ნიუ-იორკში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პირველად 2013 წლის შემდეგ, ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაერო-ს შტაბბინაში შეხვდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტის დარეგულირებაში, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.
"ჩვენ ბევრი საერთო წერტილი გამოვნახეთ, თუმცა იყო აზრთა სხვაობაც", - დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.
პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ვაშინგტონთან ურთიერთობა დაალაგოს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბარაქ ობამამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავენ.