აირბალონით მოსარგებლე ავტომობილების მძღოლები ვალდებული არიან, 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უსაფრთხოების კუთხით ინსპექტირება გაიარონ.
როგორც ჟურნალისტებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა გოგოლიძემ განუცხადა, მძღოლებს ინსპექტირების გავლა და ე.წ. ფირნიშების აღება აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებში მოუწევთ. პაატა გოგლიძის ინფორმაციით, აკრედიტაციის ცენტრში აირბალონიანი სისტემების შემმოწმებელი ინსპექტირების ორგანოებს უკვე დაწყებული აქვთ განაცხადების შეტანა აკრედიტაციის მისაღებად.
"საუბარია აირბალონიან ავტომობილების უსაფრთხოებაზე. მათი ავარიის შემთხვევები ხშირია, ამიტომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში, ის ორგანიზაციები, რომლებიც შემოწმებას ახორციელებენ, მოაქციონ რეგულირების ქვეშ და ეს შემოწმება გააკეთონ იმ კომპანიებმა, რომელთაც აქვთ აკრედიტაცია. აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტით ხორციელდება და მას აკრედიტაციის ცენტრი გასცემს. ავტომფლობელს 2016 წლის 1-ელ აპრილამდე აქვს ვალდებულება გაიაროს ინსპექტირება, ამის შემდეგ ის იქნება აირგასამართ სადგურზე დამუხტელი გაზით. ახალია ამ რეგულაციაში ის, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს, ვალდებული იქნება კომპეტენტურობა დაადასტუროს", - განაცხადა პაატა გოგოლიძემ.
რაც შეეხება აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოში ე.წ. ფირნიშების აღების საფასურს, პაატა გოგოლიძის ინფორმაციით, ამას ბაზარი არეგულირებს. "რეგულირება და უსაფრთხოების ნორმების შემოწმება აქამდეც არსებობდა და შემოწმების გავლა მოუწევს აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოში. ჩემი ვარაუდით, ეს ფასს არ შეცვლის", - განაცხადა პაატა გოგოლიძემ.