პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მოსახლეობა დაინახავს, რომ ყველასთან თანასწორად მიდის ყველა ის სიკეთე, რაც ქვეყნის მასშტაბით მოიპოვება, ქვეყნის ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება.
ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე რეგიონული უთანასწორობის დაძლევის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული მაგალითია.
„დღეს საქართველოში შეიკრიბნენ აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები, უმნიშვნელოვანეს თემაზე სამსჯელოდ - როგორ მოხერხდეს თითოეულ ამ ქვეყანაში, ყველა რეგიონის თანაბარი და თანასწორი განვითარება. ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ყველა მოქალაქემ ერთნაირად შეძლოს იმ პოლიტიკით სარგებლობა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი განმარტებით, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რეგიონების დონეზე განვითარდება ინფრასტრუქტურა, განხორციელდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტები და ეს ყველაფერი ერთიან, ჰარმონიულ სახელმწიფო პოლიტიკაში იქნება ასახული.
„მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ, საქართველოს შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ თემებს. ამ პროცესში პარლამენტი ჩვენი მოკრძალებული წვლილით ვართ ჩართული. თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც 2 წლის წინ მივიღეთ, ამ პრინციპს ეფუძნება, რომ ქვეყანაში მრავალდონიანი მმართველობის სისტემა უნდა დამკვიდრდეს. მუნიციპალიტეტი, თითოეული რაიონი და ქალაქი მოქალაქეების ყველა საჭიროების დაკმაყოფილების შემძლე ვერ არის. ეროვნული დონე, მთლიანად საქართველოს ცენტრალური სახელისუფლებო სისტემა ძალიან შორს არის თითოეული მოქალაქისგან. ასე რომ, სრულიად აუცილებელია, რეგიონების დონეზე იმ სისტემის ჩამოყალიბება, რომელზეც კონფერენციისას ვსაუბრობდით. ამასთანავე, ეს არის პასუხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - თუ როგორ ვუზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო. ძლიერი, ერთიანი სახელმწიფო უნდა ვუზრუნველვყოთ იმით, რომ ყველა რეგიონი, მთიანიც, ზღვისპირეთიც, ბარიც, მოსაზღვრეც, არამოსაზღვრეც და ა.შ., იყოს თანაბრად განვითარებული. როდესაც მოსახლეობა დაინახავს, რომ მათთანაც თანაბრად მიდის ყველა ის სიკეთე, რაც ქვეყნის მასშტაბით მოიპოვება, მაშინ ქვეყნის ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რეგიონული უთანასწორობის დაძლევის 2-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მიზანია, ტერმინი „რეგიონული განვითარება“ რეალობად აქციოს და არსებითი გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულების განვითარებაზე.