გემოვნების გამომუშავების კურსები (ნაწილი V)

გემოვნების გამომუშავების კურსები (ნაწილი V)

დაახლოებით ერთი თვე გავიდა ჩვენი წინა ნააზრევის ინტერნეტ ფურცელზე გადმოღებიდამ და მას შემდეგ იმედს ვიტოვებ, რომ ვნებათაღელვა დაცხრა, ყველა თავ-თავის აზრზე დარჩა, მაგრამ ზოგიერთმა მოზარდმა მაინც გაბედა და თავიდან ბოლომდე მოისმინა Cosmo’s Factory.
საბედნიეროდ ერთი ასეთი პიროვნება უკვე გავიცანი. იგი 13 წლისაა, როკ-მუსიკის მოყვარული, მაგრამ აქამდე მხოლოდ მეტალიკისა და განს’ნ’როუზის მსმენელი, ამიერიდან არამარტო Creedence-სა, თუ Steppenwolf -ს დაეწაფება. კარგია და გიხარია, როდესაც მოზარდს აუხსნი რაღაცას, რაც სასარგებლოა და რაზედაც მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი აღიზარდა.
მოდით განვაგრძოთ ჩვენს მიერ დაწყებული საქმე და შევეხოთ შემსრულებლებსა და ალბომებს, რომელთა მოსმენაც დამწყები მსმენელისათვის წინა თავებში მოყვანილ მუსიკოსებთან გაცნობის შემდეგ, აუცილებელია.
ერიკ კლაპტონი, ჯეფ ბეკი და ჯიმი პეიჯი 60-იანი წლების ბრიტანული მუსიკალური სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურებია. თვით ჯიმი ჰენდრიქსიც კი პროდიუსერ ბრაინ ჩაზ ჩენდლერს იმ პირობით გაჰყვა ლონდონში, რომ იქ ერიკ კლაპტონს გააცნობდნენ.
ერიკ კლაპტონი 1970 წლისათვის ცნობილია Yardbirds -ში, შემდგომში ჯონ მეიალის Bluesbreaker -სა და უდიდეს ბლიუზ-როკ ტრიო Cream -ში მონაწილეობით, ჯეფ ბეკი იმავე Yardbirds -ითა და საკუთარი ჯგუფით, ხოლო ჯიმი პეიჯი კი Led Zeppelin-ის შექმნამდე გარკვეულ პერიოდში ჯეფ ბეკთან ერთადაც კი უკრავდა ზემოთხსენებულ Yardbirds –ში, რომელმაც ყველაზე მეტი ამ სამი გიტარისტიდან ალბათ ჯიმი პეიჯს შესძინა.
აკი თავდაპირველად Led Zeppelin ფართო აუდიტორიის წინაშე The New Yardbirds –ის სახელით წარსდგა. მალე მსოფლიოს მოევლინა Led Zeppelin I _ ალბომი, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს პირვანდელი ბრწყინვალება. რატომ უნდა მოუსმინოს დამწყებმა მსმენელმა ამ ალბომს? რადგანაც აქ არის ყველაფერი, რაშიც მომავალი მუსიკალური გურმანი, მაინცდამაინც რომც არ აინტერესებდეს, სასურველია ჩახედული იყოს.
მაგალითად შეიძლება როკ-მუსიკის მსმენელს არ მოსწონდეს ლათინური ყაიდის კომპოზიციები, მაგრამ ჯიმი პეიჯი გიტარულ-ინსტრუმენტულ კომპოზიციაში ძალიან ლამაზად გვაწვდის ამ თემატიკას, ბლიუზი უხვადაა, ვოკალი უკიდეგანო შესაძლებლობების, გოთური სულისკვეთება ჯონ პოლ ჯონსის ორღან ინტროთი გამოიხატება, ჯონ ბონემი დრამის ახალ ჟღერადობას გვაწვდის, ხოლო ალბომის მთლიანი ელფერი ზომიერად ფსიქოდელიურია.    
რას ნიშნავს ფსიქოდელიური მუსიკა? ამ კითხვას ხშირად სვამენ ხოლმე, მაგრამ მასზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს. ფსიქოდელია არსებობს ხელოვნების ნებისმიერ დარგში და მათ შორის როკ-მუსიკაშიც. ალბათ ისევე როგორც ზოგადად როკ-მუსიკა პროტესტთან, ასევე ფსიქოდელიური როკიც არ უნდა გავაიგიავოთ მაინცდამაინც ნარკომან მუსიკოსებთან. უბრალოდ 60-იანი წლების ჰიპებში ორგანული ქიმიის გავრცელება იმდროინდელი ეპოქის გამოხმაურება იყო, ხოლო ფსიქოდელიური რეპერტუარი სტიმულიატორების გარეშეც შეიქმნებოდა (ამის არაერთი მაგალითი არსებობს), ისევე როგორც არანაკლები დოზების ქვეშ „პაპსავიკებიც“ ჰქმნიან თავ-თავიანთ კულტურას. ფსიქოდელიური მუსიკით მიღებული სიამოვნება ახლოსაა საყვარელი მანდილოსნის პირველ კოცნასთან, როცა ტანთ სასიამოვნო ჟრუანტელი აუცილებლად დაგივლის. ფსიქოდელიური მუსიკა (ისევე როგორც სიყვარული) დაკვეთით არასოდეს კეთდებოდა, რადგან ყოველთვის დამოკიდებული იყო მუსიკოსების შინაგან განწყობაზე, მათ სულიერ სისუფთავეზე და აქედან გამომდინარე მხოლოდ ჯანსაღ დამოკიდებულებაზე მსმენელთან მიმართებაში.
ამიტომაც უპირველეს ყოვლისა გასული საუკუნის 60-იანი წლები დაიკვეხნის ამგვარი ნაწარმოებების სიმრავლეს. ანაზდად _ სიზმრივ, თუ ცხადლივ მოვლენილი Statisfaction -ები და The end -ები ჰქმნიდნენ ეპოქას, რომელმაც ყველაზე მეტი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა შემატა მსოფლიო საზოგადოებრიობას, მათ შორის ყველასათვის ცნობილი ბილ გეითსი. ფსიქოდელიური მუსიკის არცოდნა კი არადა ვერაღქმა დღევანდელი პერიოდის მუსიკოსების უდიდესი ნაკლოვანებაცაა. ანუ დღევანდელი ეპოქის როკ-მუსიკოსები ხშირად ვერ აღიქვამენ არტურ ბრაუნის, Spirogyra-s, Jefferson airplane--ს, იმავე როლინგ სთოუნზისა, თუ დორზის რეპერტუარს. მათი პასუხი ნათელია – რაღა დროის ქრიმია, 21-ე საუკუნეა და ნახეთ სად წავიდა ტექნიკა, დაკვრა, თუ კიდევ სხვა მისთანანიო. სინამდვილეში კი ხშირად მოსმენილი რეპერტუარი არაფერს გვაძლევს, იმიტომ რომ უმიზნოა და რაც მთავარია ძალად გაკეთებული, თუმც ეს პრობლემა დღესდღეობით მსოფლიო ხელოვნების წინაშეც დგას და ადრინდელი სიხალასე იშვიათია, რომ რომელიმე ახალ ალბომში შეინიშნებოდეს. ამასთან ერთად უამრავი რამ უკვე შექმნილია და არც ისე ადვილია ვინმეს არ მიემსგავსო, რომც მოსმენილი არ გქონდეს... ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი შევიცნოთ და გავიფართოვოთ მუსიკალური არეალი. საფუძვლების გარეშე კი ჩვენი გემოვნება ჩამოუყალიბებელი იქნება და ხუხულასავით მყიფე – ფანტაზიის გარეშე, რადგანაც ექსპერიმენტული მუსიკის შეცნობის შემდეგ, თვით Beatles-ს უფრო დაკვირვებით და რაც მთავარია განსწავლულნი მოვუსმენთ. ჯონ მაკლაფლინის, ჰერბი ჰენკოკის, ჩიკ კორეას, ქინგ კრიმსონისა თუ ფრენკ ზაპას „გაფრენილი“ რეპერტუარის შეცნობას კი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მათთან ერთი შეხედვით კავშირში არ მყოფი იმავე პერიოდის შემსრულებლები განაპირობებენ. ამის ერთ-ერთი საფუძველი კი ერთის შემდეგ, თუნდაც განტვირთვის მიზნით მეორის მოსმენაა. თითქოს არაფერი საერთო – სად გიჟი ექსპერიმენტატორი ვირტუოზების რეპერტუარი და სად Iron Butterfly -ო, მაგრამ პრობლემის გადაჭრას ზუსტად აქ უნდა ვეძიოთ. ანუ ზემოთმოყვანილ ინსტრუქციას თუკი მივყვებით, წარმოიდგინეთ როგორ გამრავალფეროვნდება ჩვენი მუსიკალური სპექტრი. მომდევნო თვეში კი რაც დიდად არ მოგვეწონა, დროებით, ან სამუდამოდ დავემშვიდობებით. ეს ხომ ჩვენი ნებაა. ერთი კია, რომ გემოვნების ჩამოყალიბებაში ზაპაც, დორზიც, მაკლაფლინიც, ეირპლეინიცა და კოლტრეინიც – ყველანი დაგვეხმარებიან.