საფრანგეთში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი დასასრულს უახლოვდება და შეიძლება ძალიან კარგი რეზულტატი მივიღოთ, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე აცხადებს.
მინისტრმა ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში დღეს პარლამენტის შესაბამისს კომიტეტს გააცნო.
როგორც გელა დუმბაძემ განმარტა, უახლოეს პერიოდში საფრანგეთში გაიმართება კომისიის სხდომა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე მუშაობს. კომისიაში შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შევიდა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა თანხების მობილიზება ლევილის მამულის შეფასებითი და დიაგნოსტიკური სამუშაოებისთვის და ამ მიზმით გამოყოფილია 107 ათასი ევრო. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებლი პირობაა, ვიდრე მამული საქართველოს გადმოეცემა.
"ასევე მიღწეულია შეთანხმება ლევილის მამულის მოწყობის შესახებ, რომელიც ვილა მედიჩის ტიპის ორგანიზაციად იქნება წარმოდგენილი, სადაც მუდმივი როტაციის პრინციპით, ქართველ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს საშუალება ექნება ქართულ-ფრანგული კულტურულ, სამეცნიერო თემებზე გააკეთონ მოხსენებები, დისერტაციები. ეს არის 5 ათასი კვ.მ ევროპის შუაგულში", - განაცხადა გელა დუმბაძემ.