ოკუპირებული აფხაზეთის .ე.წ. საგარეო უწყება, ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს ეხმაურება და ოფიციალურ თბილისს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "აფსნიპრესი" ინტყობინება.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მიზანმიმართულ პოლიტიკას მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებაში "ოკუპირებული ტერიტორიების" ტერმინის ჩანერგვის კუთხით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ რეალიებს. მათი პოლიტიკური მიზანია როგორც რესპუბლიკა აფხაზეთის, ისე რუსულ-აფხაზური სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ნეგატიური იმიჯის შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროპაგანდაში ადანაშაულებს და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასულ და დაკავებულ პირებს აწამებენ და არაჰუმანურად ეპყრობიან.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებში გამოყენებული ტერმინოლოგია სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების მორიგი მცდელობა დაამახინჯოს რეალური სიტუაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
"გვსურს ვურჩიოთ საქართველოს ხელმძღვანელობას, მეტი დრო დაუთმოს შიდა პრობლებმებს. საქართველოში ადმიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემები არსებობს, რომელიც უკავშირდება ქართულ ციხეებში პატიმართა წამებას, სასტიკ, არადამიანურ და ღირსებისთვის შემლახველ დასჯას. ასევე ფაქტები მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი და მათი უარყოფა შეუძლებელია", - ნათქვამია განცხადებაში.