ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფეხბურთელის ლევან კობიაშვილის განცხადებით, მას ამ სისტემასთან აქვს მხოლოდ პრობლემა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დამარცხების შემთხვევაში რაიმე ზომების მიღების საჭიროების საკითხს არ განიხილავს, რადგან თვლის რომ არჩევნებს მოიგებს.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, იტყვის თუ არა, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, კობიაშვილმა ასე უპასუხა:
„გულახდილად გეტყვით, რომ არ დამჭირდება ასე მოქცევა, რადგან ვიცი, რომ არჩევნებს მოვიგებ. მაგის საჭიროება არ გახდება. რამდენი ხანია ვიძახი, რომ აღმასკომი უნდა აირჩეს. თქვენ იცით წინა არჩევნებზე აღმასკომი როგორ აირჩიეს? წესით ალფავიტის მიხედვით უნდა იყოს სია. სიაში პირველი 18 ჩამოწერეს, რომ ვინმეს არ შეშლოდა, ვინ უნდა აერჩიათ. ზოგადად, ასეთი არასერიოზული მიდგომაა. ეს თუ არ შეიცვალა, პრობლემები არ მოგვარდება. ძალიან დიდ პატივს ვცემ რეზის და მის ოჯახს, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ასეთი დამოკიდებულებით უნდათ არჩევნები ჩაატარონ და ასე უნდათ მომავალშიც მართონ, ეს ჩემთვის მიუღებელია. მე ამ სისტემასთან მაქვს პრობლემა, თორემ პიროვნულად არავის მიმართ პრობლემა არ მაქვს“,- აღნიშნა კობიაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა დღესვე განაცხადა, რომ ფაქტობრივად, არჩევნები წესდების დარღვევით ტარდება, რადგან წესდების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, აღმასკომის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, არ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩატარდება. პრეზიდენტის პოსტისთვის 3 კანდიდატი - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.