"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი "პოლიტიკური მეგობრების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი და რეზოლუციის - "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში" ავტორი პედრო აგრამუნტი "პოლიტიკური მეგობრების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.

რეზოლუციის პროექტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ამ წუთებში განიხილავენ. დოკუმენტის რამდენიმე პუნქტი საქართველოს ეხება და ნათქვამია, რომ ქვეყანაში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება. ასეთ დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება, მაგალითად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები". პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით". ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის პროექტით მოუწოდებს საქართველოს, "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან Forum-shopping-ის გამოყენების პრევენციის მიზნით".

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ პედრო აგრამუნტი წარმოადგენს "ევროპის სახალხო პარტიას", რომლის ოჯახის წევრიც "ნაციონალური მოძრაობაა".

"პოლიტიკური მოტივაცია იკითხება ამ ანგარიშში, რომელიც ბიექტური უნდა იყოს.მესმის, რომ კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ბარბაროსობა უწოდო იმ ადამიანის პატიმრობას, რომელსაც არაერთ დანაშაულში ედება ბრალი, შოკისმომგვრელია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველო იდეალურ დემოკრატიას არ წარმოადგენს, თუმცა ისწრაფვის ფუნქციონური დემოკრატიის დამყარებისკენ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ არავინ შეიძლება იყოს კანონზე მაღლა, პედრო აგრამუნტი კი სწორედ ამას ითხოვს. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმი შეიცვალა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის და ევროპული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. ამ კონტექსტში ბესელიამ გირგვლიანის საქმე გაიხსენა, ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან საქართველოში პატიმრების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

"ციხეებში უკვე აღარ აწამებენ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის სისტემის დროს. ბატონი აგრამუნტი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები საქართველოს ყოფილი ხელისუფლებიდან კანონზე მაღლა უნდა იდგნენ _ ეს მიუღებელია ევროპის საბჭოსთვის. რეზოლუციის ტექსტი პირად განწყობებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომ, ვფიქრობ, დოკუმენტის ამ სახით მიღება ჩრდილს მიაყენებს ევროპის საბჭოს", - განაცხადა ბესელიამ და დეპუტატებს რეზოლუციის არსებულ პროექტში, რომელიც მისი თქმით, არაერთ დამახინჯებულ ფაქტს შეიცავს, ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.