საქართველოს რეიტინგი, პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ, 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს 27 ადგილით გაუმჯობესდა.
ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოხვდნენ აზერბაიჯანი და უკრაინა.
პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის მხრივ, საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2012 წელს 24,6% იყო, ხოლო 2014 წელს 35,9 %-ს შეადგენს.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.