გემოვნების გამომუშავების კურსები (ნაწილი II)

გემოვნების გამომუშავების კურსები (ნაწილი II)

13.12.2010

 

კარგია, რომ გემოვნების გამოსამუშავებლად მაინცდამაინც დიდი სჯა-ბაასი არ მოჰყოლია პირველ ნაწილში მოყვანილ მუსიკალურ შემსრულებლებს. ჩავთვალოთ, რომ ეს ხალხი მიღებულია ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობის მიერ და გავბედოთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რადგან თუკი პირველი ნაწილის დავალება შესრულებულია, ჩვენს დამწყებ მსმენელს უკვე შესწევს უნარი ამერიკული და ინგლისური როკ-მუსიკის გარჩევისა. თანაც, გვაქვს შემსრულებელთა საკმაოდ ფართო სპექტრი, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა საიტებზე ალბათ უკვე შეხვიდოდით და მოყვანილის “მსგავს” არაერთ ჯგუფს წააწყდებოდით.

საერთოდ, საწყის ეტაპზე აუცილებელია გავლენიანი მუსიკოსების ძიება, ანუ იმ მუსიკოსებისა, რომელთაც წლების განმავლობაში ბევრი მიმდევარი ან მიმბაძველი გამოუჩნდათ, თორემ მაგალითად Jethro Tull და Van Der Graaf Generator იმდენად თვითმყოფადად რჩებიან, რომ მათი ქავერვერსიების შესრულებისაგან უშუალო მიმდევრებიც კი თავს იკავებენ ხოლმე. ასეთ ცალკე მდგომ მუსიკოსებზე მომავალში ვისაუბრებთ.

ჩვენს The Long And Winding Road-ს კი ერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსით განვაგრძობთ, რომელმაც 60-იანი წლების დასაწყისში იდეით “მიეცით ნიჭსა გზა ფართო”, გადაწყვიტა ინგლისის ახალგაზრდა იმედისმომცემი მუსიკოსების თავმოყრა და მათთან ერთად ალბომების ჩაწერა. ეს პიროვნება ბატონი ალექსის კორნერი გახლდათ, რომლის Blues Incorporated-ის შემადგენლობაში სხვადასხვა წლებში და ხშირად ერთსა და იმავე ალბომებში ვხედავთ კიტ რიჩარდსსა და დიკ ჰეკსტალ-სმიტს, ჯეკ ბრიუსსა და მიკ ჯაგერს, ჩარლი უოტსსა და გრემ ბონდს, ჯიმი პეიჯსა და ბრაინ ჯონსს, ჯონ მეიალსა და კიდევ სხვა მრავალს. ეს არის არასრული სია ცნობილი მუსიკოსებისა, რომელთაც მუსიკალური დებიუტი ამ დიდი პიროვნების სამჭედლოში გაიარეს. სწორედ აქ უყალიბდებოდათ და უვითარდებოდათ მათ ბლიუზური ხედვა, რაც აგრერიგად აშკარაა ცოტა ხანში შექმნილ Yardbirds-ის რეპერტუარში. წარმოიდგინეთ, რომ რობერტ პლანტიც თავიდან ალექსის კორნერს დაუგემოვნებია და მისთვის დიდი მომავალი უწინასწარმეტყველია. დღესდღეობით ალექსის კორნერის 60-იანი წლების ალბომების მოსმენა, მითუმეტეს თანამედროვე მსმენელისთვის შესაძლოა ერთგვარ ანაქრონიზმადაც გვეჩვენოს, მაგრამ მისი სხვადასხვა პერიოდის ალბომების გარეკანზე აღბეჭდილი მუსიკოსების გვარები ძალიან შორს წაგვიყვანდა და რაც მთავარია გაგვიადვილებდა ჩვენს სავალ The Long And Winding Road-ს... 

საერთოდ, The Beatles-მა და მისმა თანამედროვე ჯგუფებმა ბრიტანული სცენა მხოლოდ საცეკვაოდან მოსასმენადაც აქციეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ პერიოდის ფსიქოდელიურ ამერიკულ ჯგუფებზე. სამწუხაროდ დღესდღეობით მუსიკასთან მიდგომა ჩვენს თინეიჯერ მსმენელს ძირითადად სხვადასხვა უხარისხო კლიპის მანჭვა-გრეხვიდან გამომდინარე უვითარდება. აქ მუსიკას ნაღდად ვერ მოისმენ, არადა გემოვნების გამომუშავებისათვის უმთავრესია ვისწავლოთ მუსიკის მოსმენა, მაგალითად – როგორც წიგნის კითხვა. ვიცით, აქაც პრობლემებია, მაგრამ თეორიულად ყველანი ვხვდებით, რომ წიგნის კითხვა საჭიროა თავიდან ბოლომდე და არა მისი რომელიმე ცალკეული გვერდებისა. ზუსტად ასევეა მუსიკის მოსმენის შემთხევაშიც და მსოფლიოს ამდენი წამყვანი მუსიკოსი სულელი არაა, რომ თავს იკლავს, უპირველეს ყოვლისა, ალბომის ჩაწერაზე და შემდეგ უკვე – სინგლებზე, რომლებიც საკონცერტო ტურების ერთგვარ საინფორმაციო გამახურებლად გვევლინება. 

