ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება.
არეულობა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანებით დასახლებულ ერთ-ერთ რაიონში მუსლიმის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მუსლიმები რელიგიურ ნიადაგზე ქრისტიანებს დაუპირისპირდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქ ბანგიში მდებარე ციხიდან ყველა პატიმარი გაიქცა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ცნობით, ციხე 500-ზე მეტმა პატიმარმა დატოვა.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომაროების გამო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს კატრინ სამბა-პანზას გაეროს გენერალური ასამბლეის დატოვება მოუწია. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება.
2014 წლის აპრილში გაეროს უშიშროების საბჭომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 12 000 მშვიდობისმყოფელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. სამშვიდობო მისიის წევრთა მთავარი ამოცანა მოსახლეობის დაცვა, დროებითი მთავრობის მხარდაჭერა, შეიარაღებული ბანდფორმირებების განიარაღება და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაა.
ვითარება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2013 წლის დეკემბერში გამწვავდა, როცა დედაქალაქ ბანგიში ისლამისტური დაჯგუფება "სელეკას" მებრძოლები ადგილობრივ ქრისტიანებს დაუპირისპირდნენ
გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.