UEFA-მ საჭიროდ ჩათვალა თავად დააკვირდეს აქ მიმდინარე მოვლენებს“,- ამის შესახებ განცხადება საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, UEFA-ს მიერ დამკვირვებლების გამოგზავნის საკითხე კომენტირებისას გააკეთა.
ნიკოლოზ ჯღარკავა დამკვირვებლების ჩამოსვლის ფაქტს დადებითად აფასებს.
როგორც ნიკოლოზ ჯღარკავა აცხადებს, 26-მა საფეხბურთო კლუბმა UEFA-ს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი არჩევნებში, მათი დამკვირვებლების დასწრებას ითხოვდნენ.
„დინამოს“ დირექტორის განმარტებით, UEFA-მ ქართული საფეხბურთო კლუბების წერილს 24 საათში უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნებს, UEFA-ს ორი დამკვირვებელი დააკვირდება.
„ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ UEFA-მ საჭიროდ ჩათვალა თავად დააკვირდეს აქ მიმდინარე მოვლენებს. UEFA-მ ყურად იღო იმ საკითხების მნიშვნელობა, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ, რა თქმა უნდა ამას, როგორც დადებით ფაქტს, ისე აღვიქვამთ. ეს, არჩევნების პროცესს, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება. წერილში ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ. ძირითადად საკითხები ეხებოდა დელეგატების იმ პერსონალიებს, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს. ეს ყველაფერი წერილში დასაბუთებულია. ასევე ის, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ტრიბუნალის გადაწყვეტილება გააუქმა, რაც ვფიქრობთ, რომ წესდებიდან გამომდინარე, მიუღებელია. UEFA საქმის კურსში ჩავაყენეთ კლუბების მოთხოვნის შესახებ, რომ ისინი ფედერაციის წევრობის უფლების მიღებას ითხოვდნენ. ის ფაქტი, რომ UEFA ჩვენს წერილს 24 საათში პასუხობს, მიუთითებს იმაზე, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს", - განაცხადა ჯღარკავამ.
„დინამოს“ დირექტორი იმედოვნებს, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა, წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ფაზას, ხელს შეუწყობს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, თბილისში UEFA-ს დამკვირვებლები ჩამოვლენ, რომლებიც როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას დააკვირდებიან.
როგორც UEFA-ს მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, დამკვირვებლების გამოგზავნის ერთ-ერთი მიზეზია, თავიდან იქნას აცილებული, საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.