საქართველოს, მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საქართველოს, მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საქართველოს, მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, 2014 წელს, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2012 წელს 69,9% იყო, ხოლო 2014 წელს - 71,6%-ია.

2012 წელთან შედარებით საქართველომ რეიტინგი 3 პუნქტით გაიუმჯობესა და 2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა, რითაც გაუსწრო როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელთა შორის არიან საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, რუსეთი, მოლდოვა.

მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.

მმართველობის ექვსივე მაჩვენებლიდან კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში რაც, გარდა ამ კვლევისა, ასახულია სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებშიც.