რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე ახალი ავიაიერიშები მიიტანა. როგორც "რია ნოვოსტი", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რუსულმა ავიაციამ იდლიბის რაიონი დაბომბა.
ავიერიშების შედეგად განადგურებულია "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო შტაბი და საბრძოლო მასალების საწყობი.
თავის მხრივ, ბიბისი", რუსეთის ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის აცილების მიზნით, სამიზნეების შერჩევა გადამოწმებულ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ხდება.
"ტერორისტების ადგილსამყოფელისა და საცეცხლე წერტილების განადგურების შედეგების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, აქტიურად გამოიყენება კოსმოსური დაზვერვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" 12 ობიექტი დაბომბა.
როგორც კონაშენკომ განაცხადა, სირიაში საჰაერო ოპერაციაში 50-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, ავიაიერიშების ამსახველი ახალი ვიდეომასალა გაავრცელა.