ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ტელეკომპანია "საქართველოს“ წილების გასხვისება იგეგმებოდა.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატმა, პაატა სალიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველოს“ წილები დაყადაღებულია. მან აქვე დასძინა, რომ ტელეკომპანია „საქართველოს“ გასხვისების მცდელობა ადასტურებს, იმ ფაქტს, რომ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის წილების იძულებით ჩამორთმევის ინიციატორები და წილების რეალური მფლობელები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
„საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ძმები ყარამანიშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია „საქართველოს“ წილების გადაცემას დიმიტრი ჩიქოვანისთვის. დიმიტრი ჩიქოვანი გახლავთ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერასვილის ცოლის ძმა. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ გრძელდება იმ ფიქტიური გარიგებების ჯაჭვი, რომლის მიზანია დამატებითი ბარიერების შექმნა ქიბარ ხალვაშისთვის სამართლებრივი მექანიზმებით „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნების გზაზე. ტელეკომპანია „საქართველოს“ გასხვისების მცდელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის წილების იძულებით ჩამორთმევის ინიციატორები და წილების რეალური მფლობელები არიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ძმები ყარამანიშვილები, მათი წინამორბედი ფიზიკური თუ იურიდიული პირები, მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური მფლობელებს წარმოადგენენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ბიზნესმენის ადვოკატი განმარტავს, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმაზე აღნიშნული გარიგების განხირციელება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საფუძველი გახდებოდა.
"საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს კეზერაშვილის ცოლის ძმის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ ეს გარიგება რამდენიმე მიზანს ისახავდა: პირველი ესაა- ე.წ. კეთილსინდისიერი შემძენისთვის წილების გადაცემა და მეორე და უმთავრესი ესაა- ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის ფიქტიური ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ხელშსეკრულების თანახმად, ჩიქოვანს, ანუ ფაქტობრივად, დავით კეზერეშვილს უნდა განეხორციელებინა „რუსთავი 2“-ში 6 მილიონი დოლარის ინვესტირება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ გარიგების საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ ქიბარ ხალვაშისთვის, „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნების შემდგომ, ტელეკომპანიისგან მოთხოვნილ იქნას ამ ფიქტიური გარიგების ფარგლებში, თითქოს, გადაცემული თანხების დაბრუნება, რაც „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საფუძველი გახდება",-განაცხადა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე დამატებითი ვალდებულებების აღება აკრძალული აქვს.
„განსაკუთრებული პირობა, რომელიც ხელშეკრულებაშია ჩადებული არის ის, რომ წილების შემძენმა, ფაქტობრივად, კეზერაშვილმა უნდა განახორციელოს 6 მილიონი დოლარის ინვესტირება „რუსთავი 2“-ში, ეს იმ პირობებში, როდესაც „რუსთავი 2“-ს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, აკრძალული აქვს დამატებითი ვალდებულებების აღება. ეს იყო მცდელობა, გარკვეულწილად, სასამართლო განჩინების გვერდის ავლით, ფიქტიურად ფინანსური ვალდებულებებით დატვირთვა მოეხდინათ“, - აღნიშნა სალიამ.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ფიქტიური გარიგების გამო ტელეკომპანია „საქართველოს“ წილს ყადაღა დაედო.
„როგორც კი ცნობილი გახდა მოსალოდნელი ფიქტიური გარიგების შესახებ, ჩვენ დაუყუვნებლივ სასამართლოს მივმართეთ და მოვითხოვეთ წილების გასხვისების აკრძალვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამ ეტაპზე არიდებულ იქნა „რუსთავი 2“-ისთვის ფიქტიური გარიგების საფუძველზე რამდენიმე მილიონიანი ვალდებულების დაკისრების საფრთხე. ძმები ყარამანიშვილები, ვერ გაასხვისებენ თავიანთ წილს „რუსთავი 2“-ში. ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც „რუსთავი 2“-ის 51%-ს ფლობს, ვერ გაასხვისებს „რუსთავი 2“-ის წილს, მაგრამ აქ მოხდა შემდეგი, ტელეკომპანია საქართველოს მეპატრონეები არიან ისევ ძმები ყარამანიშვილები და მათ გადაწყვიტეს ტელეკომპანია „საქართველოს“ წილი გაეყიდათ, რომელზეც ყადაღა არ იყო, თუმცა ახლა არის, ანუ მათ უნდა გადაეცათ კეზერაშვილისთვის ტელეკომპანია „საქართველო“, რომელსაც ექნებოდა 51% რუსთავი 2“-ში. ამასთან, მასზე იგივე შეზღუდვები გავრცელდებოდა რაც იყო, მიუხედავად მეწილის შეცვლისა, თუმცა უკვე მანიპულირების საშუალება ეძლეოდა“, - განაცხადა პაატა სალიამ.
ამასთან პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში კიდევ ერთხელ საჯაროდ აფრთხილებს „რუსთავი 2“-ის ნომინალურ და რეალურ მფლობელებს, შეწყვიტონ არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ტელეკომპანიის მდგომარეობის დამძიმება, ტელეკომპანიის წილების ღირებულების მიზანმიმართული შემცირება და პოლიტიკური კონტექსტით მანიპულირება. ადვოკატი აქვე დასძენს, რომ ქიბარ ხალვაშის მიზანს არ წარმოადგენს ტელეკომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.