რა რანგის, სტილისა, თუ დანიშნულებისაც არ უნდა იყოს მუსიკოსი, ალბომს მისი სახელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ალბომის შეფასებაში კი მუსიკალურ კრიტიკასთან ერთად, მსმენელიც დიდ როლს ასრულებს. გავიხსენოთ, მაგალითად, 70-იანი წლების დიდი ამერიკული ჯგუფი Grand Funk Railroad, რომელმაც სწორედ მსმენელთა აღიარების გამო მოიპოვა მაღალი ადგილები ჰიტ-პარადებში და მათდამი ულმობლად განწყობილი კრიტიკაც თუთიყუშივით მხოლოდ ამის შემდეგ განეწყო ჯგუფისადმი დადებითად. მაგრამ იქამდე Grand Funk Railroad -მა 7(!) ალბომის ჩაწერა მოახერხა. იცით რამდენი კარგი ჯგუფი დაიშალა სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე, რადგან როგორც მსმენელმა, ასევე კრიტიკამ უყურადღებოდ დატოვა? 

Grand Funk Railroad ხომ პრაქტიკულად მსმენელმა გადაარჩინა უკვალოდ გაუჩინარებისაგან და მომავალში ისეთი ჰიტების გაქრობისაგან, როგორიცაა We're An American Band და The Locomotion, რომელიც მართალია მათ არ ეკუთვნით, მაგრამ მათი ვერსია ხომ კარგა ხანს ლიდერობდა ჩარტებში... ბუნებრივია, რომ დამწყებ მსმენელს მივანიშნეთ Grand Funk Railroad -ის მოსმენისაკენ. დასაწყისისათვის ალბათ სასურველია ტრიოს შემადგენლობით სადებიუტო ალბომის - On Time და შემდეგ უკვე კვარტეტის სახით ზემოთმოყვანილი We're An American Band -ის გაცნობა, რადგან საკმაოდ მძლავრი საუნდის ფონზე აქ ერთიმეორეს დიდი გემოვნებით ენაცვლება სიღრმისეული და ჰიტური ხასიათის კომპოზიციები. 

საერთოდ სიმღერათა წყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალბომის აღქმისას და ამ მხრივ ნამდვილად არ გირჩევთ Deep Purple-ს Fireball-ის ამერიკული ვერსიის მოსმენას. აქ “დამნაშავე” ერთადერთი სიმღერა Strange Kind Of Woman გახლავთ, რომელიც ჯგუფის ყველა დროის საკონცერტო ჰიტია, მაგრამ Demon's Eye-ს ნამდვილად ვერ ცვლის ალბომში მისი ხასიათიდან გამომდინარე. ალბათ ამიტომაცაა, რომ ალბომის ინგლისური ვერსია, ამერიკულთან შედარებით ძვირად ფასობს. 

ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ მერწმუნეთ რომ მუსიკასთან ამგვარი პედანტური დამოკიდებულება მალე გაგვიჩნდება, თუკი რა თქმა უნდა ნელ-ნელა მოსმენასაც ვისწავლით. 

საერთოდ, Deep Purple-ს ნებისმიერი მუსიკოსი გავლენიანია და, რაც მთავარია, სერიოზული კომპოზიტორი. აქედან გამომდინარე, როკ-მუსიკის დამწყები მსმენელისათვის კარგი იქნებოდა Deep Purple Family-ს შესწავლა და თითოეული ჯგუფის მიკვლევა. აქ შეხვდებით Captain Beyond-ს და აქედან გამომდინარე – ამერიკულ Iron Butterfly-სა და გიტარისტ ჯონი ვინტერის დრამერს, ნიკ სიმპერის Warhorse-ს ერთადერთ ფანტასტიურ ალბომს, Rainbow-ს, Whitesnake-ს, Black Sabbath-ს, Dio-ს საკუთარი დიდი ოჯახებით, სტივ მორსისა და გლენ ჰიუზის სხვადასხვა პერიოდის ჯგუფებსა თუ რიჩი ბლეკმორის უკვე მოძველებულ გატაცებას... მოკლედ ისეთი რაოდენობის რეპერტუარს მიიღებთ, რომ 2-3 თვე ნამდვილად გეყოფათ. ეს კი გაგრძელებისთვის ნამდვილად საკმარისია. მომავალში ფანტაზიის უფრო მეტად ექსპერიმენტულ მუსიკასთან გაცნობის გზით განვითარებაზე ვიმსჯელებთ. იქამდე კი იმედია, რომ თქვენს ერთგულ მონა-მორჩილს არ გაუბრაზდებით და არ ეტყვით - ჩვენ ალა პუგაჩოვა და ალეგროვა გვინდა და თავი დაგვანებეო! 

მეგობრებო, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ამ ქვეყანაზე და გემოვნების გამომმუშავებელთა კურსის ნებისმიერი მიმდევარისათვის ერთიცა და მეორეც სულ მალე თავისთავად გამოირიცხება...