საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში-Council for Foreign and Community Relations, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
COFCOR-ის მონაწილეებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსა და კარიბის ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ეწევა, რაც გამოიხატება ურთიერთვიზიტების ხშირ გაცვლასა და დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაში. ამ მხრივ მინისტრმა გამოყო კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ახლო მომავალში ასევე იგეგმება CARICOM-ის ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური გადაფარვა.
„საქართველო არის სანდო მეგობარი, საიმედო პარტნიორი რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარების, ასევე, განათლების, ტურიზმის, სამართლებრივი სფეროს რეფორმირების სფეროებში.