იყო ართი ჭკვერი ბოში (მეექვსე ნაწილი)

იყო ართი ჭკვერი ბოში (მეექვსე ნაწილი)

ყველა, მათ შორის უგამორჩეულეს თაღლითურ ისტორიას აქვს დასაწყისი და დასასრული. გრაფი სეგედი რომ ამბობს, აბრაგის ბოლო სახრჩობელა, ან მოღალატის ტყვიააო, ეს სენტენცია მცირეოდენი კორექტურით აშორდიასნაირ კომბინატორებზეც ვრცელდება. მისი ფანტასტიკური ნიჭისა და გაიმასქნების უნარის მიუხედავად, იმპერიული სამართლის ურემი მაინც წამოეწია და თაღლითობის ათწლიანი ისტორიაც ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა.

ეს ამბავი 1907 წლის ზაფხულში მოხდა.

იმ დროისათვის აშორდიას ჯგუფი განსაკუთრებით გააქტიურდა. ჩავარდნის სერიოზული საფრთხის მიუხედავად, გვაძას ბოში წარმოუდგენელ რისკზე წავიდა და ყალბი ჩეკებით მსხვილი ბანკებიდან სოლიდური თანხების მოხსნის კამპანია წამოიწყო. მის ამ პერიოდის საქმიანობაზე დაკვირვება უცნაური დასკვნისკენ გვიბიძგებს - აზნაურთა სულების მეუფე აშკარად ცეცხლს ეთამაშებოდა. მან არა მხოლოდ ბანკებიდან ფულების გამოტანა გადაწყვიტა, გასატყავებელი კლიენტიც საგულდაგულოდ შეარჩია. ეს იყო, არც მეტი, არც ნაკლები, მისი უდიდებულესობა... რუსეთის იმპერია. დიახ, დიახ, სწორედაც რომ იმპერია. იმის მიუხედავად, რომ კერძო პირებისა და კომპანიათა ანგარიშებში განავარდება გაცილებით უსაფრთხო და გამჟღავნების შემთხვევაში ნაკლებად რეზონანსული საქმე იყო, დიდმა კომბინატორმა სამიზნედ ვლადივოსტოკის თვითმართველობა ამოირჩია. ძნელი სათქმელია, რა განზრახვა ამოძრავებდა აშორდიას, როცა ესოდენ სარისკო ნაბიჯს დგამდა - საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს ცდიდა თუ დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ იმპერიაზე სურდა შურისძიება მის სამშობლოზე დატეხილი უბედურების გამო. თუმცა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ისაა, რომ დიდმა თაღლითმა გეგმა დაისახა და მის განხორციელებას მეთოდურად შეუდგა.

ამფსონებისა და კომპანიონების გარეშე ამ საქმის მოგვარება წარმოუდგენელი იყო და სოლომონმაც აფერებში ნაცად ძმებს მიმართა. ბერეჟიანმა რუსეთ-ჩინეთის ბანკის ვლადივოსტოკის განყოფილებაში მომუშავე ვინმე დიმიტრი ძნელაძე გამოჩიჩქნა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ორგანიზაციის უკვე განაღდებული ჩეკები დაითრია. გენიალური გამყალბებელი სასტუმრო “ხარკოვსკიე ნომერა”-ს მყუდრო აპარტამენტებში, შინაურ გარემოში შეუდგა მათ შესწავლას. იქვე დაიმარაგა ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო მასალა-მოწყობილობანი - ქაღალდი, კლიშეები, ლიტერები, სხვა სასტამბო მოწყობილობანი და მალე საამქრომ პროდუქციის გამოშვება, ვლადივოსტოკის თვითმართველობის საბანკო ანგარიშმა კი შემსუბუქება დაიწყო.

მოგვიანებით, როცა საქმე გასკდა და ძიებამ ყველა აფერას ღდინამდე ჩასძია, გამოირკვა, რომ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, 1907 წლის ოთხიდან შვიდ ივნისამდე აშორდიას მიერ დამზადებული ჩეკების გამოყენებით მისმა თანამზრახველებმა 110 000 მანეთი გაიტანეს თვითმართველობის ანგარიშიდან. თაღლითები იმდენად გათავხედდნენ, რომ ზოგჯერ ერთი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ახორციელებდნენ ასეთ ოპერაციებს. ხომ წარმოგიდგენიათ მგელი, რომელმაც დილით მწყემსს ბატკანი მოსტაცა და შუადღეზე ისევ შეუარა პირის ჩასატკბარუნებლად. აშორდიელებიც ასე იქცეოდნენ. მაგალითად, 4 ივნისს ორჯერ გაიტანეს თანხა, მთლიანობაში - თითქმის 24 000 მანეთი. 6 ივნისს, ასევე ორჯერ - 38 000, საბედისწერო 7 ივნისს კი, ჩავარდნამდე ჯგუფმა სამი წარმატებული ფინანსური ოპერაცია განახორციელა, რის შედეგადაც 49 500 მანეთით შემსუბუქდა თვითმართველობის ყულაბა. წარმოუდგენელმა წარმატებამ ფრთა შეასხა გვაძას ბოშს, იმავე 7 ივნისს კიდევ ერთი, ამჯერად 30 000-მანეთიანი ჩეკი გაახაზირა და მორიგი ემისარი აფრინა ბანკში, მაგრამ...

+ + + 

რა მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანთა სამეტყველო ლექსიკონში რომ არ არსებობდეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა “თუმცა” და “მაგრამ”.

დიდ კომბინატორს ჭირივით ეზიზღებოდა ეს სიტყვები. ყველაფერში სიზუსტისა და აკურატულობის მოყვარული ისე აკეთებდა საქმეს, რომ სათუმცაო და სამაგრამო არაფერი დაეტოვებინა. თვითონ - კი, მაგრამ კომპანიონები ხშირად ვერ ქაჩავდნენ და თავიანთი საქციელით საფრთხის ქვეშ აყენებდნენ სოლომონის მიერ წვრილმან დეტალებამდე გათვლილ გენიალურ კომბინაციას.

7 ივნისსაც ასე მოხდა და თაღლითური ჯგუფის წევრის, ვინმე სპიროს არგირატოსის ბრიყვულმა საქციელმა არა მხოლოდ კონკრეტული ოპერაცია ჩაშალა, აშორდიანას ბრწყინვალე ეპოპეასაც დაუსვა წერტილი... თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, წერტილი კი არა, წერტილ-მძიმე.

ალბათ, ღირს, დაწვრილებით შევჩერდეთ ამ დღეზე.

ნაშუადღევს, შესვენების შემდეგ, როცა რუსეთ-ჩინეთის ბანკის ვლადივოსტოკის განყოფილების თანამშრომლები სამუშაო მაგიდებს მიუსხდნენ, შენობაში უცნობი კლიენტი შევიდა, სალაროს მოხელეს თვითმართველობის სახელზე გამოწერილი 30 000-მანეთიანი ჩეკი მიაწოდა და თანხის მისაღებად რიგში ჩადგა.

მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. ასეთი კლიენტი ყოველდღიურად ასობით შედიოდა ბანკში და ფულის გამოტანის შემდეგ მიდიოდა. იმდღევანდელი შემთხვევაც უფათერაკოდ გადაგორდებოდა, მაგრამ როცა რიგში წინ მდგომებმა თავისი საქმე მოილიეს, აღმოჩნდა, რომ თვითმართველობის ჩეკის წარმომდგენი პიროვნება საოპერაციო დარბაზში არ იმყოფებოდა.

მოლარეს ამაში საეჭვო არაფერი დაუნახავს, ალბათ საპირფარეში შევიდაო, გაიფიქრა, კალმისტრის ბოლოთი თავი მოიფხანა და მშვიდად დაელოდა. კლიენტი კი არ ჩანდა.

გავიდა ათი წუთი, ნახევარი საათი, საათი... კლიენტი ისევ არ ჩანდა. მოლარე იძულებული გახდა, ბანკის მმართველი საქმის კურსში ჩაეყენებინა.

წარმოიდგინე, მკითხველო, სიტუაცია - თვითმართველობის საფინანსო სამსახურის ნდობით აღჭურვილი პირი მიდის ბანკში, მიაქვს 30 000-მანეთიანი ჩეკი, თანხას არ იღებს და მოულოდნელად უჩინარდება. ყოველივე ეს სავსებით საკმარისია დასაეჭვებლად, თვით ისეთი გონებაჩლუნგი ბიუროკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორსაც ცარისტული რუსეთი წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, ეჭვმა მოხელის ტვინის გამომშრალ კვანძებშიც შეაღწია. გამოიკითხა და გაიგო, რომ იმ დღეს თვითმართველობის ანგარიშიდან სამჯერ უკვე გაეტანათ საკმად დიდი თანხა. ბოლოს მოისაზრეს და თვითმართველობაში გაგზავნეს კაცი ამბის გასაგებად. იგი მალევე დაბრუნდა და ისეთი გამაოგნებელი ინფორმაცია მოიტანა, მთელი საბანკო განყოფილება ფუტკრის სკასავით აზუზუნდა - როგორც აღმოჩნდა, არც 4, 6 და მით უმეტეს 7 ივნისს ქალაქისთავ ციმერმანს არანაირ ჩეკზე არ მოუწერია ხელი და ბანკში წარდგენილი დოკუმენტები ყალბი იყო.

+ + + 

ამ ამბავს წინ აშორდიასთან დაკავშირებული რამდენიმე ისტორია უძღოდა, რომელზეც რამდენიმე სიტყვით ღირს ყურადღების შეჩერება.

წინა ეპიზოდში უკვე აღვნიშნე, რომ ხარბი კომპანიონები ხშირად სარგებლობდნენ დიდი კომბინატორის ნახევრად არალეგალური რეჟიმით და მის მიერ გაიმასქნებული საქმეებიდან შემოსული ათასების განაწილების დროს მშრალზე ტოვებდნენ.

ამის გამო ჯგუფში ხშირი იყო მსგავსი შემთხვევებისათვის ჩვეული გარჩევები. აშორდია ამაოდ აპროტესტებდა განაწილების უსამართლო პრინციპს და მისი, როგორც ინტელექტუალური ცენტრის წილის გაზრდას მოითხოვდა. ამფსონებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ მთელი იმპერიის მასშტაბით ძებნილ სოლომონს მათ იქით გზა არ ჰქონდა და ყურებს არ იბერტყავდნენ. ასე მოხდა ვლადივოსტოკის ბანკიდან გამოტანილი ფულის განაწილების შემთხვევაშიც. უშუალო შემსრულებლებს ინტელექტუალური ცენტრი ფეხებზე ეკიდათ. მათთვის საბანკო ჩეკი ქაღალდის ნაგლეჯი იყო და მეტი არაფერი, რომლის დამზადება არც დიდ გარჯას მოითხოვდა და არც განსაკუთრებულ რისკთან იყო დაკავშირებული. სახიფათო თუ რამე იყო, მათი აზრით - უშუალოდ სალაროსთან მისვლა და თანხის გამოტანა, რადგან გამჟღავნების შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდათ ადგილზევე დაპატიმრება. ამიტომ შემსრულებლები (მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო) საქმიდან სრულ წილს მოითხოვდნენ და არა კონკრეტული გარჯისთვის მიღებულ ანაზღაურებას (სხვათა შორის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, 7 ივნისს 30 000-იანი ჩეკის წარმდგენი არგირატოსი ბანკიდან მოულოდნელად იმიტომ აითესა, რომ მოეჩვენა, თითქოს საოპერაციო დარბაზში მყოფმა მორიგე პოლიციელმა იგი საეჭვოდ შეათვალიერა). განსაკუთრებულ სიხარბეს ზემოთ უკვე ნახსენები ბერეჟიანი იჩენდა, რომელსაც ყოველი განაწილების დროს სამი წილი მიჰქონდა - ერთი თავისთვის, ორი კი, ვითომდა, ბანკიდან განაღდებული ჩეკების გამომტანი ძნელაძისა და მასთან განდობილი პირისათვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ივნისის სამდღიანი აფერიდან აშორდიას 8 000 მანეთზე მეტი არ შეხვდა. ფულს ვინ ჩივის, ერთი გარჩევისას საკუთარი ხვედრი ფულით უკმაყოფილო ცხელსისხლიანმა გურულმა კომპანიონმა, ვინმე გუგუნავამ აშორდიას რევოლვერიც კი დაახალა, მაგრამ ბედისწერის ქალღმერთმა იხსნა გვაძას ბოში. ტყვიამ ოდნავ გაკაწრა დიდი კომბინატორი, რომელსაც ბოლო ამოსუნთქვამდე ჯერ კიდევ 13 წელი და არაერთი აფერა ჰქონდა დარჩენილი.

+ + + 

7 ივნისს ბანკში მომხდარი იაღლიშის შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ქალაქის პოლიციის მესამე განყოფილების პრისტავმა, ვინმე კრუშევანმა აგენტურის მეშვეობით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაარკვია, რომ ბანკის საქმე ვლადოვოსტოკელი ქართველების ნახელავი იყო და მათ სათავეში “ხარკოვსკიე ნომერაში” სოტიევის გვარით მცხოვრები სოლომონ აშორდია იდგა. მან მაშინვე მიიღო ზომები თაღლითების, პირველ რიგში კი, მათი თავკაცის დასაპატიმრებლად. წვრილფეხობა მალევე აიყვანეს. გვაძას ბოშს რაც შეეხება, მგელი რისი მგელია, საფრთხე თუ არ იგუმანა. როგორც კი დაფეთებულმა არგირატოსმა სასტუმროში მიაკითხა და სალაროში გაუნაღდებელი ჩეკის მიტოვების შესახებ აცნობა, დიდი კომბინატორი მაშინვე მიხვდა, რომ ამას დიდი გამოძიება მოჰყვებოდა და სასწრაფოდ ჩიტაში დაბრუნება გადაწყვიტა. ერთ საათში ბარგი უკვე შეკრული იყო, კიდევ ერთი საათის შემდეგ კი სოლომონი თავის გულის მურაზ ნინა ჯოხაძესთან ერთად ექსპრესში იჯდა და ბაიკალისპირეთისკენ მიემგზავრებოდა.

თითქოსდა კიდევ ერთხელ დააღწია თავი ხაფანგს ტრამალის მგელმა, მაგრამ...
ისევ ეს ოხერი მაგრამ!

შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვა, როდესაც თავი სამშვიდობოს დაიგულა და სიფხიზლე მოადუნა. მგზავრობის პირველმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. 8 ივნისის დილაც მშვიდობიანად გათენდა. მზე შუბისტარზე იდგა, როცა ექსპრესი სადგურ ხანდაოხიანცძში გაჩერდა. გვაძას ბოში ადგილობრივ საფოსტო განყოფილებაში შევიდა და ბერეჟიანს დეპეშა გაუგზავნა, ჩემი ძმა მიხეილი გააფრთხილე, ჩიტაში წამოვიდესო (აქამდე არ გვიხსენებია, რომ სოლომონის უმცროსი დედმამიშვილი, დიდ კომბინატორზე არანაკლებ დახელოვნებული ყალბისმქნელი და ავანტურისტი, ასევე შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებოდა და სრულფასოვან მონაწილეობას იღებდა ყველა ფინანსურ ოპერაციაში).

“იმერული ესკიზების” ბებიასი არ იყოს, მიხომ მერე ბევრჯერ წამოაყვედრა ძმას, დეპეშა როგორ გამომიგზავნეო. არადა, სწორედ ამ ტელეგრამამ დაღუპა უკვე სამშვიდობოს გასული აშორდია.

პოლიცია, რომელსაც არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა დიდი კომბინატორის გაუჩინარების შესახებ, მის თანამზრახველ ბერეჟიანს მიადგა გასაჩხრეკად. ამ უკანასკნელმა საფრთხე იყნოსა და აითესა, მაგრამ დახეთ უიღბლობას - სწორედ იმ დროს, როცა პოლიციელები წასვლას აპირებდნენ და ჩხრეკაზე დამსწრე უკანასკნელი მეზობელი ოქმს ხელს აწერდა, ფოსტალიონმა ზემოთ ხსენებული დეპეშა მოიტანა. მასში, ცხადია, გამოგზავნის დრო და ადგილიც იყო მითითებული. ასე დაადგინეს აშორდიას ადგილსამყოფელი. დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, დროის ამბავი იყო. 

ვლადივოსტოკიდან გასული ექსპრესი ჩიტამდე დარჩენილ უკანასკნელ კილომეტრებს კეცავდა, როცა ვაგონში რამდენიმე პოლიციელი შევიდა და სოლომონს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს.

დიდი კომბინატორის გონება ელვის სისწრაფთ ამუშავდა. მოცემულ მომენტში ჯიბეში ორი პასპორტი ედო, პირველი სოტიევის, მეორე კი ბერიძის გვარზე. ინტუიციამ უკარნახა, რომ სოტიევის პასპორტი უნდა დაემალა და ასეც მოიქცა, მაგრამ ამან ვერ უშველა. პოლიციელები, რომლებიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მატარებელში მშვენიერ ქალბატონთან ერთად მყოფ “ნეკიი გრუზინ”-ს ეძებდნენ, მისმა ქართულმა გვარმა კიდევ უფრო დააეჭვა და განყოფილებაში წაყოლა მოითხოვეს.

რა უნდა ექნა, წაჰყვა, თუმცა, მანამდე ფაღარათი მოიმიზეზა და ტუალეტში მარტო დარჩენილმა სოტიევის პასპორტი ფანჯრიდან გადაუძახა.

დამახასიათებელია კიდევ ერთი ეპიზოდი ვაგონის ისტორიიდან. იმ დროს, როდესაც პოლიციელები ჯოხაძის ქალბატონს ჩხრეკდნენ (მას ქვედა საცვალსა და ბიუსტჰალტერში გადამალული 7 000 მანეთი აღმოუჩინეს), სოლომონთან, ვითომ უჩუმრად, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ვიღაც ტიპი მივიდა და წასჩურჩულა - 10 000 მანეთი მომეცი და აქედან გაგიყვანო. დიდ კომბინატორს გულში მწარედ გაეცინა. ცხადია, თაღლითობა-აფერებში გამოჯეკილი გვაძას ბოში ფრაერივით არ ავარდებოდა და სამგროშიან “უტკას” არ გადაყლაპავდა. მართლაც, როგორც გაირკვა, უცნობი “გულშემატკივარი” სინამდვილეში ჟანდარმერიის უფროსი დერჟავიჩი იყო.

+ + + 

ინფორმაცია ლეგენდარული და მართლმსაჯულების მარწუხებიდან არაერთგზის სასწაულებრივად თავდახსნილი ავანტურისტის დაპატიმრების შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. ამბავმა იგორა, იგორა და მალე მის მშობლიურ საქართველოშიც ჩამოაღწია.

აშორდია დაუჭერიათო?!

ბევრს, უბრალოდ, არ სჯეროდა ეს ამბავი. რამდენიმემ, ვინც მის ბათუმურ თავგადასავლებში იყო ჩახედული, გულწრფელად იკითხა კიდეც - კი მაგრამ, რაში დასჭირდა ნეტავ გვაძას ყმაწვილს ამ ხმების გავრცელებაო. მერე და მერე, როცა ინფორმაცია დადასტურდა და წინასწარი მოკვლევა დაიწყო, საზოგადოება სუნთქვაშეკრული ელოდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დახელოვნებული ყალბისმქნელის სასამართლო პროცესის გამართვას.

კი, ელოდა, მაგრამ ჯერ ის იყო გასარკვევი, სად უნდა შემდგარიყო პროცესი, რადგან დიდი კომბინატორის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გეოგრაფია უზარმაზარ, თითქმის 10 000 კილომეტრზე გადაჭიმულ არეალს მოიცავდა და ამ თაღლითურ რუკაზე უამრავი, დიდი და პატარა დასახლებული პუნქტი იყო აღნიშნული.

წინასწარმა ძიებამ უკვე ცნობილთა გარდა სხვა არაერთი საქმეც გამოამზეურა, რომელთა შესახებ დიდ კომბინატორს აღარც კი ახსოვდა. მათ შორის განსაკუთრებით წონიანი უფასა და ხარბინში განხორციელებული საფინანსო ოპერაციები იყო, სადაც გვაძას ბოშმა ყალბი ჩეკების გამოყენებით საერთო ჯამში თითქმის 120 000 მანეთი გამოიტანა ვოლგა-კამისა და რუსეთ-ჩინეთის ბანკებიდან.

ამასთან შედარებით განა ბალღობა არ იყო ბენდერ ბელიაევისთვის ყალბი საშვებისა და ჯგუფის სხვა წევრებისთვის ასევე ყალბი პასპორტების დამზადებაში ბრალის წაყენება?

