გვჭირდება თუ არა ქართული სამხედრო ენციკლოპედია?

გვჭირდება თუ არა ქართული სამხედრო ენციკლოპედია?

წინამდებარე სტატიის გამოქვეყნება დღეს შეიძლება ვინმეს ანაქრონიზმად მოეჩვენოს. ალბათ, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და იმის რკვევას, რას ფიქრობდნენ ჩვენი გმირული წარსულის თაობაზე “უფროსი ძმები”, აზრი აღარ აქვს. მაპატიეთ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და მაქვს კიდეც საამისო არგუმენტები. ჯერ ერთი, “ველიკაია დერჟავა” ისევ არსებობს და მას მხოლოდ კიდეები შემოულოკა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე მოვარდნილმა ცუნამმა. მეორე და უმთავრესი - განვლილი დროის განმავლობაში ჩრდილოეთში ველიკოდერჟავული იდეებით შეპყრობილი მანიაკების რაოდენობა არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. ამდენად, ცნება რუსეთი და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული, დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ოცი წლის წინ. ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ფიქრობდნენ საქართველოზე კავკასიონის გადაღმა გუშინ და რას ფიქრობენ დღეს, როგორ აშუქებდნენ ჩვენს ისტორიას გუშინ და როგორ აშუქებენ დღეს, შესაბამისად—რას გვიპირებდნენ გუშინ და რას გვიპირებენ დღეს.

წარმოდგენილი ბლოგტექსტის მიზანია, მკითხველს შეახსენოს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც დიფერენცირებული სუბსტანცია განსხვავებული წარსულით, დღევანდელობითა და ხვალინდელი პერსპექტივით. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ესაა პრაქტიკულად უცვლელი მენტალობის მქონე გეოეთნოპოლიტიკური სივრცე, რომელსაც გააჩნია სამხრეთისკენ მიმართული იმპერიული ამბიციები და მათი რეალიზაციის შესატყვისი მეთოდები. აქ მხოლოდ ტანკები და თვითმფრინავები არ იგულისხმება. სხვისი წარსულის გაბიაბრუება და კულტურის იგნორირება შოვინისტური იდეოლოგიის ნაცადი იარაღია, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ, იყენებენ და მომავალშიც გამოიყენებენ. ფაქტები, რომლებიც ამ ბლოგტექსტშია დასახელებული, მხოლოდ მცირე ფრაგმენტია საბჭოთა წარსულიდან, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. არ დაუკარგავს იმიტომ, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მომხდარი ცვლილება მხოლოდ ტერმინოლოგიური ხასიათისაა და შინაარსი იგივე დარჩა. ამდენად, როცა ვსაუბრობთ საბჭოთა წარსულზე, იგულისხმება რუსეთის დღევანდელობაც. მოკლედ, პოეტის თქმის არ იყოს, “ვამბობთ - ლენინი და ვგულისხმობთ დიად პარტიას; ვამბობთ - პარტია და ვგულისხმობთ ვლადიმერ ლენინს.”

+ + + 

გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ ეფრონ-ბროკჰაუზის მსგავსად ერთ-ერთ ყველაზე აკადემიურ გამოცემად მიჩნეულ პავლეკოს ენციკლოპედიურ ლექსიკონში (1917 წლამდე იგი ხუთჯერ დაიბეჭდა) ერთნაირი ფორმატის ფოტოსურათებით იყვნენ წარმოდგენილი იმ დროისათვის ჯერ კიდევ საღსალამათი იმპერატორი ნიკოლოზ II და კომუნისტური იდეოლოგიის კარგა ხნის წინ გარდაცვლილი ბებიაკაცი... კარლ მარქსი.

მეტსაც გეტყვით. ლექსიკონის შემდგენელმა მირონცხებული მონარქისთვის მხოლოდ 23 სტრიქონი გაიმეტა, კაპიტალიზმის მესაფლავისთვის კი - მთელი 36.

თუ ამ მაგალითით ვიმსჯელებთ, უნდა დავასკვნათ, რომ მეცნიერულ სინდის-ნამუსს ცარისტულ რუსეთში გარკვეული გასავალი ჰქონია და პოლიტიკურ კაპრიზზე ადვილად არ იყიდებოდა. საინტერესოა, როგორი ვითარება იყო ამ მხრივ სკვითიაში იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლამის მესამედს “კაენის სულის აღზევებამ” გადაუარა?

1976-1980 წლებში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრომ მკითხველს მიაწოდა “სოვეტსკაია ვოენნაია ენციკლოპედია”-ს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული რვატომეული, რომელშიც ათეულათასობით სტატიაა განმარტებული.

