პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს იდეები მიაწოდა იმის შესახებ, თუ სად არის საუკეთესო შესაძლებლობები საქართველოში, მომდევნო წლებში ინვესტირების კუთხით.
პრემიერის განმარტებით, საქართველოში განვითარებისა და ინვესტირების ხუთი პრიორიტეტული სექტორია გამოყოფილი. ესენია - საბანკო სექტორი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება.
„საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებულია რეგიონში. მისი კაპიტალის მარაგი და ინვესტიციის ლიკვიდურობის დონე მაღალია. ყოველწლიურად გაცემული სესხების რაოდენობა დაახლოებით 20 პროცენტით იზრდება. ბანკები ძალიან აქტიურად მუშაობენ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა ოდენობამ 2014 წელს შეადგინა 7,3 მილიარდი დოლარი. საერთაშორისო ჩართულობის ზრდა ამ სექტორს დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, მისი თქმით, ის მომხიბვლელია როგორც არსებული ბუნებრივი რესურსების, ასევე მზარდი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით.
„ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ჰიდრორესურსები და გამოუყენებელი საინვესტიციო პოტენციალი. ბოლო წლებში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ენერგორესურსების ოდენობამ გადაჭარბა შემოტანილ რესურსებს. დღეს ჩვენ ვიყენებთ ჩვენი უზარმაზარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 პროცენტს. საქართველოს ელექტროქსელი დაკავშირებულია ყველა მეზობელ ქვეყანასთან, სადაც არსებობს სტრუქტურული ელექტროდეფიციტი და ელექტროენერგიის გამომუშავების სიძვირე. აჭარისწყლის ჰიდროპროექტმა განახორციელა საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო ჰიდროენერგეტიკული ინვესტიცია - 400 მილიონი დოლარი. აჭარისწყალი საქართველო არის ერთობლივი საწარმო, რომელიც აერთიანებს ტატა ჯგუფს - ინდოეთი, Clean Energy Invest-ს - ნორვეგია და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას. ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევაში. ახლახან მე დავესწარი ისტორიულ მოვლენას - 280 მეგავატის სიმძლავრის „ნენსკრა-ჰესის“ მშენებლობის დაწყებას. საქართველოს საპარტნიორო ფონდი, კორეის სახელმწიფო წყლის რესურსების კომპანიასთან თანამშრომლობით, განახორციელებს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას ამ ჰესის მშენებლობაში, რომელიც ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1,2 მილიარდ კილოვატ ენერგიას საათში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების სექტორი, პრემიერის განმარტებით, ახალი საწარმოების გახსნაში ინვესტირების კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს.
„ევროკავშირთან, თურქეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია რეგიონული დისტრიბუციის ხელსაყრელი პლატფორმის შეთავაზება. კერძოდ, არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების გადამუშავების და უფრო მაღალი ღირებულების პროდუქციის შექმნის, ასევე ტექნიკისა და მომსახურების მიწოდების მხრივ. სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით დაინტერესებულთათვის 2014 წლის ივნისიდან მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო დახმარების პროგრამა, რომელსაც ეწოდება „აწარმოე საქართველოში“. მისი მიზანია წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების მხარდაჭერა სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების, იჯარით აღებულ ტექნიკაზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისა და სიმბოლურ ფასად, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების აღების შემთხვევაში, კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად სახელწმიფო საკუთრების გადაცემის ჩათვლით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა გამოყო ტურიზმის სფეროც, სადაც მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა.
„ეს სექტორი ითვლება ეკონომიკური ზრდის საგრძნობ მამოძრავებელ ძალად, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების მიღებას. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ტურისტული აქტივობების ფართო ასორტიმენტი, მათ შორის პლაჟები, სათხილამურო კურორტები, ვენახები, უძველესი ქვაში ნაკვეთი ქალაქები, დიდებული მთები და ნაკრძალები, ასევე ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი. საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველია მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი ქვეყნის, როგორც ღვინისა და სამზარეულოს აკვნის, ისტორიას აქვს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი. შარშან საქართველოს ეწვია დაახლოებით ხუთი მილიონი ტურისტი, ანუ ქვეყნის მოსახლეობაზე მეტი. აღმოსავლეთ ევროპიდან, რუსეთსა და შუა აღმოსავლეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა. სასტუმროები, როგორც წესი, 75-პროცენტული დატვირთვით მუშაობენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ლოჯისტიკას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, უზრუნველყოფს კონტეინერების, ტვირთისა და მგზავრთა ეკონომიურ ტრანსპორტირებას აზიიდან ევროპაში 45 პროცენტით უფრო სწრაფად.
„პირველ წელიწადში სრულად ამოქმედების შემდეგ ამ სარკინიგზო მაგისტრალის ტვირთბრუნვა და მგზავრთა ტრანსპორტირების ოდენობა იქნება ხუთი ტონა და მილიონი მგზავრი, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი გასამმაგდება. ავტობანების რეაბილიტაციასა და მშენებლობასთან ერთად ეს ინიციატივები ავსებენ და მხარს უჭერენ სხვა პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ევროპისა და აზიის დაკავშირება. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საქართველოს პორტებზე, რაც ასახავს კიდეც მოსალოდნელ ეკონომიკურ ტენდენციას. მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა შავ ზღვაზე ახორციელებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს პროექტი მოიცავს შვიდ ფაზას. პორტი, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა, ახალ დონეზე აიყვანს საქართველოს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და საქართველოს მიმართ ინტერესს გააღვივებს.
„მოგიწოდებთ ყველას ამ დარბაზში, ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას და თავად გაეცანით იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის გთავაზობთ. მე პირადად, გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გაგიწევთ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და წარმართვის საქმეში“, - აღნიშნა პრემიერმა.