"საქართველოს მიერ ჩატარებული რეფორმები არ უნდა იქნას ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან"

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მთლიანად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს დაეთმო. მინისტრმა ევროპელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის, ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ევროპელი დიპლომატების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რომელზეც არ უნდა იმოქმედოს ევროპაში არსებულმა მიგრანტების კრიზისმა.

„რეაქციები ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან დადებითია. ჩვენი მხრიდან უმთავრესი გზავნილი არის ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ ჩატარებული რეფორმები არ უნდა იქნას ასოცირებული მიგრანტების იმ პრობლემასთან რაც ევროპაშია, საგულისხმოა, რომ ამაზე ევროპელი დიპლომატების მხრიდან იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ვიზის კუთხით მაქსიმალურად დადებითი რეაქციები იქნება დედაქალაქებიდან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. სტუმრების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა, ამ მხრივ კი სათქმელი მართლაც ბევრია, შეიცვალა 15 კანონი, გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, დაიხვეწა კონტროლის მექანიზმები მიგრაციის კუთხით და ის უკვე არის ევროპულ სტანდარტებზე, ამიტომ რაიმე სახის დისკომფორტი საქართველოსთან მიმართებაში ევროპას არ უნდა ჰქონდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრის დროს.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები და გაერო-ში საქართველოს მისიის წევრები.