იყო ართი ჭკვერი ბოში (დასასრული)

იყო ართი ჭკვერი ბოში (დასასრული)

რაკი ჩვეული ხრიკებით ციხიდან თავის დახსნის განზრახვა ჩაუფლავდა, აშორდიამ ტაქტიკა შეცვალა. თუ მანამდე ყველაფერი აღიარა და თავზე ნაცარი წაიყარა, ახლა სრულიად საპირისპირო ჩვენებას მიაწვა - თავი მოიავადმყოფა, მძიმე სულიერი დეპრესია მოიმიზეზა და ყველაფერი თანამზრახველებს გადააბრალა. მისი თქმით, თვითონ უცოდველი კრავი და სისხლისმსმელი ბანდიტების შანტაჟის მსხვერპლი იყო, რომლებიც სიკვდილის მუქარით აიძულებდნენ ყალბი ჩეკების დამზადებას - რამდენჯერ დავაპირე ამ შაიკისაგან თავის დაღწევა და პატიოსანი ცხოვრების დაწყება, მაგრამ სადაც წავედი, ყველგან მომძებნეს, ჩამომაკითხეს და იარაღით დამადგნენ თავზე, რა უნდა მექნაო. ნაირნაირი ჯურის სამართალდამრღვევთან ურთიერთობაში თმაგათეთრებული გამომძიებელი დაჭყეტილი თვალებით უმზერდა მონანიე თაღლითს, რომელიც ლამის მადლობას უხდიდა პოლიციას დაპატიმრებისა და ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემის გამო.

არსებობს გადმოცემა, რომ ახალი წელთაღრიცხვის 68 წელს, როცა მტრებისგან დევნილმა ნერონმა გააზატებული მონის დახმარებით თავი მოიკლა, მისი ბოლო სიტყვები იყო - “ოო, ღმერთო, როგორი არტისტი ვიღუპები!”. თავს ვერ დავდებ, რომ გვაძას ბოშს წაკითხული ჰქონდა რომის გადამბუგველი დამთხვეული იმპერატორის ისტორია, მაგრამ მასში ნამდვილად იყო რაღაც მსახიობური, რის გამოც ცივსისხლიანი თაღლითიდან გულუბრყვილო და შანტაჟისტების მახეში გაბმულ ფრაერად გარდასახვას წარმატებით ახერხებდა. დაკითხვიდან საკანში დაბრუნებული და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილი დიდი კომბინატორი ხშირად იხსენებდა ხოლმე ბავშვობას და თაღლითური კარიერის დასაწყისში ქუთაისის თეატრში ნანახ სპექტაკლებს, კოტე მესხისა და ლადო მესხიშვილის მიერ შესრულებულ ბრწყინვალე როლებს და ხანდახან ნანობდა კიდეც, მათთან რომ მივსულიყავი, ჩემგან ცუდი მსახიობი არ დადგებოდაო.

არც ცდებოდა დილეგში გამოკეტილი თვითგამოცხადებული აზნაური. მან მართლაც მოახერხა თავგზა აებნია ძიებისთვის. ამისათვის ე.წ. შერეულ ტაქტიკას მიმართა - თუ ერთი მხრივ ჯიუტად უარყოფდა წაყენებულ ბრალდებებს (როგორც წესი, განსაკუთრებით მძიმეს და სახიფათოს), მეორე მხრივ - პატიოსნად აღიარებდა დანაშაულთა ნაწილს და მათ შორის ისეთებსაც, რომელთა შესახებაც გამოძიებასაც კი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. აშორდიას წინასწარ ჰქონდა გათვლილი ყველაფერი. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ერთი-ორი ასეთი წვრილმანი ფაქტის აღიარებით მისი ბრალეულობა მნიშვნელოვნად არ დამძიმდებოდა, სამაგიეროდ გამომძიებელთა ნდობის მოპოვებასა და სასჯელის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა. ამავე მიზანს ემსახურებოდა მის მიერ ყოფილი თანამზრახველების ჩაშვების ტაქტიკაც, რამაც ამ უკანასკნელთა გაცოფება გამოიწვია, განსაკუთრებით - იოსელიანის და ბერეჟიანისა. პირველს სამუდამო სანანებლად დაურჩა, თავის დროზე სოლომონს ციხიდან გამოსვლაში რომ დაეხმარა, მეორეს კი ის, რომ ბანკიდან გამოტანილი ფულების გაყოფასთან დაკავშირებული გარჩევების დროს ყოველთვის ინტელექტუალური ცენტრის მხარეს იჭერდა, რისთვისაც ერთხელ სოკრატთან მწვავე დაპირისპირებაც მოუხდა.

ორად ორი ადამიანი, ვის შესახებაც კრინტი არ დაუძრავს აშორდიას, მისი ძმა მიხეილი და გულის მურაზი ნინა ჯოხაძე იყო. დედმამიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ცივსისხლიანი და ანგარიშიანი თაღლითისგან სარეცელის მოზიარის დაზოგვა ცოტა უცნაურად გამოიყურება. როგორც ჩანს, სოკრატის მიერ შეჩენილმა ქალბატონმა იმდენად ოსტატურად შეასრულა დავალება, რომ მალევე გადაავიწყდა დამკვეთის ინსტრუქციები და საკუთარ გრძნობებს ვეღარ შეეწინააღმდეგა. ვლადივოსტოკიდან ჩიტაში რომ გამოიქცნენ, მარტო ეს ფაქტიც კი მეტყველებს ჯოხაძის ნამდვილ განზრახვაზე. ის უკვე აშორდიაზე ფანატიკურად შეყვარებული ქალი იყო და არა იოსელიანის აგენტი. შემთხვევითი არაა, რომ მათი ურთიერთობა პატიმრობის შემდეგაც გაგგრძელდა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიძე-სიდედრიანში გადაიზარდა.

+ + + 

ციხეში დატრიალებული კომბინაციების მიუხედავად, გვაძას ბოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას ხომ უკიდეგანო იმპერიის სხვადასხვა კუთხეში ჰქონდა ჩადენილი მსგავსი ხელწერის, მაგრამ განსხვავებული ხასიათის ათეულობით დანაშაული. ახლა ამის შესახებ უკვე ყველამ იცოდა. ვლადივოსტოკში დაწყებულმა ძიებამ თავი მოუყარა ინფორმაციას გვაძას ბოშის მიერ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა გვარით გაიმასქნებულ საქმეებზე. შეიქმნა ერთგვარად პარადოქსული სიტუაცია. შორეულ აღმოსავლეთში წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული, რომ სხვადასხვა ქალაქიდან დეპეშა დეპეშაზე მოდიოდა - დროზე მორჩით საქმეს და პატიმარი აშორდია ჩვენთან გადმოაგზავნეთ, რადგან დანაშაული აქაც აქვს ჩადენილი და უნდა გავასამართლოთო. ცალკე - ხარბინი იქაჩებოდა, ცალკე - ომსკი, ცალკე - ჩიტა და ცალკე - უფა. ცოტა მოგვიანებით ბაქომ და ბათუმმა მოითხოვეს საკუთარი წილი დიდი გამყალბებლის ტყავიდან. სამაგიეროდ, დიდსულოვნად დუმდა მშობლიური ქუთაისი, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ყველა სხვა ქალაქისა და სასამართლო ინსტანციის მოვლის შემდეგ უძღები შვილი ბოლოს მაინც რიონისპირა ალმა-მატერს დაუბრუნდებოდა...

