ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე სახელმწიფოებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ სენატორ პედრო აგრამუნტის რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
ევროპელმა დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები დოკუმენტში, რომელშიც წინასწარი დაკავების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი.
რეზოლუციის მე-7 პუნქტში კი ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში შემდეგი სახის არამართებული საფუძვლები შეინიშნა:
„დაკავებულებზე ზეწოლა, დანაშაულის აღიარების ან საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის მესამე პირის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის, იძულების მიზნით (მაგალითად სერგეი მაგნიცკის საქმე რუსეთის ფედერაციაში და გარკვეულ შემთხვევებში საქართველოში ოპოზიციის ლიდერთა წინააღმდეგ, როგორიც არის ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი). ასევე დისკრედიტაცია, ან სხვაგვარად განადგურება პოლიტიკური ოპონენტებისა (მაგალითად გარკვეულ შემთხვევებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა საქართველოში)", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი, განხორციელდა სამართლებრივი რეფორმები, რომელთაც თან ახლავს პრაქტიკული ზომები და რამაც ცხადად გამოიწვია წინასწარი დაკავების რაოდენობის შემცირება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაკავებულთა უმრავლესობის მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი დაკავების შეფარდების ბოროტად გამოყენება კვლავაც გრძელდება.
ამავე რეზოლუციის 11 პუნქტში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების ძირეული მიზეზები, სხვებთან ერთად, მოიცავს პროკურატურის forum-shopping-ის შესაძლებლობას (პორკურატურის მიერ მისთვის უფრო ხელსაყრელი სასამართლოს არჩევის შესაძლებლობა), რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა სტრატეგიების განვითარების ცდუნება შექმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნას გარკვეულ შემთხვევებში წინასწარი დაკავების მოთხოვნის გადაწყვეტა მოსამართლეთა მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოსალოდნელია, რომ „დამთმობი“ იქნება. მაგალითად მოყვანილია საქართველო, რუსეთის ფედერაცია და თურქეთი.
ამასთან, წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება პროკურატურის შესაძლებლობა, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით, კანონით დადგენილი წინასწარი პატიმრობის ვადებს გვერდი აუაროს (მაგალითად მოყვანილია გიგი უგულავას და ბაჩანა ახალაიას საქმეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებამდე).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღოს პროკურატურის მხრიდან forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მართლმსაჯულება ხორციელდება და ყველა ის პატიმარი გაათავისუფლოს, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული.