პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სახელფასო განაკვეთს ადგენს.
კანონპოექტის მიხედვით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომითი ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით კი, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარს შეადგენს.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძეა, რომლის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის ხელფასი დაახლოებით 30 ათასი ლარია.
"კანონპროექტის შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, რომელიც საპარტნიორო ფონდში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ, რაც დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალია", - განმარტავს პროექტის ავტორი.
საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელთა ხელფასების საკითხი ოპოზიციისთვის აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ფონდის თავმჯდომარედ დავით საგანელიძე დაინიშნა.