ეროვნული საგანძურის გარეშე ვრჩებით, ბატონებო!

ეროვნული საგანძურის გარეშე ვრჩებით, ბატონებო!

(ღია წერილი მდიდარ ქართველებს)

ბ-ნო ... (მრავალწერტილის ადგილზე საკუთარი თავი შეუძლია იგულისხმოს ყველას, ვინც ფინანსურ ხელმოკლეობას არ უჩივის და შიგადაშიგ საქვეყნო საქმის გაკეთების სურვილი გააჩნია.

ღია წერილით მიმართვა ჟურნალისტიკაში ფრიად გავრცელებული, მაგრამ არანაკლებ მოძველებული ხერხია. არ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რამდენი ასეთი უსტარი იწერება მსოფლიოში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ მაჩვენებლით საქართველო უალტერნატივო ლიდერი იქნება ორივე ნახევარსფეროში. მხედველობაში მაქვს მხოლოდ გამოქვეყნებული, ე.ი. ადრესატამდე მიღწეული პუბლიკაციები (თუ დაბეჭდვას და მიმართვის ობიექტის საქმის კურსში ჩაყენებას პირდაპირპროპორციულ ცნებებად ჩავთვლით), თორემ დაწერილი და ყურადღებამიუქცეველი წერილების რაოდენობა, მინიმუმ, სამჯერ მეტი რომ იქნება, ეჭვიც არ მეპარება.

გულახდილად გეტყვით, წინამდებარე მიმართვა დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერე და ამდენი ხნის განმავლობაში მაუდქვეშ მქონდა ამოდებული, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. შეიძლება ვინმემ მკითხოს, დალოცვილო, თუ თავი შეიწუხე, გამოქვეყნებას წინ რაღა ედგაო. არც არაფერი. დღეს, მრავალფეროვანი ბეჭდური და ელექტრონული მედიის პირობებში ერთი წერილის გამოქვეყნება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს და ამის გაკეთება არც მე გამიჭირდებოდა, მაგრამ სხვა რამის გამო შევიკავე თავი. ფუჭი ვაზნების გასროლა ჩემი ჰობი არაა. თუ ოდნავი იმედი არ გაქვს ადამიანს, რომ შენს მცდელობას გამოხმაურება მაინც მოჰყვება (დაინტერესებასა და შედეგზე აღარაფერს ვამბობ), არც ქაღალდის დახარჯვას აქვს აზრი და არც დაწერილის სამზეოზე გამოტანას.

როგორც ხედავთ, ამ წერილის გამოქვეყნება მაინც გადავწყვიტე. ამას ორი მიზეზის გამო ვაკეთებ: 1) პრობლემა, რომელსაც სავარაუდო მეცენატების ყურადღება მინდა მივაპყრო, უაღრესად მწვავეა და მისი უმოკლეს ვადაში მოგვარება უსაშურეს საქმედ მიმაჩნია; 2) მაქვს შინაგანი, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი რწმენა, რომ მიმართვაში დასმულ საკითხს რამდენიმე ადამიანი მაინც არ აუვლის გულგრილად გვერდს და ამით კიდევ ერთი საქვეყნო საქმე გაკეთდება.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. როგორც ხედავთ, ინკოგნიტოდ დარჩენას ვამჯობინებ. ფსევდონიმით მიმართვა შეგნებულად ვარჩიე. მესმის, მდიდარი და ქველმოქმედი ადამიანების ირგვლივ უამრავი ჭიაღუა ფუთფუთებს და ცდილობს მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. ისიც მესმის, რომ მდიდარი ადამიანები ზედმეტად ეჭვიანები ბრძანდებით. არ მიკვირს და არც გაგეწბილებათ. ასეთი გრძნობა, ალბათ, საქვეყნო საქმის ნებისმიერ გულშემატკივარს გაუჩნდებოდა და, საერთოდ, ეჭვი, თუ ავადმყოფურ გადახრებს არ ემყარება, სრულიად ბუნებრივი ადამიანური თვისებაა. ამ საკითხზე შემთხვევით არ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას. თუ ისე მოხდა, რომ წინამდებარე მიმართვას რომელიმე თქვენგანი უშუალოდ გაეცნობით, არ მინდა იფიქროთ, რომ რაიმე პირადი (თუნდაც პატიოსნად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე) ინტერესი მამოძრავებს. მე მხოლოდ პრობლემა მინდა დაგანახოთ და განსახორციელებელ ღონისძიებათა მონახაზი შემოგთავაზოთ. არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, უშუალოდ ვიყო ჩართული მასში არა თუ ხელმძღვანელის, რიგითი შემსრულებლის სახითაც კი. Pპრობლემა, რომლის შესახებაც გწერთ, ფრიად სპეციფიკურია და მისი განხორციელება მხოლოდ კონკრეტული დარგის სპეციალისტთა მონაწილეობით შეიძლება. მე ამ საქმესთან არანაირი შეხება არ გამაჩნია.

მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ.

საქართველო უპირველეს წიგნსაცავში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართულ პერიოდულ გამოცემათა უნიკალური ფონდია დაცული. მათ შორის არაერთია ისეთი, რომელიც ერთადერთი ეგზემპლარის სახითაა შემორჩენილი. ზედმეტია საუბარი იმის შესახებ, სულიერი მემკვიდრეობის რა უძვირფასეს საუნჯესთან გვაქვს საქმე, რა მნიშვნელობა ენიჭება თითოეულ მათგანს თანადროული ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესასწავლად და რაოდენ საშურია ამ გამოცემათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დიახ, სწორედ უსაფრთხოება მაქვს მხედველობაში.

თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ შესაძლოა ბეჭდური მემკვიდრეობის არაერთი თვალსაჩინო ნიმუში თვალსა და ხელშუა შემოგვადნეს. ზემოთქმული განსაკუთრებით 1921 წლამდე გამოცემულ, ე.წ. გასაბჭოებამდელ პერიოდიკას ეხება.

ერთ კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ.

სტუდენტობის დროს, 1981 წელს, წრეში წასაკითხ სამეცნიერო მოხსენებასთან დაკავშირებით ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაცული გაზეთების -“სოციალ-დემოკრატი”, “იმერეთი” და “კოლხიდა”- 1911-1917 წლის ნომრებზე მომიხდა მუშაობა. საბჭოთა პერიოდში ეს უბრალო საქმე არ იყო და საგანგებო ნებართვის მიღება დამჭირდა. გუშინდელივით მახსოვს, “პადშივკები” ისეთი ხალასი იყო, რომ სტამბიდან წინადღით გამოტანილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოგვიანებით, 90-იანი წლების ბოლოს კიდევ ერთხელ დამჭირდა ეს გამოცემები და თავზარდაცემულმა აღმოვაჩინე, რომ იმას, რაც ჩემს წინ იდო მაგიდაზე (განსაკუთრებით “სოციალ-დემოკრატს”), ნაკლებად შეიძლება დარქმეოდა გაზეთი. ისინი სასწაულის ძალით ჯერ კიდევ აკინძულ მდგომარეობაში მყოფი ნაფლეთების გროვას უფრო წარმოადგენდნენ, რომელთა გადაფურცვლაც კი უკვე შეუძლებელი იყო.

უკეთესი მდგომარეობა არც პარლამენტის ბიბლიოთეკაშია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ სამეცნიერო პროექტთან დაკავშირებით ინტენსიურად ვიმუშავე 1900-1921 წლებში გამოცემულ ქართულ ჟურნალ-გაზეთებზე. მინდა გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა კატასტროფულია. თავი დავანებოთ იმას, რომ დაბალი შინაგანი კულტურის მკითხველი (არ გაგიკვირდეთ, აკადემიურ წრეებშიც ბევრია ასეთი) ფანქრით ან ავტოკალმით აკეთებს შენიშვნებს მარგინებზე. მთავარი საფრთხე მაინც ისაა, რომ აღნიშნულ გამოცემათა დიდი ნაწილის ქაღალდის შინაგანი სტერუქტურა უკვე დარღვეულია. ხშირად გაზეთის გვერდი საკუთარ სიმძიმესაც ვერ უძლებს და რაც უნდა ფრთხილად სცადო გადაფურცვლა, მაინც იხევა. მკითხველები ხშირად ზემოდან იდაყვებით ეყრდნობიან “პადშივკას”, რაც ქაღალდის ზედაპირულ ცვეთას იწვევს და თუ გაზეთის გვერდი მექანიკურ დაზიანებას მაინც გადაურჩა, ხშირად უკვე ძნელად წასაკითხი ხდება.

