკლესიას... და რაც უფრო სამწუხაროა, თავიანთ მშობელ ერსაც კი მტრად უხდებიან”.

+ + + 

სომეხთა ამგვარი დამოკიდებულება ბუნებრივად შობს შესაბამის უკურეაქციას. 

ყველაზე ღრმად ამ ფენომენის გაგებას ქართული ლიტერატურა მიუახლოვდა.
მწარე გულისტკივილით ათქმევინა ილიამ ლელთ ღუნიას: ”აწინა, მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდა, მტერს მაინც ფარ-ხრმალით შევეთამაშით, ვიგერიებდით.... სვამეხს რაი ეყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ? ადრიდამ მტერთან ბრძოლაჩი, სწორების ჯობინობაჩი სახელ ვშოობდით, სვამეხთან ვაჟაი რაი სახელ ჩამორჩების.”

იმავე გულისტკივილმა დააწერინა ვაჟას პოემა ”ჰაოს და ქართლოს” და ქართულ-სომხურ ურთიერთობათა ლაიტმოტივად საგულვებელი სიტყვები: ”ძმა, როგორც გამიგონია, უნდა ძმას სჭერდეს მხარსაო, სულთა-მხუთავის ძმობასა, სჯობს კბილით ჰკვნეტდე ქვასაო”.

+ + + 

ამ სტრიქონობიის ავტორს ქსენოფობიით შეპყრობილ მიზანთროპად ნურავინ ჩამთვლით.

პირიქით, მე დიდად ვაფასებ სომეხ ხალხს , რომელსაც ქართველთა მსგავსად, ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორია გააჩნია და საუკუნეთა განმავლობაში, ყოფნა-არყოფნის უფსკრულის პირას მყოფმა, მაინც შეინარჩუნა ენა, რჯული და სახელმწიფო. 

ვაფასებ და მიკვირს - დალოცვილებს, საამაყო ისედაც ბევრი აქვთ, რომ კაკლის ნაცვლად ბამბა არ აჩხრიალონ და სხვისი წარსულის მისაკუთრებაზე დაამყარონ საკუთარი მომავალი.

ქართველი და სომეხი მეზობლობისთვის, ერთად ყოფნისთვის არიან განწირული და როდესაც გვერდში უდგანან ერთმანეთს, ყოველგვარ დაბრკოლებას იოლად სძლევენ (კინოხელოვნების ენაზე, ეს თემა შესანიშნავადაა გახსნილი გ. დანელიას ფილმში ”მიმინო”). რაც სომეხს აკლია, ის ქართველს აქვს მოჭარებულად და პირიქით. მათი თანადგომა, მათივე კეთილდღეობისა და კეთილმეზობლობის გარანტია - ”ია ტაკ დუმაიუ!”

მანამდე კი ქართველები ფრთხილად უნდა ვიყოთ და არგუმენტირებულად ვუპასუხოთ სამხრეთელი მეზობლების ღიად გაცხადებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს. ფხიზლად უნდა შევხედოთ მათ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინიციატივებსაც (სომხეთ-შავი ზღვის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა გოდერძის უღელტეხილზე, აგერ ახლახან გახმიანებული თხოვნა თურქეთში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ და ა.შ.). თითოეული მათგანი პოტენციური საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, ახლანდელი დამთხვეული ხელისუფლების პირობებში.

+ + + 

წინამდებარე ბლოგტექსტი მურმან ლებანიძის შესანიშნავი ლექსით მინდა დავასრულო:

”სომეხი ქართველს უამბობდა, პიტალო სახით/ უმზერდა ფრანგი, ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით.../ ”რა ვიხარეო, - თქვა სომეხმა, - რაფრად დანაყა,/ რა ჩხუბს ვუყურე, ერთმა კაცმა ოთხი გალახა,/ რომელსაც მოსდო, სათითაოდ ადგილზე დასვა, მიაწყ-მოაწყო და თავის გზით გასწია კაცმა”.../ ”ვენაცვალეო შიგ ჯიგარში! -(სომეხი იდგა)/ სად უყურეო, თუ კაცი ხარ?!” - ქართველმა ჰკითხა./ ფრანგს გაეცინა: ”რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!”/ არ კითხულობსო დალოცვილი მტყუანს და მართალს!”/ ”ამას უყურე! - თქვა სომეხმა, - ა ბრძანე აქო!/ ვაჟკაცობისა რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!”/ და თქვა ქართველმაც იდეური თანხმობით დოსტთან:/ ”ერთი - ყოველთვის მართალია ათთან და ოცთან!”/ ”ცოტანი ხართო! ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა!/ რიცხვობრიობის გაწუხებთო საკითხი!” - ფრანგმა.

”ია ტებე ადინ უმნი ვეშჩ სკაჟუ, ტი ტოლკო ნე აბიჟაისია” - ყური დაუგდეთ მურმანს, ”რიცხვობრიობის პრობლემა” გვაქვს მეც და შენც, ძმაო, სომეხო. ერთმანეთის შუღლი და ბუჩქებში მზირად ჩასხდომა არას გვარგებს, თორემ, იმ ფრანგის თქმის არ იყოს - ვერასოდეს გავალთ გაღმა ნაპირზე.

მე ეს კარგად მესმის. შენ, რაც უფრო მალე მიხვდები, მით უკეთესი, შენთვისვე და ორივესთვისაც!