ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში შაბათს 33 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის აღმასკომის წევრთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დელეგატად გია გილიგაშვილი იყო დამტკიცებული.
როგორც ტრიბუნალის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება გრფფ-ის დელეგატს, ტრიბუნალმა გურიის რეგიონული ფედერაციის გამგეობის მოთხოვნებიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ასევე გააუქმა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დელეგატად გოჩა ტყებუჩავა დამტკიცდა. ამასთან არ დააკმაყოფილა გამგეობის წევრთა მოთხოვნა დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ამ რეგიონების ხელმძღვანელები, ვინც არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, თავად არიან აღმასკომის წევრები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი შაბათს ეყოლება. არჩევნები 3 ოქტომბერს სასტუმრო Hollidey Inn-ში, 11:00 საათზე გაიმართება.
ამგვარად, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 35-ის ნაცვლად 33 დელეგატი აძლევს ხმას. საპრეზიდენტო პოსტისთვის კი სამი კანდიდატი – ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.