სფფ-მ  კლუბებისთვის მისაცემი ფული ბანკიდან ისესხა – „ვითიბი“ ბანკმა ფედერაციას ანგარიშები დაუყადაღა

სფფ-მ კლუბებისთვის მისაცემი ფული ბანკიდან ისესხა – „ვითიბი“ ბანკმა ფედერაციას ანგარიშები დაუყადაღა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, გასული წლის ზამთარში, კლუბებისთვის დასახმარებელი თანხა, არა უეფადან, არამედ „ვითიბი“ ბანკიდან ისესხა.

უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის დასახმარებელი თანხა 3 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა, დღეისთვის, სფფ-ს ვალი ბანკისადმი, 6 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, „ვითიბი“ ბანკში, ორი სესხი აქვს, მეორე სესხის აღება მაშინ გახდა საჭირო, როდესაც სპორტის სამინისტრომ სფფ-ს უარი უთხრა თანხის დარიცხვაზე, უეფადან კი თანხა დროულად არ ჩამოირიცხა.

თუ რატომ არ ჩამოირიცხა თანხა უეფადან, ეს ცალკე საკითხია. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერტბების მენეჯერმა, თამარ ჭიჭინაძემ, უეფას, ივლისში წერილი მისწერა და 800 ათასი ევროს გადმორიცხვა ნოემბრის თვეში ითხოვა. დაზუსტებული ინფორმაციით, ჭიჭინაძემ ზვიად სიჭინავას ეს ინფორმაცია დაუმალა. ასევე, მეტი ინფორმაციისთვის, ჭიჭინაძე გენერალური მდივნის, რევაზ არველაძეს მოადგილეც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უშუალო ზემდგომი, უეფაში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, საქმის კურსში იყო, სფფ-ს პრეზიდენტისგან განსხვავებით.

ამის გამო, ზვიად სიჭინავა, იძულებული გახდა, ხელფასების გაცემის მიზნით, აღნიშნული ბანკიდან მეორე სესხი აეღო. ჯამში, „ვითიბი“ ბანკისადმი დაგროვილმა დავალიანებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.

სწორედ ამის გამო, ბანკმა, გასულ თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის ანგარიშები დააყადაღა.  „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სფფ-ს ანგარიშებს ყადაღა არ ადევს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ბანკი აღნიშნულ ხერხს, თანხის დასაბრუნებლად, უახლეოს დღეებში ისევ მიმართავს.