იმპერიისათვის წაგლეჯილი ფულებით აზიზ ცხოვრებას მიჩვეულ აშორდიას ძალიან გაუჭირდა. სანამ ეს ძაღლიშვილები ყველა ქალაქში ჩადენილ დანაშაულზე მოკვლევას დაასრულებენ, მანამდე თუ მე ვლადივოსტოკის ნესტიან ციხეში ვეგდე, სული გამძვრებაო, ჩაფიქრდა გვაძას ბოში. ზაფხულში კიდევ რა უშავდა, მაგრამ, ეს ოხერი, ამურისპირეთში წლის ორი მესამედი ზამთარი იდგა. ყველაფერს შეეგუა სოლომონი, ბალანდასაც კი, მაგრამ სიცივეს და ნესტს ვერაფერი მოუხერხა. ჰოდა, დაჯდა წერად უსტარისა დიდი კომბინატორი - გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი პატიოსნად ვაღიარე, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კავკასიელი ვარ, მზიურ ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი, ხანგრძლივად აქ ჯდომა უარყოფითად მოქმედებს ჩემს ჯანმრთელობაზე და გთხოვთ, ქუთაისის ციხეში გადამიყვანოთო. პირველ უსტარს მეორე მოაყოლა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე და დაიძრა კონვეიერის ლენტა. თავიდან გაუჭირდა, თორემ შემდეგ წერილების წერა მოთხოვნილებად ექცა და კვირას ისე როგორ გაუშვებდა, სულ მცირე ერთი გულმდუღარე ბარათით არ შეეხსენებინა თავი ადმინისტრაციისთვის. მთელმა მისმა ეპისტოლურმა მემკვიდრეობამ მოგვიანებით ქუთაისის სასამართლოში, შემდეგ კი ადგილობრივ საისტორიო არქივში მოიყარა თავი. თქვენი მონა-მორჩილი, ამ სტრიქონების ავტორი გულდასმით გავეცანი თითოეულ მათგანს და 80 წლის შემდეგაც კი დამეთუთქა გული დიდი კომბინატორის საცოდაობით. თუ ვინმეს შესაძლებლობა მოგეცემათ, პირადად ნახოთ სასამართლო საქმეში ჩაკერებული ეს დოკუმენტები, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ აშორდიას სახით არა მხოლოდ თეატრმა დაკარგა დრამატული ჟანრის შესანიშნავი მსახიობი, არამედ - კალმის დიდოსტატი ქართულმა ლიტერატურამაც.

წლების განმავლობაში ყალბი დოკუმენტების შედგენამ დიდი კომბინატორის კალიგრაფიაზეც მოახდინა გავლენა. როგორი იყო მისი ნამდვილი ხელწერა, ამის დადგენა, სასამართლო საქმეში არსებული უამრავი ავტოგრაფის მიუხედავად, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აშორდიას წერილები გარეგნულად ძალიან წააგავს იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს კანცელარიის მწერალთა ბატიფეხურს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გვაძას ბოში თხოვნის ბარათების წერის დროს რეალობის შეგრძნებას ჰკარგავდა და მის ქვეცნობიერში პატიმარ აშორდიას ნაცვლად კვლავ იღვიძებდა აზნაურთა სულების მეუფე აშორდია... 

+ + +

ჩემი თაობის ბავშვებს სკოლაში სსრ კავშირის ისტორიას გვასწავლიდნენ...

თუ ამ ბლოგტექსტს 1990 წლის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდებიც კითხულობენ, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სსრკ აბრევიატურას წარმოადგენს და ასე ერქვა იმ ნეტარხსენებულ იმპერიას, რომლის ერთ, ყველაზე ნათელ და მზიან საკანში საქართველო 70 წლის განმავლობაში მიირთმევდა საბჭოთა რესპუბლიკის გარნირით მორთულ კოლონიურ სალაფავს.

მანამდე იყო ცარისტული იმპერია და ჩვენ, ბავშვებს გვასწავლიდნენ, ასეთი ხორცშესხმული ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში არც არავის უნახავს და არც ვინმეს გაუგონიაო.

ბავშვი ვიყავი და სსრკ ისტორიის სახელმძღვანელოების გადამკიდე, მეგონა, რომ ზამთრის სასახლეში იჯდა ადამიანების სისხლით ლაშებდასვრილი მტარვალი ნიკოლოზი, რომელიც დღე და ღამე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ვინ ჩამოეხრჩო ან დაეხვრიტა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეფის მსაჯულები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ისტუმრებდნენ ათეულათასობით პატიმარს კატორღასა და სახრჩობელაზე. ლამის ცხარე ცრემლით ვიტირე, როცა პროლეტარიატის დიდი ბელადის ძმის ისტორია წავიკითხე და თავი იმით ვინუგეშე, რომ წამოჩიტულმა ვალოდიამ სამართლიანად იძია შური ნიკოლოზი ოჯახზე.