მართალია საბჭოთა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკური მუტანტი იყო, მაგრამ შინაურულად ხალხთა ძმურ ოჯახად იწოდებოდა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ენციკლოპედიაში სრულად აისახებოდა კავშირში შემავალი ყველა ერის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის მასალები, რომელიც გარკვეული დოზით იქნებოდა გაჯერებული საერთაშორისო ინფორმაციითაც. ცივილიზებულ ქვეყანაში უთუოდ ასე მოხდებოდა, მაგრამ ბრეჟნევული უძრაობის ენციკლოპედიაზე მექანიკურად გავრცელდა ჩემი თაობის ადამიანებისთვის კარგად ნაცნობი “სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის” სასკოლო სახელმძღვანელოების სულისკვეთება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ხელთ შეგვრჩა არა სსრკ-ის, არამედ რუსეთის სამხედრო ენციკლოპედია, რომელშიც წითელი სატუსაღოს ბინადრებზე უკეთ და ვრცლად მსოფლიოს სხვა ხალხების ისტორია და სამხედრო საქმიანობა იყო წარმოდგენილი.

ბევრს გაეცინება, მოგცლიაო, მაგრამ თავის დროზე რვავე ტომი გულდასმით გადავათვალიერე. საგულდაგულოდ ვეძებე საქართველოს სამხედრო ისტორიის ამსახველი სტატიები, მაგრამ გავწბილდი. ენციკლოპედია საქართველოს შესახებ კრინტს ათასში ერთხელ თუ დაძრავს და როცა ნავსი ტყდება, მაშინაც შიშით იწყებ სტატიის კითხვას. წინასწარ ძნელია განჭვრიტო, როდის და როგორ ტყუილს წააწყდები, რას გაგიყალბებენ, დაგაბრალებენ და თავზე დაგამხობენ შენს ნაგვემ წარსულს.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ომები იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, უაზრობა იქნებოდა საკავშირო სამხედრო ენციკლოპედიისთვის ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ბრძოლის ასახვა მოგვეთხოვა, მაგრამ გარკვეული ზღვარი ხომ არსებობს?

ერთიანი ქართული სახელმწიფოს ან ცალკეული სამეფო-სამთავროების ეგიდით ჩატარებული ასეულობით ბრძოლიდან ცალკე სტატიებად მხოლოდ დიდგორის, მარაბდისა და კრწანისის ომებია გამოყოფილი. თითქოს არაფერი, მაგრამ ეჭვი მაინც ჩნდება - რატომ ერთი მოგებული და ორი წაგებული?! თანაც, სტრიქონთა რაოდენობა მარცხის პირდაპირპროპორციულადაა გაზრდილი. მოგებულ დიდგორს 22 სტრიქონი ეთმობა, წაგებულ კრწანისს 28 და მარაბდას- 33. ენციკლოპედიის მიღმა დარჩა ერწუხი, ბასიანი, გარისი, ტაშისკარი, მარტყოფი, ხრესილი, ასპინძა... რაც შეეხება შამქორს, იგი ცალკე სტატიადაა გამოყოფილი, როგორც რუსეთისა და ირანის ჯარებს შორის 1826 წელს მომხდარი შეტაკების ადგილი. ფაქტია- ენციკლოპედიის ავტორები 1195 წლის სახელოვან ეპოპეას არად აგდებენ და მაინცდამაინც, სანამ რუსის თოფი არ გავარდება, არც შამქორს ცნობენ შამქორად.

სამაგიეროდ არ დავიწყნიათ ბელგიაში, შარლერუას მახლობლად მდებარე სოფელი ფლერიუსი და აღნიშნულია, რომ აქ 1622, 1690 და 1794 წლებში (30-წლიანი ომის, პფალცის მემკვიდრეობის საკითხის გამწვავებისა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს) გაიმართა რამდენიმე ბრძოლა. სად ბელგია და სად საბჭოთა კავშირი, მაგრამ რას იზამ?

სტატიაში “დიდგორის ბრძოლა” ქართველთა წარმატების საიდუმლო ძალზე პრიმიტიულადაა ახსნილი. თურმე ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ დავითის მებრძოლებმა “ვნეზაპნო ატაკოვალი ოსტანოვივშიესია ნა ოტდიხ ვრაჟესკოე ვოისკო”. “ოტდიხი” რა შუაშია, ნამდვილად ვერ გავიგე, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ქართველებს პირისპირ შებმა ვერ გაუბედავთ და მტერს მაშინ დასხმიან თავს, როცა მხართეძოზე წამოწოლილი სელჩუკები თრიაქს ეწეოდნენ, თან ყომარს აგორებდნენ... ესეც ქართველთა სანაქებო საბრძოლო ხელოვნება!

ენციკლოპედიაში ცალკე სტატიადაა გამოყოფილი კოზელსკის ბრძოლა. ეს იყო ბათოს ჯარების მიერ პატარა ქალაქის რიგითი, არაფრით გამორჩეული საალყო ოპერაცია, რომლის დროსაც მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და სერიოზული ზიანიც მიაყენეს. თუ ამ მასშტაბით ვიხელმძღვანელებთ, საკითხავია, რატომ არ უნდა შესულიყო ენციკლოპედიაში, ვთქვათ, თბილისის ციხის ალყა ჯიბღუ ხაკანის მიერ 626 წელს, ან ყვარლის ციხის გარემოცვა ლეკთა მიერ ნურსალ ბეგის მეთაურობით 1755 წელს?

