ჭირმა, რომელიც "ქართული ოცნების" სახით 3 წლის წინ საქართველოში შემოვიდა, თავი არც ევროპაში დამალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საშემოდგომო სესია მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხთა შორის, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებებათა მასობრივი დარღვევის საკითხებზე რეზოლუციის მიღება განიხილება.
"ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ შევიტყვეთ, საქართველოდან დიდი დელეგაცია, დიდი დესანტი არის გადასხმული სტრასბურგში და ყველანი ამაში არიან ჩართულები - საელჩოები, აქედან წასული დეპუტატები და მისი უდიდებულესობა, ქალბატონი წულუკიანიც სტრასბურგს ესტუმრა. რა არის მისია ამ დესანტის? აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს მიზნად აქვთ, გაანათლონ დეზორიენტირებული ევროპელი დეპუტატები, რომ საქართველოში არავითარი დემოკრატიის დარღვევა არ ხდება და ყველაფერი ბოროტმოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" მოგონილია, რომ ეს ცნობები, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" ასაზრდოვებს ევროპის საბჭოს, არის ტყუილი და საქართველოში ყველაფერი კარგად არის. არის მცდელობა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა უპირველეს მტრად წარმოადგინონ", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, 3 წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა, რომ საზღვრებს გარეთ ქვეყნის რეპუტაცია მთლიანად გაეცამტვერებინა.
"სახელმწიფო ინტერესების ღალატი ის კი არ არის, რომ ევროპის საბჭოს მართებულ ინფორმაციას მიაწვდი. ღალატი და სიბრიყვე არის პოლიტიკური დევნა, პრეზიდენტის პიჯაკების თვლა, როდესაც პრეზიდენტის ბებიის 16 წლის მანქანას დააყადაღებ. სახელმწიფო ინტერესების ღალატია, როგორც ეპყრობიან პოლიტპატიმრებს საქართველოს ციხეებში", - განაცხადა წიკლაურმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მაგალითად, ბაჩო ახალიას მიმართ გამოტანილი განაჩენი მოიყვანა და აღნიშნა, რომ "საქართველოს სასამართლოებში დღეს განაჩენი დგება არა საქართველოს სახელით, არამედ კრიმინალებისა და ქურდების სახელით".
"ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ ჭირმა, რომელიც "ქართული ოცნების" სახით 3 წლის წინ საქართველოში შემოვიდა, თავი არც ევროპაში დამალა. ამდენად, ჩვენ გვწამს, რომ ევროპული საზოგადოება მიიღებს სწორ, პრინციპულ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას, შეზღუდავს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს საქართველოში, თვალს არ დახუჭავს ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობაზე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა წიკლაურმა.