მოკლედ, ჯობს შევწყვიტოთ პირსისხლიან ცარიზმზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, ყველა გაოგნებული დარჩებით, როდესაც შეიტყობთ, რომ ამ ტირანული ქვეყნის სასამართლომ ორწლიანი ძიებისა და ჩხრეკის შემდეგ, 1909 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, დიდ კომბინატორს მხოლოდ... წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არა, არ გეჩვენებათ, ნამდვილად წელიწადნახევარი წერია და თქვენ მონა-მორჩილს აქ არანაირი კორექტურული შეცდომა არ დაუშვია. მეტსაც გეტყვით, ჯგუფის სხვა წევრებმაც (იოსელიანი, ღლონტი, ძნელაძე და გუგუნავა) იგივე სასჯელი დაიმსახურეს. სასამართლომ მათ რუსეთ-ჩინეთის ბანკის ვლადივოსტოკის განყოფილებიდან ყალბი ჩეკებით გატანილი 107 000 მანეთის ანაზღაურება დაავალა (ესეც წმინდა წყლის ფორმალობა იყო. ყველას ესმოდა, რომ თაღლითები ამ თანხას სიკვდილამდე მუშაობის შემთხვევაშიც ვერ გადაიხდიდნენ, მათ სახელზე კი არანაირი უძრავი ქონება არ ირიცხებოდა, რომ სახელმწიფოს მისი კონფისკაციით დაზარალებული ბანკისთვის ნაწილობრივ მაინც აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი). რამდენიმე კაცმა, მათ შორის ბანკებიდან ფულის უშუალოდ გამომტანებმაც, გაცილებით ხანმოკლე კურორტს, ზოგმა კი პირობით სასჯელს გამოჰკრა ხელი. სოლომონისგან დაზოგილი და თანამზრახველად არდასახელებული ნინა ჯოხაძე საერთოდ გაათავისუფლეს.

იმპერიაში მოქმედი კანონის თანახმად, თუ წინასწარი ძიების პერიოდში საპატიმროში გატარებული დრო სასჯელის ვადას აღემატებოდა, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე უნდა გაესამართლებინათ. ასეც მოხდებოდა, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ აშორდიას სახელზე სხვა ქალაქებში ჩადენილი დანაშაულებიც ირიცხებოდა. ამიტომ, გვაძას ბოში უკანვე შეაბრუნეს... თუმცა, რატომ უკან? მთელ ამ სასამართლო ფარსს ის მაინც მოჰყვა შედეგად, რომ სოლომონს ნატვრა აუსრულდა და 1910 წლის ივნისში ქუთაისის საგუბერნიო ციხეში გადაიყვანეს.

ეჰ, პოეტის თქმისა არ იყოს, ხანგრძლივად ცხოვრებას ვინ გაუხარებია, გვაძას ბოში რომ დაენდო. რიონისპირა ქალაქში სასწრაფო წესით გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ (ამას დიდი დრო აღარ დასჭირვებია, ყველა სამხილი მოძიებული იყო, მოწმეები კი – დაკითხული) დიდი კომბინატორი იმავე წლის აგვისტოში ბაქოში გადაიყვანეს (მილიონერ ბენდიანის “მემკვიდრისთვის” ყალბი ანდერძის შედგენა გაუხსენეს). ბაქოს შემდეგ რიგში უფა იდგა, შემდეგ კი - აშხაბადი. გზად სასამართლო კრუიზში მყოფმა სოლომონმა ხანმოკლე ვიზიტებით სამარის, ასტრახანის, ცარიცინისა და ორენბურგის ციხეები მოინახულა. რაც შეეხება აშხაბადს, იქ ხანგრძლივად შეისვენა და 1913 წლის იანვარში ირკუტსკის ციხეში დაბრუნდა, საიდანაც თავის დროზე გაქცეული იყო. დიდი კომბინატორის მოგზაურობის უკანასკნელი პუნქტი მერვის ციხე იყო, სადაც გათავისუფლების ფირმანმაც მოუსწრო.