დავიჯერო, 1456 წელს ბელგრადთან უნგრეთისა და თურქთა ჯარებს შორის მომხდარი შეტაკება, ანდა 1592 წელს კორეელებსა და იაპონელებს შორის იმჯიანთან გამართული ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სსრ კავშირის ხალხთა ისტორიისთვის, ვიდრე, ვთქვათ, ხრესილის ან რუხის ბატალიები?

ენციკლოპედიაში არაპირდაპირ ცნობას ქართველთა მიერ გადახდილ ორ ომზე ვხვდებით. სტატიაში - “რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომი” გაკვრითაა ნათქვამი ერეკლეს მიერ ასპინძასთან მოპოვებულ გამარჯვებაზე, ხოლო სტატიაში- “სააკაძე” აღნიშნულია, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მეფე თეიმურაზი და დიდი მოურავი (ეს დაავიწყდებოდათ?!), თანაც შეცდომითაა მითითებული ბაზალეთის ბრძოლის თარიღი - 1628 წელი.

საქართველოს მიმართ გამოჩენილი სიძუნწის ფონზე, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ენციკლოპედიის ავტორებმა დამოუკიდებელ სტატიებად გამოჰყვეს “ასტრახანი”, “ასტრახანის თავდაცვა”, ასტრახანის კაზაკთა ჯარები” და “ასტრახანის აჯანყება 1705-1706 წწ.”, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი ერთ სტატიაში გაეერთიანებინათ.

ჯანდაბას, ასტრახანი რუსული სამყაროა (კაცმა რომ თქვას, არც მთლად რუსულია) და საბჭოთა ენციკლოპედიამ მის მიმართ მიკერძოება გამოიჩინა, მაგრამ ასეთივე პრეცედენტებს სხვა ქვეყნების მიმართაც ვხვდებით. მაგალითად, ცალკე სტატიითაა წარმოდგენილი (სამართლიანადაც) პელეპონესის ომები, მაგრამ ასევე დამოუკიდებელი სტატია ეთმობა იონიის ზღვაში მდებარე კუნძულ სფაქტერიას, სადაც ძველი წელთაღრიცხვის 425 წელს ბრძოლა გაიმართა ათენელებსა და სპარტელებს შორის. თანაც სფაქტერიას მთელი 45 სტრიქონი ეთმობა (შეადარეთ დიდგორის ბრძოლა - 22 სტრიქონი).

ენციკლოპედიაში სუსტადაა გაშუქებული საქართველოს პოლიტიკური ისტორია. ამაოდ დაუწყებთ ძებნას სტატიას- “საქართველოს სამეფო”, აღარაფერს ვამბობ გაერთიანებამდე და დაშლის შემდეგ არსებულ სამეფო-სამთავროებზე.

“ურარტუს” გვერდით არ იხსენიება “დიაუხი” და “კოლხა”, სამაგიეროდ დამოუკიდებელი სტატია ეთმობა “ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკასა” (ამ უდღეურმა პოლიტიკურმა წარმონაქნმა მხოლოდ ერთი თვე იარსება) და “ბუხარის საბჭოთა რესპუბლიკას”.

ცალკე სტატიად არც “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” არის გამოყოფილი. ამ საკითხზე მწირ ინფორმაციას გვაწვდის სტატია “ინტერვენცია ამიერკავკასიაში”. აქ მის ანალიზს აღარ შევუდგები. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ- 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა არსებულ საზღვრებში, ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი.

ენციკლოპედიაში კიდევ ერთმა უცნაურმა გარემოებამ იპყრობს ყურადღებას. ცალკე სტატიები ეთმობა ამიერკავკასიის “ნაციონალისტურ პარტიებს” (დაშნაკები და მუსავატელები), სამაგიეროდ - აბსოლუტურად იგნორირებული არიან ჩვენებური მენშევიკები.

ძნელი მისახვედრია, რამ განაპირობა ამგვარი შერჩევა. თუ მმართველი პარტიებია წარმოჩენილი, ჟორდანია და მისი გუნდი ვისზე ნაკლები იყო? თუ ნაციონალისტები ჰყავდათ მხედველობაში, მაშინ ქართველმა ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა რა დააშავეს?
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ან პირიქით, იმდენად მარტივია, რომ კომენტარი ზედმეტია.

ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ენციკლოპედიაში სოლიდურად არიან წარმოდგენილი ის პიროვნებანი, ვინც მხედართმთავრული, დიპლომატიური ან კონსტრუქტორული მოღვაწეობით დიდი როლი ითამაშა სამხედრო ხელოვნების ისტორიაში. შემდგენლები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან ოქროს შუალედი და მთლად საკუთარი მოღვაწეების გვერდით შესაძლო სისრულით გააშუქონ საკითხის საერთაშორისო ასპექტები. მოცემულ შემთხვევაში ეს წესი მხოლოდ ნაწილობრივაა დაცული. საბჭოთა ენციკლოპედია გარკვეულად იცავს რუსთა და უცხოელთა პარიტეტს, ხოლო კავშირში შემავალ ერებს, განსაკუთრებით - ქართველებს, იგნორირებას უკეთებს.

თავად განსაჯეთ - ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ამჟამად, შორეულ თუ უახლოეს წარსულში მოქმედი თითქმის ყველა რუსი გენერალი და პოლიტიკური მოღვაწე, რომანოვებისა და რიურიკების დინასტიათა ყველა წარმომადგენელი (მათ შორის აშკარა შეურაცხადებიც, ვისაც სამხედრო საქმესთან არანაირი შეხება არ გააჩნდა), მოსკოვის ერთიანი სახელმწიფოს შექმნამდე არსებული ყველა მნიშვნელოვანი სამთავროს მთავარი, დიდი მთავრები... ცალკე სტატიები აქვთ დათმობილი რუსეთში მომხდარი გლეხთა აჯანყებების რიგით ხელმძღვანელებსაც კი (შელუდიაკი, ხლოპუშკა, ბელობოროდოვი, შიგაევი, ჩიკა ზარუბინი... აღარაფერს ვამბობ ბოლოტნიკოვზე, ბულავინზე, რაზინსა და პუგაჩოვზე).

ერთი სიტყვით, სამხედრო მოღვაწეთა გალერეაში გამოფენილია ყველა, ვისაც რუსეთში ხმლისა და თოფის გარჩევა შეეძლო ლუდის კათხის ტარისგან, სისხლისა კი- არაყისგან.

გასაბჭოებამდელი ქართველი მოღვაწეებიდან ენციკლოპედიაში ცალკე სტატიით წარმოდგენილია მხოლოდ გიორგი სააკაძე, თანაც ილუსტრაციის გარეშე (აფსუს, კასტელის მშვენიერი პორტრეტები მაინც არ გვქონდეს) და მას 34 სტრიქონი ეთმობა.

შედარებისათვის – ბოგდან ხმელნიცკი სურათითა და 69-სტრიქონიანი ტექსტითაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, სხვაობა იოლი ასახსნელია. დიდი მოურავის ღვაწლი ხმელნიცკისას, ცხადია, ვერ შეედრება, რადგან მას რუსეთის იმპერიისთვის გოჯი მიწაც არ შეუმატებია, ამდენად ენციკლოპედიის შემქმნელთა სამშობლოს მიმართ დიდი ვალი დარჩა.

ენციკლოპედიის მიღმა დარჩნენ ფარნავაზი, ორივე ფარსმანი, გორგასალი, ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, ალექსანდრე დიდი, დელი სვიმონი, “მტერთსისხლმჩქეფე” სოლომონი...

ის გარემოება, რომ დამოუკიდებელი სტატიები ეთმობათ რიგით რუს მთავრებს, ერთ არც თუ მახვილგონივრულ კითხვას აღგვიძრავს – რატომ არ არიან მათ გვერდით მოხსენიებული ასევე რიგითი ქართველი მთავრებიც, მაგალითად: ლევან დადიანი, ყვარყვარე და მანუჩარ ათაბაგები, როსტომ რაჭის ერისთავი? მთავრები იქით იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ, შემდგენელებს ის ქართველი მეფეებიც დავიწყნიათ, რომლებმაც საგარეო პოლიტიკის ძირითად ორიენტირად რუსეთთან კავშირი დაისახრს და მფარველობის ხელშეკრულებებიც დადეს. ასე რომ, ენციკლოპედიაში ადგილი ვერც კახბატონ ალექსანდრე მეორისთვის, თეიმურაზისთვის, ვახტანგ მეექვსისა და ერეკლესთვის მოიძებნა. 

