საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ მოქალაქეებს მოუწოდებს, თაღლითობის მსხვერპლნი ნუ გახდებიან.
ბოლოს გამოვლენილი თაღლითობის ფაქტზე დღეს ჟურნალისტებთან სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ლათიბაშვილმა ისაუბრა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ არსებობდა პიროვნება, რომელიც დევნილებს ე.წ. ფორმა N 100-ის გაკეთებას ჰპირდებოდა, სადაც დევნილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითებოდა, რაც შემდგომში სოციალური ქულების მომატების საფუძველი გახდებოდა, ხოლო მაღალქულიანებს ბინის მიღებისას რიგში უპირატესობა აქვთ. ეს ინფორმაცია ჩვენ შესაბამის სამართალდამცველ სტრუქტურებს მივაწოდეთ და გუშინ მოხდა დაკავება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, იგი ერთ პიროვნებას სძალავდა 8 000 ლარს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დიდია ჯგუფი ადამიანებისა, ვისთანაც ეს პიროვნება აღნიშნულ თაღლითურ გარიგებაშია შესული“, - განაცხადა ლათიბაშვილმა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ეს დევნილთათვის ფულის გამოძალვის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. მან რამდენიმე შემთხვევაც გაიხსენა.
„ასეთ თაღლითურ ჯგუფებთან დაკავშირებით პერიოდულად შემოდის ინფორმაციები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამართალდამცველ ორგანოებთან და მომავალშიც ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისივე განმარტებით, ბინის გაცემის საკითხს ერთპიროვნულად ვერავინ წყვეტს. ამ საკითხზე მუშაობს კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც სამინისტროს, ასევე, სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. პიროვნებაზე ბინის გაცემას, წინ მისი მდგომარეობის შესწავლა უძღვის და შემდეგ ხმათა უმრავლესობით ხდება მასზე ბინის გადაცემა.
უწყების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მოქალაქეებს მოუწოდებს, თაღლითობის მსხვერპლი ნუ გახდებიან. მინისტრის განმარტებითაც, მსგავსი გზებით ბინის მიღების არავითარი შანსი არ არსებობს.
„ასეთი გაყალბებული საბუთებით საბოლოო ჯამში ბინას ვერავინ მიიღებს. ნუ ენდობიან თაღლითებს. ბოლო ორ კვირაში ორჯერ მოხდა თაღლითური ჯგუფის დაკავება, რომლებსაც ბევრი ადამიანი ჰყავთ გამწარებული. ორივე შემთხვევაში დევნილებმა მოიტანეს ჩვენამდე ინფორმაცია, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. ორივე შემთხვევაში შს სამინისტრომ ოპერატიულად და მაღალპროფესიონალურად იმოქმედა და ჯგუფის აყვანა ფაქტზე მოხდა“, - განაცხადა მინისტრმა.
სუბარის განმარტებით, დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ თანხები შეიძლება დევნილებს აღარ დაუბრუნდეთ, ამიტომ ასეთ შემთხვევებში ისევ დევნილები ზარალდებიან.
„ყოველ დღე ვაკეთებთ განცხადებებს, რომ ნუ ენდობით თაღლითებს, რაც არ უნდა გითხრან - მინისტრის მეგობარი ვარ, მოადგილეებთან დღე და ღამე ვქეიფობ, მაინც ნუ ენდობიან ნურავის“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, პირველ რიგში სამინისტროს აცნობონ ან პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართონ, თუ მათთან ვინმე ტყუილი დაპირების საშუალებით თაღლითური გარიგების დადებას შეეცდება.
„ყველა შემთხვევაში დაზარალდებიან დევნილები, რომლებიც ამ თაღლითებს ფულს აძლევენ. ამიტომ ჩემი თხოვნაა კიდევ ერთხელ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია“, - აღნიშნა სუბარმა.
მინისტრის თქმით, რამდენიმე მიმართულებაა, რასაც თაღლითები იყენებენ. მინისტრი თაღლითურ სქემებში საჯარო მოხელეთა მონაწილეობაზეც საუბრობს.
„კიდევ არის რამდენიმე ფაქტი, რომლებსაც ასევე საჯარო მოხელეებამდე მივყავართ, მაგრამ ამას ჯერ არ დავასახელებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბები ძალიან მალე გახდება ცნობილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ოთარ ც. აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეგობრო წრის დახმარებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ, მოითხოვა ფულადი თანხა 8000 ლარი. ქულების მიღების მიზნით, ოთარ ც-მ დევნილი ცოლ-ქმარი მიიყვანა ქ.თბილისში მდებარე ორ კლინიკაში თავის ნაცნობ ექიმებთან, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზე გასცეს ყალბი სამედიცინო ცნობები - ფორმა N100, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს, თითქოსდა, აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება. უწყების ცნობით, 2015 წლის 28 სექტემბერს ოთარ ც-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც, სასჯელის სახით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.