რუსეთის თავმჯდომარეობით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში არსებულ ვითარებას, ასევე რეგიონში ტერორისტულ საფრთხეს განიხილავენ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პირველ დიპლომატს სერგეი ლავროვს მოუსმენენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს რეზოლუციის პროექტს ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. აღნიშნული სხდომის ჩატარების ინიციატივით რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელებას პენტაგონში რუსეთის მხრიდან დემარში უწოდეს.
"ჩვენ მივესალმებოდით რუსეთის კონსტრუქციულ როლს ამ ძალისხმევაში, მაგრამ დღევანდელი დემარში ნაკლებად ჰგავს იმას, რომ რუსეთი ასეთ როლს თამაშობდეს და ეს არანაირად არ შეცვლის ჩვენს ოპერაციებს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, ეს ფაქტი მხოლოდ ხაზს უსვამს დისკუსიების აუცილებლობას კონფლიქტების აცილებასთან დაკავშირებით.