NAZARETH - ერთ-ერთი უკანასკნელ მოჰიკანი

NAZARETH - ერთ-ერთი უკანასკნელ მოჰიკანი

70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შოტლანდიურმა როკ-კოლექტივმა მრავლისმეტყველი სახელწოდებით - Nazareth ევროპულ და ამერიკულ ჰიტ-პარადებში ძალები მოსინჯა, მავანი და მავანი როკ-მუსიკის თაყვანისმცემელი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ 4 ათწლეულის შემდეგ ჯგუფი კვლავ იარსებებდა და ახალი ალბომებით მსმენელს აალაპარაკებდა, როგორც 70-იანი წლების პოპ ინდუსტრიის ერთ-ერთ უკანასკნელ მოჰიკანზე... 


რატომ მაინც ასე სკეპტიკურად? სხვა ჯგუფებმა ხომ ამის არაერთი მაგალითი გვიჩვენეს. საქმე ისაა, რომ Nazareth რამდენიმე წლის დაგვიანებით გამოჩნდა როკ-სცენაზე ეპოქაში, როდესაც თვეებიც კი გადამწყვეტი იყო, როდესაც Led Zeppelin, Deep Purple, Black Sabbath თუ სხვა წამყვანი ჰარდ-როკ კოლექტივები უკვე პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდნენ და თითქოს ეს ჟანრი სამუდამოდ მათ ჰქონდათ ჩაბარებული და მათთან ერთადაც უნდა აღგვილიყო ერთ მშვენიერ დღეს პირისაგან მიწისა...

Nazareth-ს თავდაპირველად ხეირინად გაცნობიერებულიც კი არ ჰქონია, თუ რას დაუკრავდა. ჯგუფის პირველი ნამუშევარი ჰეროინით გაჟღენთილი ფსიქოდელიური როკის ნაზავს წარმოადგენდა პუბლიკაზე ზემოქმედებისათვის საჭირო დეპრესიული – ერთგვარად ნათამაშევი დამოკიდებულებით, რაც არ გამოჰპარვიათ მენეჯერებს და ოკეანის გაღმა წარმატების მიუხედავად, ჯგუფი სასწრაფოდ შეუდგა ჰარდ-როკის დაკვრაზე ფიქრს. 

ფსიქოდელია უკვე განვლილი ეტაპი იყო, ხოლო ჰარდ-როკი კი ერთი შეხედვით მუდმივად ზემოთ ჩამოთვლილ კოლექტივთა აჩრდილში ყოფნას გულისხმობდა, რაც ალბათ დიდწილად ასეც მოხდა, თუმც შესრულების ორიგინალური სტილიდან და ალბათ შოტლანდიური თვითმყოფადობიდან გამომდინარე, ჯგუფი მუდმივად ტოვებდა სიმპათიებს ჰარდ-როკის მსმენელთა შორის, რასაც დაემატა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – 1974 წლიდან Nazareth-ის პროდიუსერი Deep Purple-ის ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი გახდა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ალბომების Loud & Proud და Rampant წარმატებები. ამას მოჰყვა უკვე მის გარეშე ჩაწერილი შესანიშნავი ალბომები, რამაც ცოტა ხანში Nazareth-ს რიტორიკული სათაურიც კი დაარქმევინა 1976 წლის ალბომისათვის - Close Enough For Rock & Roll. ქვეცნობიერი აზრი კი ის იყო, რომ ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ისინი მაინც არ უღალატებდნენ როკ-ნ-როლს, არ შეცვლიდნენ სტილს და ბოლომდე მსმენელის ერთგულნი დარჩებოდნენ...

კოლექტივმა სიტყვა შეასრულა და როკ-მუსიკისთვის მძიმე ხანაში – 80-იან წლებში, საკმაოდ ლამაზი – როკული ალბომები ჩაწერა, თანაც საკმაო ინტენსივობით. თბილისელ მსმენელებსაც ხომ მაშინ ძლიერ გაგვიმართლა, როდესაც შემოქმედებით აღმავლობაზე მყოფმა მუსიკოსებმა სპორტის სასახლეში 1989 წლის ალბომის მხარდამჭერი ტურით დაგვასაჩუქრეს. ალბათ გახსოვთ, რომ კონცერტები მაშინ ზემოთხსენებული Close Enough For Rock & Roll-ის პირველი სიმღერით – Telegram იხსნებოდა... We’re Animals დღემდე ყველას პირზე გვაკერია, მაგრამ კონცერტზე მის გარდა ხომ ალბომ Snakes 'N' Ladders–დან კიდევ ოთხი სიმღერა შესრულდა ჯენის ჯოპლინის ქავერის დაუვიწყარი ვერსიითურთ. 

მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა. 1999 წელს გარდაიცვალა ჯგუფის დრამერი დარელ სვიტი, წავიდა გიტარისტი მენი ჩარლტონი და სოლო კარიერას მიჰყო ხელი. ძველი, თითქოს განუყრელი კვარტეტის შემადგენლობიდან ჯგუფში ამჟამად მომღერალი დენი მაკაფერტი და ბასისტი პიტი ეგნიუ იმყოფებიან. მათ დაამატეთ დრამერი ლი ეგნიუ (როგორც ჩანს პიტის ან შვილი, ან ნათესავი) და გიტარისტი ჯიმ მიურისონი და მიიღებთ შემადგენლობას, რომელსაც 2011 წლის ალბომ –Big Dogz-ში ერთობლივი მოღვაწეობის 10 წელიწადი შეუსრულდა... 

Big Dogz განახლებული Nazareth-ისთვის რიგით მეორე სტუდიური ალბომია, რომლისგანაც მსმენელი ბევრს ახალს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ეფექტს მაინც ელოდა და ამ თვალსაზრისით არც მოტყუებულა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კოლექტივი სწორედ რომ ეფექტზე ამახვილებდა ყურადღებას და დიდ ნამუშევარზე მუსიკოსებს თავადაც არ უოცნებიათ. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს დენ მაკაფერტის ძველებური ვოკალური შემართება, რაც ასაკთან შედარებით ცოტა არ იყოს გვაკვირვებს კიდეც, რადგან ყველასათვის ცნობილია მისი ალკოჰოლთან დაკავშირებული არაგულგრილი დამოკიდებულება. ხმა ჩახრენწილი, ჩახლეჩილი, მაგრამ არა მიკნავლებულია, რაც ნათლად ჩანს ჯგუფის 21-ე საუკუნის საკონცერტო ჩანაწერებიდანაც. ეს კი Nazareth-ისთვის შეიძლება გაცილებით მეტს ნიშნავდეს, ვიდრე Deep Purple-თვის იან გილანის ფორმა, რომლის ამოქაჩვაც ჯგუფის ინსტრუმენტულ მხარეს ყოველთვის ძალუძს. ჯიმ მიურისონი მენი ჩარლტონის კვალობაზე ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტს, მაგრამ მასზე დაკისრებულ ამოცანას – შეინარჩუნოს თანამედროვე როკ-ბენდის მძლავრი საუნდი და სოლოებით მაინცდამაინც თავი არ შეიწუხოს (თუ სხვები არ შეაწუხოს), ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს. დრამერი ლი ეგნიუ ვირტუოზია და დიდი პროფესიონალიზმით ამყარებს საუნდს, რომლის ეფექტურობა ალბათ ავსებს კიდევაც იმ იდეურ დანაკლისს, რომლის ამოვსებასაც ვინ იცის ალბომის არაერთგზის მოსმენა ესაჭიროება...

Big Dogz მთლიანობაში ენერგიული როკ-ალბომია, რომელიც ნამდვილად არ გაგაღიზიანებთ და ზოგიერთი სიმღერა პირველი მოსმენიდანვე მოგხიბლავთ. ასეთებია გახსნის კომპოზიცია Big Dogs Gonna Howl, რომელიც ჯგუფის ძველი ჰიტების – Hair Of The Dog-ისა და We’re Animals-ის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, მელოდიური Butterfly, რომელიც ფორტეპიანოს მოტივზე აგებული ავტობიოგრაფიული კომპოზიციის შთაბეჭდილებას ტოვებს და ფინალური Sleeptalker, სადაც Nazareth მსმენელის წინაშე წარსდგება, როგორც 21-ე საუკუნის ნოვატორი ბენდი... 

დანარჩენზე, მოდით, სხვა დროს ვისაუბროთ, ამჯერად კი ვიხაროთ შოტლანდიური ბენდის სიცოცხლისუნარიანობით, გადავავლოთ თვალი ჩვენს მელომანურ წარსულს და When Jesus Comes to Save theWorld Again ფონზე გავიხსენოთ - რამდენი სიამოვნების წუთი მოუტანია ჩვენთვის ამ შესანიშნავ კოლექტივს.