ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა

ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. 2013 წლის ზაფხულის შემდეგ, ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ პირველად ისაუბრეს.

შეხვედრა დაგეგმილ 55 წუთზე თითქმის ორჯერ მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - მწვავე რეგიონული პრობლემების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა, დაფიქსირდა დიალოგის აღდგენა უმაღლეს დონეზე.

საუბრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის როლი და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას სასარგებლო, კონსტრუქციული და გულახდილი უწოდა.

„დღევანდელი დიალოგი იყო საქმიანი, კონსტრუქციული და რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, ძალიან გულახდილი. ჩვენ ბევრი საერთო წერტილი გამოვნახეთ, თუმცა, არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც, რაც ყველასთვის ცნობილია", - დასძინა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიელებმა საკუთარი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტონ. მისი თქმით, რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა, არ არის გამორიცხული, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისი საჰაერო ოპერაცია ჩატარდეს.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ვაშინგტონთან ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა დაალაგოს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მინსკის მოლაპარაკებების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ კი, ობამასთვის შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავენ.