ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. მას რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და პანაშვიდს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი და მაია ფანჯიკიძე, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.
გამოსვენებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ანა დოლიძე და დავით ებრალიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის ოფიცრები.
ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მედროშეები დგანან, მათ საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული უჭირავთ.
ვასილ ყულჯანიშვილი 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.