1914 წლის 22 დეკემბერს მერვის ციხის ალაყაფიდან ზურგზე ფუთამოგდებული, გამხდარი და სახეგაყვითლებული სოლომონ აშორდია გამოვიდა. გამოვიდა და ყინვით მოსარკულ ცას შვებით ახედა. როგორც იქნა, დამთავრდა თითქმის რვაწლიანი ტუსაღობის ხანა. საქართველო, ქუთაისი, ნინა ჯოხაძე და მშვიდი ცხოვრება მონატრებოდა ნაპატიმრალს...

+ + + 

აშორდია და მშვიდი ცხოვრება?

მღელვარე ზვირთების მიერ სად არ ნათრევი დიდი კომბინატორი უწყინარი და თვის ბოლოს რამდენიმეთუმნიანი ჯამაგირის მომლოდინე მოხელის ურეტენზიო ცხოვრებით რომ არ დაკმაყოფილდებოდა, ამას რა დიდი მიხვედრა უნდა! განა რომელიმე თქვენგანმა ერთი წუთით მაინც დაუშვით მოვლენების განვითარების მსგავსი პერსპექტივა? ეს კაცი ხოხვისთვის არ იყო დაბადებული. მას მხოლოდ ფრენა შეეძლო და მთელი ცხოვრება, იქნებ, სწორედ ამიტომ ელტვოდა თვალუწვდენელ ტრამალებს, სადაც ფრთების გაშლა და დიდი სივრცის დაუფლება შეეძლო.

უცნობია, სად იმყოფებოდა გვაძას ბოში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. ვეჭვობ, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. აქ ხომ მას ასეულობით ტიტულდაკარგული და გამწარებული აზნაური დაეძებდა მოსაკლავად. თუმცა, გადაჭრით არც ამის თქმა შეიძლება. იმ ამბებიდან თითქმის 20 წელი იყო გასული. აშორდიას აზნაურთა დიდი ნაწილი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, ნაწილმა ავსტრო-უნგრეთის ფრონტის სანგრებში დალია სული. ვინც ცოცხალი დარჩა, ჟამთა მდინარების გამო ბრაზიც გაუნელდა და ხელი ჩაიქნია - ჯანდაბას, რაც იყო, იყოო. დანამდვილებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ციხიდან დაბრუნებულმა დიდმა კომბინატორმა ოჯახი შექმნა და ყოფილი სატრფოს ქალიშვილზე იქორწინა. აქამდე მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალ სოლომონს ახლა ოჯახის საზრუნავიც დააწვა მხრებზე. დააწვა და მწარედ დააფიქრა - ფული, დიდი ფული იყო საჭირო. უფულოდ მას არსებობა არ შეეძლო...

+ + +

განსაკუთრებული ფანტაზია არაა საჭირო ასეთი სურათის წარმოსადგენად: მაგიდას, რომელზეც რუსეთის იმპერიის დიდი რუკაა გადაშლილი, მოჭუტული მზერით აკვირდება გვაძას ბოში. რა უნდა, რას უჭვრეტს, რა აქვს ფიქრად აფერების დიდოსტატს? იქნებ, განვლილ ცხოვრებას იხსენებს? ნაკლებად სავარაუდოა. აშორდია არ იყო ის კაცი, რომელიც დროს უსაგნო მოგონებებში გაფლანგავდა. არც გეოგრაფიის შესწავლა აინტერესებდა მას. რუკას თუ დასცქეროდა, მხოლოდ იმის ფიქრით და ანგარიშით, ამჯერად საით მოექცია კეხი ბედისწერის ხომალდისთვის. გამორიცხვის მეთოდით აგებდა გებმებს და ვარაუდებს დიდი სოლომონი. ცხადია, კავკასია და შუა აზია გამორიცხული იყო, მით უმეტეს - ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი, სადაც მას მოხარშულსაც იცნობდნენ. კამჩატკა-ჩუკოტკასა და პოლარული წრის ჩრდილოეთით რა დარჩენოდა მზის და სითბოს მოყვარულ კაცს? რა რჩებოდა? ისევ - იმპერიის ევროპული ნაწილი, უფრო - ჩრდილო-დასავლეთი განაკიდე, სადაც მანამდე არასოდეს ჩაუშვია ღუზა და შესაბამისად - არც არავინ იცნობდა. 

