რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მოქმედი ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიყენეს და გარედან შეიარაღებული გადატრიალების პროვოცირება მოახდინეს.
ეს განცხადება პუტინმა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„თავიდან ნატო-ს გაფართოების ხაზი გააგრძელეს... რისთვის, ისმის კითხვა? რატომ დააყენეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები არჩევანის წინაშე: იყვნენ დასავლეთთან თუ აღმოსავლეთთან? ადრე თუ გვიან, ასეთი კონფრონტაციული ლოგიკა სერიოზულ გეოპოლიტიკურ კრიზისში უნდა გარდაქმნილიყო. ასეც მოხდა უკრაინაში, სადაც მოქმედი ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიყენეს და შეიარაღებული გადატრიალების პროვოცირება გარედან მოახდინეს. შედეგად ატყდა სამოქალაქო ომი. მუქარებით, იარაღის ძალით უკრაინის მთლიანობის უზრუნველყოფა არ მოხდება. საჭიროა დონბასში ადამიანის უფლებების რეალურად გათვალისწინება, მათი არჩევანის პატივისცემა, მათთან კოორდინაცია, როგორც ეს მინსკის შეთანხმებებშია გათვალისწინებული. ამის გარანტია ის, რომ უკრაინა განვითარდება, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, როგორც უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი კვანძი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, საერთო სივრცის მშენებლობაში, როგორც ევროპაში, ისე ევრაზიაში“, - განაცხადა პუტინმა.