ამაოდ დაუწყებთ ძებნას სტატიას “გეორგიევსკის ტრაქტატი”. იგი გაკვრით მოიხსენიება სტატიაში - “კრწანისის ბრძოლა”, სადაც აღნიშნულია, რომ 1796 წელს, ხელშეკრულების თანახმად, ირან-თურქეთის აგრესიისგან დასაცავად ქართლ-კახეთში შეიყვანეს რუსეთის ჯარი. აქ გამოტოვებულია მთავარი, სახელდობრ ის, რომ შეზღუდული სამხედრო კონტიგენტი (ორი ქვეითი ბატალიონი და ოთხი ზარბაზანი) ეკატერინე II-მ ადრევე უმიზეზოდ გაიყვანა ქვეყნიდან და დააღალატა მისი მოიმედე ერეკლე, რომელმაც კრწანისის ბრძოლის წინ 5000 მებრძოლი ძლივს მოაგროვა აღა მაჰმადის უზარმაზარი ურდოს წინააღმდეგ. როგორც ვხედავთ, ჩრდილოეთში აშკარად დავიწყნიათ მათ მიერ “მოყვრულად” დარღვეული “ძმური” ხელშეკრულება და, ალბათ, კარგა ხანს არც გაახსენდებოდათ, 1983 წელს ინტერნაციონალური განგაში რომ არ აგვეტეხა და ქოს-ნაღარის ცემით გვედღესასწაულებინა “უდიდესი” თარიღის ორასი წლის იუბილე საქართველოს ისტორიაში.

რუს ენციკლოპედისტებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ “მთლად ქართული” და “მთლად ქართველი”. გასაგებია, რატომაც, მაგრამ თუ ეს ქართული და ქართველი ველიკორუსულის სამსახურში დგას, მაშინ დუქნის კარი ღიაა... ასე მოხვდნენ ენციკლოპედიის ფურცლებზე ნაპოლეონთან ომის დროინდელი გენერლები ბაგრატიონი და ქუთაისოვი, როგორც რუსი მხედართმთავრები. თუ ბაგრატიონთან დაკავშირებით გაკვრით მაინცაა მინიშნებული მისი წარმოშობა ძველი ქართული თავადური (ჰმ, თავადური?!) საგვარეულოდან, ქუთაისოვი საერთოდ უქუთაისოდაა განმარტებული.

ბაგრატიონისა და ქუთაისოვის რუსგენერლობა რა მოსატანია, როცა ასევე რუსადაა გასაღებული პეტრე I-ის ეპოქის შვედი გენერალი ბოურა. ალბათ, ეს დიდი პატივი მან იმით დაიმსახურა, რომ კარლოს XII-ს უღალატა და რუსების მხარეს გადავიდა... ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. შვედი გენერლის გარუსება გასაგებია (იფიქრეს, ძველი ამბავია და მომჩივანი არ გვეყოლებაო), სამაგიეროდ სტალინგრადთან ტყვედ დანებებული და მერე საბჭოთა ხელისუფლების მხარეს გადასული პაულუსის გადანათვლა ვეღარ გარისკეს, ვაი თუ ცხონებული ფელდმარშლის ნათესავებმა პროტესტი გამოთქვანო. არადა, როგორ ჟღერს - “ფელდმარშალ პაულიუს - სოვეტსკიი გენერალ”!

შემდგენლებმა თავი შეიკავეს ბაგრატიონთა ცალკე სტატიად აღნიშვნისგან. სამაგიეროდ, არ დავიწყნიათ კაროლინგები და მისი დამაარსებელი პიპინ მოკლე.

ყოფილი უფროსი ძმები დავით აღმაშენებელზე წინ პიპინს აყენებდნენ. ღმერთმა მშვიდობაში მოხმაროთ სხვისი მოკლეც და თავისი დოლგორუკიც. რუსეთში, ჩანს, დღემდე არ განელებულა სიმორცხვის გრძნობა 1801-1810 წლებში დამხობილი ბაგრატიონების მიმართ. სამეფო დინასტია ხომ დაივიწყეს და დაივიწყეს, მაგრამ 1943 წლის გაზაფხულზე წითელი არმიის მიერ ბელორუსიაში განხორციელებული შეტევის კოდურ სახელწოდებას—“ბაგრატიონი” - რაღას ერჩოდნენ, გამოცანად რჩება, მით უმეტეს, რომ სხვა კოდური სახელწოდებანი (მაგალითად - “რელსოვაია ვოინა”) დამოუკიდებელი სტატიებითაა წარმოდგენილი. 

თევდორე მღვდელმა რომ 1609 წელს საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ქვეყანა, რა მოსატანია. თუმცა რუს თევდორეს, კოსტრომელ გლეხ ივანე სუსანინს (მან ოთხი წლის შემდეგ ჩაიდინა ანალოგიური გმირობა) 33 სტრიქონი აქვს დათმობილი.

შესაბამის ტომებში ცალკე სტატიები აქვთ დათმობილი იტალიისა და იუგოსლავიის წინააღმდეგობის მოძრაობის ცნობილ მონაწილეებს II მსოფლიო ომის დროს თევდორე პოლეტაევს და ჰუსეინ ზადე მეჰთი მანიფა ოღლის. დავიწყების ჩრდილი ამჯერადაც ჩვენებურისკენ გადაიხარა. აპენინელთა სიამაყე ფორე მოსულიშვილი უთუოდ წარმომავლობის გამო დაიჩაგრა.

ენციკლოპედიის მერვე ტომში კიდევ ერთი სიურპრიზია ქართველებისთვის. მხედველობაში მაქვს სტატია - “ტექსელის საზღვაო ბრძოლა”. თურმე, ნუ იტყვით და ამ კუნძულთან 1673 წელს ჰოლანდიელთა ფლოტს ინგლისელებისა და ფრანგების გაერთიანებული ესკადრა დაუმარცხებია. კი მაგრამ, ქართული ბატალიონის ამბოხება?

ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ, რომ ჰოლანდიელთა ერთ-ერთ გემზე სააფრე ბაგირის დამჭიმავად ინკოგნიტო რუსი მეზღვაური მსახურობდა, რომლის ვინაობას შემდგენლები უახლოეს მომავალში დაადგენენ.

ენციკლოპედიაში არც პეტრე I-თან თანშეზრდილი, რუსეთის არმიის პირველი ფელდცეხმაისტერი ალექსანდრე ბატონიშვილი იხსენიება და არც საფრანგეთის “გათავისუფლების ჯვრის” კავალერი დიმიტრი ამილახვარი. ეს უკანასკნელი ელ-ალამეინთან დაიღუპა ჩრდილოეთ აფრიკაში და ფრანგებმა მისი სახელი მიაკუთვნეს სენ-სირის უმაღლესი სამხედრო სკოლის 1956 წლის გამოშვებას (600 კურსდამთავრებულს).

გაუგებარი მიზეზების გამო მოხვდა შერისხულთა სიაში ქართველი გამომგონებელი ვლ. ბექაური, რომელიც 1921 წელს მთავრობის დავალებითა და პირადად ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით “განსაკუთრებული ტექნიკური ბიუროს” ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ბიუროში არაეთი ორიგინალური კონსტრუქცია დამუშავდა.

ფაქტია - საბჭოთა სამხედრო ენციკლოპედიას ქართველები არ აინტერესებს. სამაგიეროდ, მკითხველს შეუძლია მისი ფურცლებიდან ვრცელი ინფორმაცია მიიღოს იან ჟიჟკასა და მორის ორანელის, ფრიდრიხ ბარბაროსასა და სუნ სინის, ნარსესისა და აუნ სანის, სციპიონისა და დევლეთ გირეის, ასევე- არაერთი ცნობილი ფაშისტი ლიდერის შესახებ.

საკითხავია, მაგალითად, რატომ არ მოხვდა კანარისის გვერდით ბერია? ის ხომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდა და რუსეთის “მტრებს” ჟლეტდა? თუ იმას უთვლიან ნაკლად, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის იბრძოდა, ესეც რუსეთის გასაძლიერებლად უნდოდა. ან იქნებ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ბერია უკეთ გაართმევდა თავს წითელი იმპერიის მართვას, ვიდრე ნიკიტა “ბათინკტრიბუნათმცემელი”, რომელსაც ხალხმა სიცოცხლეშივე უწოდა “ვანკა დურაკ ნა ტრონე” და უშურველად უბოძა “კუკურუზნიკის” საპატიო ტიტული? 

სამაგიეროდ, შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ ჯანელიძე, ჩანჩიბაძე და ლესელიძე, პარტმუშაკი ელიავა, ავიაკონსტრუქტორი ბერიევი (ბერიაშვილი), კიკვიძე, ორჯონიკიძე და, რაღა თქმა უნდა, სტალინი.

რა დავაშავეთ ასეთი, რომ ჩვენი ყოფილი ვრცელი “სამშობლოს” სამხედრო ენციკლოპედიაში უამრავი კარგი ქართველისთვის ადგილი არ მოიძებნა? 

+ + + 

ბარემ, საქართველოსადმი გამოვლენილი ყურადღების კიდევ ერთი ასპექტი გავაანალიზოთ.

სამხედრო ენციკლოპედიაში, ცხადია, ჯეროვნად უნდა აისახოს საფორტიფიკაციო ნაგებობანი. ალბათ, იფიქრებთ, ციხე-სიმაგრეებით მაინც ვართ მდიდარი და რა ღმერთი გაუწყრებოდათ შემდგენლებს, რამდენიმეს მაინც გაიხსენებდნენო. შეგიძლიათ მშვიდად ბრძანდებოდეთ - არ გახსენებიათ! სამაგიეროდ ვრცელი სტატიებითაა წარმოდგენილი ყველა რუსული “კრეპოსტი”, რომელთაგანაც ზოგიერთს ტყვია და ყუმბარა კი არა, ონავარი ბიჭის “ლაკარტკიდან” გასროლილი კენჭიც არ მოხვედრია.

აი ნათელი მაგალითი. მეექვსე ტომში არის სტატია “ოვიდიოპოლკის ციხე-სიმაგრე”. მის შესახებ აღნიშნულია - “რუსსკაია კრეპოსტ 18-19 ვვ. ნა იუჟნიხ გრანიცახ გოსუდარსტვა... სოორუჟენა ვ 1796 გოდუ...…ბოევიხ დეისტვიი ვ რაიონე ო.კ. ნე ბილო. უჟე კ 20-იმ გგ. 19 ვეკა ო.კ. პოტერიალა სვოიო ზნაჩენიე, კაკ. ობორონიტ. სოორუჟენიე”.

ამ დროს არა თუ ცალკე სტატიებით, გაკვრითაც არაფერია ნათქვამი ნარიყალას, უქიმერიონის, ხერთვისის, უფლისციხის, ბირთვისის, სამშვილდის, ლორეს, გორის, სურამის, წებელდის, თმოგვის, რუხის, შორაპნისა და სხვა ქართულ ციხეთა შესახებ, რომელთა კედლებს დღემდე ატყვია ათასი ჯურის გადამთიელის ნათოფარ-ნაყუმბარალი. მხოლოდ ანანურის ფოტოსურათს ვხვდებით, იმასაც უსტატიოდ.

ენციკლოპედიის ავტორებს ასევე “გამორჩათ” მხედველობიდან ქართულ მატიანეთა კრებულის - “ქართლის ცხოვრება” - არსებობა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის 28 სტრიქონი დაეთმოთ “მთლად რუსული” საისტორიო კრებულისთვის - “პოვესტ ვრემენნიხ ლეტ”.

ასევე მოექცნენ ქართული სამართლის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს: “ხელმწიფის კარის გარიგება”, “ბექა-აღბუღას სამართალი”, “დასტურლამალი” “მორიგე ლაშქრის განჩინება”... ჩრდილში აღმოჩნდა XVIII საუკუნის ბუმბერაზი ისტორიკოსი და კარტოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი (ჩანს, არაფრად მიაჩნიათ მისი ამაგი მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში)

ენციკლოპედიის ქართული თემატიკა, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, წარმოდგენილია სტატიებით: “ახალციხე”, “ბათუმი”, “ქართველ გრენადერთა პოლკი” და “თბილისის სამხედრო ოლქი”

ბოლო ორზე არაფერს ვიტყვი, “ბათუმი” და “ახალციხე” კი ღირს იმად, რომ მათზე ყურადღება შევაჩეროთ.

პირველ რიგში, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ მაინცდამაინც ეს ორი ქალაქი და არა, ვთქვათ თბილისი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ქუთაისი?

ბათუმის ისტორიის თხრობისას სტატიის ძირითადი ნაწილი დათმობილი აქვს იქაური პროლეტარიატის ბრძოლას მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ახალციხესთან დაკავშირებით ტენდენციურობა გაცილებით შორს მიდის. აღნიშნულია, რომ ქალაქის ისტორია მეორე საუკუნიდან იწყება, თავიდან იგი შედიოდა სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში (?), მერე ბიზანტიამ დაიპყრო, ხოლო XI საუკუნეში საქართველომ მოიპოვა (ეს “მოიპოვა” როგორ მოგწონთ?), 1508 წელს თურქებმა დაიპყრეს, მერე სპარსელებმა, 1637 წელს- ისევ თურქებმა...

აი, თურმე, რაშია საქმე. ბათუმი საბჭოთა ხელისუფლებისთვის თავგადამკვდარი ნორჩი ქალაქი ყოფილა, ახალციხე კი იმისთვის დასჭირდათ, მკითხველს ბანგივით შეაპარონ- ეს ტერიტორია ქართული არ ისო.

ვის გაახსენდა, სომეხთა მიერ დაპყრობამდე ახალციხის ტერიტორია დიაუხის ქართველური ტომებით დასახლებული სახელმწიფოს შემადგენლობაში რომ შედიოდა?

+ + + 

ალბათ, იკითხავთ- დალოცვილო, ან შენ რისთვის შეიწუხე თავი უკვე არარსებული სახელმწიფოს სამხედრო ენციკლოპედიის ჩხრეკით, ან ჩვენ რას გვერჩოდიო.

მართლაცდა, რას აძლევს თანამედროვე ქართველებს იმის ცოდნა, როგორ გვიქიაქებდა და გვიბითურებდა ჩვენი ქვეყნის სახელოვან წარსულს ჩრდილოელი მეზობელი?

პასუხად კიდევ ერთხელ, შეგნებულად უნდა გავიმეორო ის, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ ბლოგტექსტის დასაწყისში. მე, პირადად, ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური სიმბიოზი, არსად წასულა. იგი აქვეა, ყურის ძირში, შეიძლება უფრო ახლოც, ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი თანამემამულის ცნობიერებაში.

ამ საბჭოთა კავშირს ათკაპიკიანი ბენზინის, ოცკაპიკიანი კათხა ლუდის, მანეთიანი შაქრისა და კარაქის, მოსკოვის რესტორნებში გრიალისა და წყალტუბოში საგასტროლოდ ჩამოსული ქერათმიანი ქალების მონატრება ჰქვია (კარგია ტკბილი ოცნებები).

