საარჩევნო სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლა, მმართველი კოალიციის დაშლას გამოიწვევს

საარჩევნო სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლა, მმართველი კოალიციის დაშლას გამოიწვევს

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, კოალიციას დაშლის.

ჟურნალისტების შეხვედრისას დასმულ კითხვაზე, რატომ თანხმდება მმართველი უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხოლოდ 2016 წლის შემდგომი და არა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, უსუფაშვილმა სწორედ კოლიციის დაშლაზე გაამახვილა ყურადღება.

"დავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას – გინდ საზოგადოებრივს, გინდ კერძოს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც სწორედ ხვალ არის შესაძლებელი და არა დღეს, ხოლო თუ დღეს შეეცდები იმის გაკეთებას, ვერც იმას მიიღებ და სხვა რამეც შეიძლება გააფუჭო. თუკი არ იქნება კოალიციაში შიდა თანხმობა, ამ კონკრეტული თემის გამო, კოალიციის დაშლა სწორი გამოსავალი იქნებოდა?! და თუ სწორი გამოსავლი იქნებოდა, მაშინ რისთვის და ვისთვის იქნებოდა სწორი გამოსავალი?! დღევანდელ ქვეყანას კოალიციის დაშლა გამოადგებოდა?! არჩევნების სხვაგვარად ჩატარებისთვის კოალიციის დაშლაა გამოსავალი?! თუ კოალიცია დაიშლება, რიგგარეშე არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, რაც დღეს გვაქვს, ხოლო ის, რისი გაკეთებაც ზეგისთვის გვინდა, გადაიდება მაზეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არ არსებობს კოალიციური დოკუმენტი, სადაც კოალიციის მხრიდან დაფიქსირებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა, რადგან, როგორც უსუფაშვილი განმარტავს, კოალიციაში შემავალ პარტნიორებს შორის მაშინაც იყო აზრთა სხვადასხვაობა.

"საარჩევნო ცვლილებების ვერსია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის სწორედ ის, რამაც პროპორციულ არჩევნემდე უნდა მიგვიყვანოს და, რასაც პირადად მხარს ვუჭერ არა დღეს, არამედ 1989 წლიდან, როცა პარლამენტის შენობაში მოსვლა პირველად მომიწია და ველაპარაკებოდი მაშინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, თუ როგორ ჩატარებულიყო არჩევნები. თუ მეუბნებით, რომ არჩევნები ამ სისტემით ახლა ჩატარდეს და კოალიცია დავშალოთ, ამ საკითხის გამო მე კოალიციის დაშლაზე არ წავალ, რადგან ქვეყნისთვის და არჩევნებისთვისაც ეს უფრო დიდი უბედურება იქნება", - ამბობს დავით უსუფაშვილი.

გარდა ამისა, უსუფაშვილის მტკიცებით, ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამოდის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება მაჟორიტარული ოლქების გამოთანაბრებასა და მაჟორიტარი დეპუტატების ხმათა 50%-ით არჩევის ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. უსუფაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ცვლილებებზე 25 წლის განმავლობაში არც ერთი ხელისუფლება არ წავიდა.

"როცა ოპონენტები მეუბნებიან, რომ მაჟორიტარული სისტემა ზოგადად უსამართლო სისტემაა, მე მაქვს კითხვა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ის, რომ მაჟორიტული სისტემა უსამართლო სისტემაა, ამის მთქმელმა ადამიანმა იქნება რაიმე არგუმენტი მოგვიყვანოს", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.