ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს რუსთავში იმყოფებოდა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის პანაშვიდი მიმდინარეობს.
მან ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
„მან, მისი მეგობრების მსგავსად, მტერსაც და მოყვარესაც თვალნათლივ აჩვენა, რომ ქართული მხედრული სული ისევ ცოცხლობს და იბრძვის, რათა ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი ღირებულებები და განვითარდეს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. ღრმად მწამს, ვასილ ყულჯანიშვილის და სხვა ქართველ გმირთა თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელზეც მათ უოცნებიათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს გადაასვენეს. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი, დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.
მას საკუთარ ქალაქში 2008 წლის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დაკრძალავენ.