შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკები, იგივე სპეციალური საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაცემის წესი ბუნდოვანია და ამის დარეგულირებაზე მუშაობა დაწყებულია.
"ეს საშვები გაიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. მისი გაცემის წესი და რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
2 დღის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-მა გაავრცელა ვიდეოინტერვიუ პოლიციის უფროს ლეიტენანტ გიორგი ბაბუნაშვილთან, რომელიც ყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ, "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს.
ამასთან დაკავშირბეით, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
"28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.