1991 წლის შემდეგ ქართულ მეცნიერებაში არნახულად გაიზარდა ინტერესი XX საუკუნის 10-20-იანი წლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის მიმართ. საარქივო დოკუმენტებთან ერთად, იმდროინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ვითარების შესასწავლად ფასდაუდებელია პერიოდიკაში გაბნეული ზღვა ინფორმაცია. სწორედ პრესას (განსაკუთრებით - ყოველდღიურს) აქვს სპეციფიკური უნარი, იშვიათი სიზუსტით ასახოს საზოგადოებრივი ცხოვრების სიღრმისეული პლასტები. ამის გამო დაინტერესება მკვლევართა მხრიდან სულ უფრო და უფრო იზრდება. ყოველდღიურად მხოლოდ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული სპეციალისტი (არა მხოლოდ) მუშაობს უნიკალურ ბეჭდურ გამოცემებზე. დაუმატეთ ამას ჟურნალისტიკის მომრავლებული ფაკულტეტების ასეულობით სტუდენტი... ეს ნიშნავს, რომ რარიტეტების დაზიანების ალბათობაც შესაბამისად იზრდება.

შეგახსენებთ, საუბარია ისეთ უნიკალურ გამოცემებზე, როგორებიცაა: “ივერია”, “ცნობის ფურცელი” და მისი სურათებიანი დამატება, “კვალი”, “ისარი”, “კლდე”, კოლხიდა”, “იმერეთი”, “სამშობლო”, “სოციალ-დემოკრატი”, “სოციალისტ-ფედერალისტი”, “საქართველო”, “ერთობა”, “მეგობარი”, “ჩვენი ქვეყანა”, “სახალხო საქმე”, “მოგზაური”, “სახალხო ფურცელი” “ჩვენი ქვეყანა”, “საქართველოს რესპუბლიკა” და ა.შ. (ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. სრული ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ გ. ბაქრაძის მიერ მომზადებულ ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში).

არსებობს თუ არა გამოსავალი?

ცხადია, არსებობს, ოღონდ მისი განხორციელება გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. 

მახსოვს, ჯერ კიდევ ჩემს სტუდენტობაში, 70-80-იანი წლების მიჯნაზე წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა მეცხრეხარისხოვანი ბოლშევიკური გაზეთის - “ბრძოლა” - განახლებული ფოტოგამოცემა, რომელსაც ლამინირებული მუყაოს ყდა ჰქონდა და დაბეჭდილი იყო მაღალი ხარისხის ცარცის ქაღალდზე.

ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული გამოცემები მნიშვნელობით ბარე ასჯერ მაინც აღემატება “ბრძოლასაც” და სხვა ბოლშევიკურ მაკულატურასაც, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ პროკლამაციათა კრებულებს წარმოადგენენ და ინფორმაციული თვალსაზრისით არაფერს იძლევიან იმდროინდელი საზოგადოებრივი განვითარების ძირითადი ტენდენციების დასახასიათებლად.

დღეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე, თუნდაც, 25-30 წლის წინ. ჯერ კიდევ გადარჩენილ პერიოდულ გამოცემათა ფოტოგრაფირება და ხელახლა გამოცემა (თუნდაც სიმბოლური ტირაჟით, თითოეული “პადშივკა” - 500 ან 1000 ეგზემპლარი) დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში არა მხოლოდ აკადემიურ წრეებს, არამედ რიგით, დაინტერესებულ მკითხველებსაც შესაძლებლობა ექნებათ უპრობლემოდ გაეცნონ ქართული ჟურნალისტიკის ბეჭდურ მემკვიდრეობას და, რაც მთავარია, ორიგინალები დაცული იქნება ხელყოფა-დაზიანებისგან.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უნიკალური პერიოდიკის რეპრინტი შეიძლება განხორციელდეს კომპაქტურად, არა ორიგინალის (ვთქვათ ა3), არამედ შემცირებული (ა4) ფორმატით. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საგამომცემლო ხარჯებს და ახალი გამოცემებიც ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება გამოსაყენებლად. ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ვერსიების გამოცემა დისკების სახით, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ბიბლიოთეკაში მიუსვლელად, სახლში იმუშაონ საჭირო გამოცემაზე.

მოსახლეობის, განსაკუთრებით მკითხველი კატეგორიის, დაბალი მსყიდველობითი უნარის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ქსელში გატანის შემთხვევაში ასეთი გამოცემების შეძენის სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩნდება.

ბატონებო!

ჩათვალეთ, რომ თქვენმა მონა-მორჩილმა საფოსტო განყოფილების კურიერის ფუნქცია შეასრულა და მოცემულ შემთხვევაში საკუთარი მისია ამით ამოწურა. ღია წერილის ინკოგნიტო ავტორის ვინაობა დაივიწყეთ, ხოლო თუ პრობლემით დაინტერესდებით (რისი დიდი იმედიც მაქვს), სათანადო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალისტების მოძიება არ გაგიჭირდებათ.

წინასწარ მადლობას გიხდით ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.