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე აქვს ვაზიან-კოპიტნარ-ბათუმ-ახალქალაქში სამხედრო ბაზების, ახალციხის გზაზე საკონტროლო-გამშვები ხერგილისა და მოსკოვში საქმის ჩასაწყობად ჩასული ქართველებისგან ნაძღვნევი “ჩაჩას” ნოსტალგია.

არც იმაზე დავასველებ სიტყვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება, პოლიტიკური დისტანცირებისა და მყვირალა ანტირუსული განცხადებების მიუხედავად, საეჭვოდ აწვება ეკონომიკაში თითქმის რუსული, კინაღამ რუსული და აშკარად რუსული კომპანიების ლობირებას (დავასველე და ეგაა).

ერთი სიტყვით, “ის” აქაა, ვენატრებით და ვესურვილებით. ჩვენშიც ბარე ორს მოექცა კისერი კავკასიონის გადაღმა ცქერით და ამოუღამდა თვალები ახალგორიდან წამოსული ტანკების საამური გრუხუნის მოლოდინში.

ამდენად, რუსეთი ისევ აქტუალური თემაა და დღეს, მასთან ვირტუალური დამშვიდობებიდან 20 წლის შემდეგ, უპრიანია ახალმა თაობებმა იცოდნენ, ვისთან გვქონდა საქმე, რას ფიქრობდა ჩვენზე, როგორ გვაფასებდა და რას გვიპირებდა.

მეზობლის სულსა და თვალებში ჩახედვა საუკეთესო საშუალებაა მისი გულისნადების გასაგებად.

+ + + 

ახლა წინამდებარე ბლოგტექსტის კონკრეტული მიზანდასახულების შესახებ.

რადგან რუსულენოვან და, ამდენად, მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომ სამხედრო ენციკლოპედიას ფეხებზე ვკიდივართ, ხოლო ინგლისურენოვან გამოცემებში საქართველოს შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, ხელისუფლებამ, კერძოდ- თავდაცვის სამინისტრომ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა.

დასაწყისისთვის უნდა შეიქმნას კომპეტენტური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხას და სათანადო პროსპექტს.

ქართულ სამხედრო ენციკლოპედიაში (წინასწარ ძნელია თქმა, რამდენ ტომს შეადგენს იგი) მაქსიმალურად უნდა გაშუქდეს შემდეგი საკითხები: 1) სამხედრო მოღვაწეთა პერსონალია (მეფეები, სახელმწიფოს მეთაურები, პრეზიდენტები, მინისტრები, სარდლები, გენერალიტეტი, ოფიცერთა კორპუსი, გამოჩენილი მებრძოლები); 2) შეირაღებულ ძალთა სახეობანი ძველად და ახლა; 3) საკითხის შესახებ არსებული საისტორიო წყაროები და ისტორიოგრაფია, სამხედრო ისტორიკოსები; 4) ბატალოგრაფია (გადახდილი ომები); 5) ფალერისტიკა (ორდენები და სხვა სამხედრო ჯილდოები) 6) სამხედრო ტერმინოლოგია, წოდებანი და თანრიგები; 7) საფორტიფიკაციო ნაგებობანი და თანამედროვე დაცვითი სისტემები; 8) სამხედრო საქმის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებანი; 9) სამხედრო კონსტრუქტორები; 10) ქართული ან საქართველოში დამზადებული იარაღის სახეობები; 11) დიპლომატები; 12) უცხოეთის ქვეყნებთან დადებული საზავო, სამხედრო-სამოკავშირეო და მფარველობითი ხასიათის ხელშეკრულებანი; 13) ქართველები და ქართული შენაერთები სხვა ქვეყნების სამხედრო სამსახურში, თანამედროვესამშვიდობო მისიები კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში; 14) სამხედრო სპეციფიკის მქონე სამართლებრივი აქტები; 15) ამგვარივე ტიპის საერთაშორისო ინფორმაცია (შერჩევით).

ვფიქრობ, სათანადო ნების შემთხვევაში ამ ამოცანის განხორციელება სამ-ოთხ, მაქსიმუმ ხუთ წელიწადში სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს,ჩვენ უკვე გაგვაჩნია ენციკლოპედიაზე მუშაობის გამოცდილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1979 წელს დაწყებული საქართველოს ისტორიის ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოცემა პირველივე ტომზე გაიყინა და ამის შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა. რამდენადაც ვიცი, ათიოდე წლის წინ თავდაცვის სამინისტროში არსებობდა გარკვეული გეგმა-მონახაზი, მაგრამ უსახსრობის გამო ეს წამოწყებაც ჩაიშალა.

ქართულ ენციკლოპედიაზე მუშაობის პარალელურად უნდა მომზადდეს მისი ელექტრონული ვერსიები რამდენიმე საერთაშორისო (პირ