დაუმზადებდა, აბა რას იზამდა. თვითონ თუ ხან ანანიევი იყო, ხან ზედგინიძე, ხან ჯამბატოვი და ჟვანია-ზახაროვ-სოტიევ-ბერიძე, სხვებსაც ხომ სჭირდებოდათ კამუფლაჟი. აშორდიას ამფსონები ყველა ღვთის პირიდან გავარდნილი და სამშობლოდან ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობას გამოქცეული ავანტურისტები იყვნენ. სასამართლოს მასალებში რამდენიმე მათგანის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული, მაგრამ ბლოგტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათზე ახლა ყურადღებას ვერ შევაჩერებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თითქმის ყველა მათგანი იყო აღჭურვილი დიდი კომბინატორის მიერ იშვიათი ოსტატობით დამზადებული რამდენიმე პასპორტით. მაგალითად, სპიროს არგირატოსი იმავდროულად პავლე ასლანიდი და ალევიზატორი იყო, დომენტი ღლონტი - აზნაური ასათიანი, სამუილოვი, დავიდოვი და პიოტროვიჩი. ასევე, რამდენიმე გვარით ცხოვრობდნენ ხარბინელი ილარიონ კიზირია და იოსებ აფხაძე. ამ უკანასკნელს მიხო აშორდიას მიერ ვინმე მორჩილაძის გვარზე გაცემული პასპორტი ედო ჯიბეში. ძებნილი ქართველების დამმალავი და ხელის დამცლელი პატიეშვილი ხან ახბეტოვი იყო, ხან ალიბეკი, ანანია ნოვაკი—ნეკრასოვი, ბრონისლავ კროკოვსკი კი - ორლოვი, პერეგუდოვი, ჟურავსკი, ჟურავლიოვი, ნეჟდანოვი და სობოლევი.

+ + + 

სანამ სასამართლოს შესახებ გიამბობთ, მანამ რამდენიმე სიტყვით დაპატიმრებულთა მიერ ციხეში განხორციელებული ორი მაქინაციის შესახებ.

აშორდიას ჯგუფის წევრების დაპატიმრება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ თანამზრახველებმა ერთმანეთთან დათათბირება და პოზიციების შეჯერება ვერ მოასწრეს. არადა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პიროვნების მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვეოდა, ეს დამატებითი კოზირი იქნებოდა ძიებისა და შემდეგ სასამართლოს ხელში. ამიტომ, სოლომონის ინიციატივით პატიმრებმა ციხეში ინფორმაციის გაცვლა დაიწყეს. ეს სარისკო საქმე იყო, რადგან ადმინისტრაცია მიმოწერას მკაცრად აკონტროლებდა და მოულოდნელი რეიდებით არაერთი წერილი იგდო კიდეც ხელთ. თუმცა, დახეთ ხრიკს - ყველა მათგანი რუსული ასოებით, მაგრამ გაუგებარი სიტყვებით იყო ნაწერი. ჯერ შეეჭვდნენ, კრიპტოგრამა ეგონათ და სპეციალისტებს დაუწყეს ძებნა გასაშიფრად. ბოლოს გამომძიებელ პლეტნიკოვს გაახსენდა - ესენი ხომ ქართველები არიანო და მთელი ეპისტოლური მასალა ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოში გადააგზავნა სათარგმნელად. წერილების გაცნობამ ძიებას დაანახა, რომ პატიმრები სასამართლო0 პროცესის წინ პოზიციების შეჯერებასა და გარეთ დარჩენილი პოტენციური მოწმეებისთვის ჩვენებათა სასურველი ვერსიების მიწოდებას ცდილობდნენ.

პატიმარ აშორდიას არ ავიწყდებოდა, როგორ დააღწია ორჯერ თავი ბაქოსა და ომსკის ციხეებს. შექმნილ სიტუაციაში ნაკლები შანსი იყო, მაგრამ რას კარგავდა, ამიტომ გადაწყვიტა მესამედაც ეცადა ბედი. მისი დავალებით 1908 წლის აპრილ-მაისში მიხომ რამდენჯერმე შეადგინა ყალბი წერილი ვლადივოსტოკის ციხის უფროსის სახელზე, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას მითითებულ დროსა და ადგილზე სოლომონ აშორდიას 

დასაკითხად ეტაპირების შესახებ. ამჯერად ადმინისტრაციამ სიფხიზლე გამოიჩინა და საოლქო სასამართლოს გამომძიებელ ჟელიხოვსკის მიერ ხელმოწერილი უწყების ნამდვილობა გადაამოწმა. ეჭვი დადასტურდა - წერილი ყალბი აღმოჩნდა.


(გაგრძელება იქნება)