საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ში საქართველოს ელჩს სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ში საქართველოს ელჩს სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო ოპოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს. აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ არჩილ გეგეშიძე ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტში აღარ მონაწილეობს. 
როგორც ცნობილია, ქვეყნის პირველი პირი ვაშინგტონში ნიუ იორკიდან გუშინ გაემგზავრა და აშშ-ში ვიზიტს სწორედ დედაქალაქში განაგრძობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის წევრებმა, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა განუცხადეს, მათთვის ნიუ იორკში არჩილ გეგეშიძის დარჩენის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან გაეროში, სადაც ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება, ქვეყანას ცალკე წარმომადგენლობა ჰყავს. 
"ვაშინგტონში ელჩი არ არის ერთადერთი მიზეზის გამო, ის ნიუ იორკში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება, სადაც ჩვენ ცალკე წარმომადგენლობა გვაქვს, რომელსაც თავისთავად შეეძლო პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრების მომზადება. ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფოსი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გიგი წერეთლის შეფასებით კი, სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსი უპატივცემულობა საქართველოს წინსვლისთვის ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. "ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის. სანამ ხელისუფლება ასე გააგრძელებს კონფრონტაციულ პოლიტიკას, ინსიტუტების უპატივცემულობას და გურკვეველ ნაბიჯებს, რომელსაც მხოლოდ ცუდი მოაქვს, ჩვენ ყოველთვის გვექნება არასასურველი შედეგები", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. როგორც ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, ახლა შეხვედრებზე არიან კონცენტრირებულნი, აღნიშნულის შეფასება კი თბილისში გაკეთდება.