უკრაინა ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტად მოეჩვენა და კიევს მიაშურა, მაგრამ აქ პირველივე ცდაზე ჩავარდა. ხაზინის კერპი თანამშრომელი მის მიერ წარდგენილმა ასიგნაციამ დააეჭვა, რომლითაც პირველი გილდიის ვაჭარი სალონიკოვი (სათვალავიც ამერია, ეს უკვე მერამდენე გვარია აშორდიასი) საოლქო საინტენდანტო სამმართველოსგან კუთვნილი 278 000 მანეთის ანაზღაურებას ითხოვდა. ცხადია, გასკვანჩეს და დასასვენებლად საპატიმროს კამერა გამოუწერეს, სადაც მხოლოდ ექვსი თვე გაატარა. ასეთი მსუბუქი სასჯელი იმან განაპირობა, რომ გვაძას ბოშმა რაღაც სასწაულით მოახერხა ნამდვილი ვინაობის დამალვა. პოლიციამ გადაუმოწმებლად დაიჯერა მისი განცხადება, სალონიკოვი კი არა გიორგი მაჭავარიანი ვარო (სარეზერვოდ, მეორე პასპორტიც ჰქონდა გამზადებული), 1917 წლის აპრილის დასაწყისში გაათავისუფლეს და მოქმედ არმიაში უკრეს თავი. ასე რომ, ნიკოლოზის გადადგომა კოლეგა ტუსაღებთან ერთად საკანში იდღესასწაულა პატიმარმა აშორდიამ.

მეტი საქმე არ ქონდა დიდ კომბინატორს - სწორედ, ფარაჯას ჩაიცვამდა, ხიშტს დაიკავებდა გერმანელებს შეაკლავდა თავს! ამიტომ, პირველივე შემთხვევით ისარგებლა, ფრონტიდან აითესა და ცოტა ხანში მოსკოვში ამოჰყო თავი. მალე მას ასევე სამხედრო ნაწილიდან გაპარული ცოლის ბიძა (ყოფილი ცოლისძმა) ვარლამ ჯოხაძეც შეუერთდა და მოყვრებმა ერთად გაითამაშეს აშორდიანას უკანასკნელი დრამატული აქტი.

პირველი კომბინაცია სპირტთან იყო დაკავშირებული, რასაც, გასაგები მიზეზების გამო, ოქროზე დიდი ფასი ედო იმპერიის სატახტოში. სოლომონი ჩვეული სქემით მუშაობდა, აქციზის სამმართველოს ყალბ საბუთებს აფორმებდა, საწყობიდან სპირტი კაპიკებად გამოჰქონდა და ვიღაც ანჯაფარიძის მეშვეობით ჰყიდდა. ამგვარი მაქინაციით სამეულმა მოკლე დროში 250 000 მანეთი იშოვნა.

მერე ისევ ბანკები გაახსენდა და ერთ-ერთი კომერციული დაწესებულებიდან 290 000 მანეთი გაიტანა ყალბი ჩეკით. ოპერაცია სარისკო იყო, მაგრამ რაკი წარმატებით დასრულდა, გვაძას ბოშმა კიდევ გადაწყვიტა ბედის ცდა. თქვენ წარმოიდგინეთ - გაუმართლა. თაღლითებმა იმავე კომერციულ ბანკში არსებული ერთი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ანგარიშიდან უპრობლემოდ გაიტანეს ჯერ 200 000, შემდეგ კი 350 000 მანეთი. 400 000-ის დათრევასაც აპირებდნენ, მაგრამ უბრალო შემთხვევამ (ბანკის მოხელეთა ბიუროკრატული უსულგულობით გაღიზიანებულმა ვიღაც მოქალაქემ სწორედ იმ დროს ატეხა ხმაური) შეუშალათ ხელი. სოლომონმა ეს გარემოება ზეციურ გაფრთხილებად მიიღო და აღარ გარისკა.

