ირაკლი ღარიბაშვილი:  ვაპირებთ, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაპირებთ, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული მხარე აპირებს გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მიიღოს მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები გამართა. "პირადად გადავუხადე მადლობა კარიბის ქვეყნების, ასევე აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს რეზოლუციაზე, რომელიც შეეხება ჩვენს დევნილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების საგარეო უწყებამ ვერ მოახერხა არაღიარების დოკუმენტზე მხარდაჭერის მოპოვება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის დროს დაემატა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღნიშნულ რეზოლუციას. იგი შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს და დევნილების დაბრუნებას სახლში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტში, ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე.

"მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. მე იქ გამოსვლისას გავაკეთე მთავარი აქცენტები იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი მთავრობა ახდენს კონცენტრირებას. ეს არის ჯანდაცვა, მდგრადი განვითარება ქვეყნის, მოსახლეობაზე ზრუნვა. ასევე საუბარი გვქონდა გენდერულ თანასწორობასა და კლიმატური ცვლილებებზე, რომელიც 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სწორედ ეს კლიმატური ცვლილება არის აქტუალური ჩვენთანაც. როგორც გამოსვლაში აღვნიშნე, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანას, კერძოდ თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ამ საკითხებზე გრძელდება შეხვედრები. დღეს მივიღებ მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტის ობამას ინიციატივაში, რომელიც შეეხება გაერო-ს სამშვიდობო მისიებს. დაგეგმილია ამ მისიების გაფართოება. ვაპირებთ, გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება. ის აღიარება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ წლების განმავლობაში, ის იმიჯი, ის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გმირი, ჩვენი ვაჟკაცი ჯარისკაცების დამსახურება. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი ჩართულობა და მათი როლი", - აღნიშნა პრემიერმა.