ის, რომ ყოფილი ხელისუფლების ნახევარი ციხეშია, ხოლო მეორე ნახევარმა ქვეყანა დატოვა და ან ძებნაშია, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა პედრო აგრამუნტმა PAСE-ს პლენარულ სესიაზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ.
აგრამუნტმა ასევე უპასუხა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს.
"მე ვამაყობ, რომ "ევროპის სახალხო პარტიას" წარმოვადგენ. ანგარიშის თეზისები საკმაოდ ნათელია. თქვენ წარმოადგენთ "სოციალისტურ ჯგუფს" და საქართველოს სახელისუფლებო პარტიას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა", - განაცხადა აგრამუნტმა.
მისი თქმით, წინასწარი პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ბრალდებულის ქვეყნიდან მიმალვის ან დანაშაულის ჩადენის ნათლად გამოკვეთილი საფრთხე. ამასთან, არსებობს ელექტრონული მეთოდები ბრალდებულის გადაადგილების კონტროლისთვის, რისი გამოყენებაც უფრო მიზანშეწონილია.