სხვათა შორის, მოსკოვში ზუსტად გამეორდა 10 წლის წინანდელი ისტორია, როცა უბრალო დაეჭვების გამო ვლადივოსტოკის ბანკში ფულის გამოსატანად შესულმა არგირატოსმა ყალბი ჩეკი სალაროში მიატოვა და გაუჩინარდა. განსხვავება ის იყო, რომ ამურისპირეთში ბანკის მოხელეებმა მაშინვე აიღეს ეჭვი, მოსკოვში კი საქმე მხოლოდ მომდევნო დღეს გასკდა, როცა მოლარემ ქარხანაში დარეკა და შეატყობინა, თქვენი საბუთები გამზადებულია და 400 000 მანეთი გაიტანეთო...

ხომ წარმოგიდგენიათ, რა პანიკა დატრიალდებოდა საბირჟო წრეებში.

დამთავრდა თამაში, აქ დარჩენა უკვე სიგიჟეა - დაასკვნა დიდმა კომბინატორმა, ფული პალტოს სარჩულში ჩააკერა და მოკლე დროში თბილისში ამოჰყო თავი. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ მან მუშტაიდის მახლობლად მდებარე კეთილმოწყობილი ბინა შეიძინა და ცოლთან ერთად დაელოდა მოვლენების განვითარებას...

+ + + 

სოლომონ აშორდია 1920 წლის 28 იანვარს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა, რომ იტყვიან, ძალთა და შესაძლებლობათა გაფურჩქვნის ჟამს.

მოულოდნელად შეყრილმა ფილტვების ანთებამ მოინელა ეს დაუდეგარი და ბობოქარი ადამიანი, კაცი, რომლის ისტორია ლეგენდებად მოედო რუსეთის უკიდეგანო იმპერიას.

სამწუხაროდ, დეტალებში არაა ცნობილი, რას საქმიანობდა, ან რით იყო დაკავებული დიდი კომბინატორი დამოუკიდებელ საქართველოში. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ სიდედრი და ოქრო-ბრილიანტებად ქცეული ქონების დიდი ნაწილი მოსკოვის ბინაში დატოვა. სცადა კიდეც ერთხელ ჩასვლა და წამოღება, მაგრამ სამოქალაქო ომმა შეუშალა ხელი. ამის გამო ჭირივით ეზიზღებოდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები. ერთნაირად ვერ იტანდა თეთრებსაც და წითლებსაც.

არც ისაა ცნობილი, ჟორდანიას მთავრობის კაცებში იყო თუ არა ვინმე თავის დროზე აშორდიას წყალობით გააზნაურებული, ან გააზნაურებულის შთამომავალი. თუმცა, კიდეც რომ ყოფილიყო, მათთან მისვლას და ძველი დამსახურების შეხსენებას აზრი არ ჰქონდა. გუმანით გრძნობდა, უჯიშო და უპურმარილო ხალხის ხელში იყო ქვეყანა ჩავარდნილი და ყოველნაირად არიდებდა თავს მათთან ურთიერთობას. აქეთ არ დაინტერესდნენ ჩემით, თორემ იქით როგორ მივაკითხავო - ფიქრობდა გულში.

ჟორდანიას კაცებმა არა, მაგრამ სიკვდილმა ნამდვილად მიაკითხა გვაძას შთამომავალს. მშვიდად შეეგება მიქელ-გაბრიელს. ძალიანაც არ უდარდია ამ ქვეყანასთან განშორება. არ უდარდია, რადგან არასააშორდიო, მოწყენილი დრო იდგა საქართველოში და ხოხვას სიკვდილი არჩია ფრენისთვის დაბადებულმა დიდმა კომბინატორმა. 

როგორ ვთქვა და, გაუმართლა კიდეც. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, კიდევ ერთი წელი რომ დასცლოდა და საქართველოს გაწითლებას მოსწრებოდა. მაშინ, ალბათ, სიკვდილსაც არ დაელოდებოდა, თვითონვე იკრავდა შუბლში ტყვიას აზნაურთა უიღბლო ჭირისუფალი. 

ზუგდიდის სასაფლაოზე განისვენებს ნეშტი მონისა ღვთისა სოლომონ აშორდიასი.