საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისთვის დელეგატების გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის მედიატორმა, ზურაბ ბიწაძემ განაცხადა, ტრიბუნალმა იმსჯელა და გადაწყდა, რომ გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციებს დელეგატები აღარ ეყოლებათ.
„ამ ორ რეგიონალურ ფედერაციას დელეგატი არ ჰყავს - გაუუქმდათ. ტრიბუნალის გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და მხარეებს უკვე გაეგზავნა. არანაირი პროტესტი არ ყოფილა, არც ჩემი აცილება მოუთხოვია რომელიმე მხარეს“ - განაცხადა ბიწაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 35 დელეგატის ნაცვლად მონაწილეობას 33 მიიღებს, ბიწაძე აცხადებს, რომ მას დელეგატები არ დაუთვლია, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლია, რომ არჩევნებში გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციებს დელეგატები ნამდვილად აღარ ეყოლებათ.
ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფედერაციის აღმასკომის წევრთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც ამ ფედერაციის დელეგატად გია გილიგაშვილი დამტკიცდა. როგორც ტრიბუნალის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება გურიის დელეგატის საკითხს - ტრიბუნალმა ასევე გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც დელეგატად გოჩა ტყებუჩავა დამტკიცდა. ოღონდ არ დააკმაყოფილა გამგეობის წევრთა მოთხოვნა მის ნაცვლად დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის აღმასკომში, რომელმაც ტრიბუნალის დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად თურმე ამდენი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, სწორედ ამ რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელები არიან და საინტერესოა, როცა ეს პირები 5 თუ 7 წევრისგან შემდგარ საკუთარ გამგეობებს ვერ აკონტროლებენ, როგორ ახერხებენ ქართული ფეხბურთის მართვას?!
ამგვარად, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 33 დელეგატი მისცემს ხმას. კანდიდატი კი სამია – ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი შაბათს ეყოლება. არჩევნები 3 ოქტომბერს სასტუმრო „Holidey Inn"-ში, 11:00 საათზე გაიმართება.