ორი თარიღის დაპირისპირების შესახებ ქართულ ცნობიერებაში

ორი თარიღის დაპირისპირების შესახებ ქართულ ცნობიერებაში

 

პრესა. გე-ს ფორუმზე არაერთი ტვინნაღრძობი უსაქმური ირთობს თავს, ვისი უვიცობა და ცინიზმიც ყოველგვარ საზღვარს ცილდება. მათ შორის არის ერთი სუბიექტი (სამწუხაროდ, ფსევდონიმს ვერ ვიხსენებ), რომელიც, პერიოდულად, მთელი სერიოზულობით ამტკიცებს—წარსულში ჩიჩქნას თავი დაანებეთ, ქართული სახელმწიფოს ნამდვილი ისტორია 2003 წლის 23 ნოემბრიდან იწყებაო. ძნელი მისახვედრი არაა, რომელი ბანაკიდან იქნება იგი მოდგმითა და წარმოშობით. ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც ღრუბლები პრეზიდენტის ბრძანებით იფანტება, დილით – მზე და ღამით – მთვარე, მისი სურვილით ამოდის ცაზე და, საერთოდ, ჰელიოსისტემის სამართავი პულტი ავლაბრის რეზიდენციის “ხაზეინს” უდევს მაგიდაზე...

ხელისუფლებასთან დღემდეც ბევრი რამ მქონდა სასაყვედურო. ახლა ძველ მიზეზებს კიდევ ერთი დაემატა – ასათიანზე არსებული ფსიქიატრიული დაწესებულების გაუქმების განზრახვა. დღევანდელ საქართველოშიასეთი რამ ადამიანს რომ მოუვა აზრად, ის თვითონაა საასათიანო. ჩემი ნება რომ იყოს, პირიქით, მისი პროფილის გაფართოებასა და “ვიაიპი” პალატების მოწყობაზე ვიფიქრებდი, რომლებშიც ზემოთ ნახსენებ იუზერსა და მის თანამოაზრეებს ვუმკურნალებდი (თუ უკვე დაგვიანებული არაა). ამით ყველა მოიგებს – ავადმყოფიც, კლინიკაც, სახელმწიფოც... მხოლოდ პრესა. გე-ს ადმინისტრაცია დარჩება წაგებული. უფასო ჯამბაზი დღეს ძნელი საშოვნია, რადგან მათი უმრავლესობა სახელმწიფო სტრუქტურებშია დასაქმებული და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებს.

ამ ნახევრადრიტორიკული შესავლის შემდეგ ძირითად თემას დავუბრუნდეთ, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება (ოღონდ, გაცილებით ძველს და არა 2003 წლის ნოემბერში “შობილს”). მინდა საქართველოს უახლესი ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს – 9 აპრილსა და 26 მაისს შორის არსებულ “წინააღმდეგობაზე” გესაუბროთ და იმ არგუმენტებზე, რომლებსაც მათი მომხრე-მოწინააღმდეგეები იყენებენ ერთმანეთთან პოლემიკაში.

2003 წლის შემდეგ ერთი უცნაური კანონზომიერება აღმოვაჩინე. საცხრააპრილოდ დედაქალაქის ქუჩებში, ძირითადად, საქართველოს რესპუბლიკის აწ უკვე ყოფილი სიმბოლო – სამფეროვანი დროშები ფრიალებს და ხუთჯვრიან ბაირაღს წამლადაც ვერ იხილავ. სრულიად საპირისპირო სურათია 26 მაისს. ამ დღეს სამფეროვნები უცხადებენ ბოიკოტს და ასპარეზი მთლიანად ოფიციალურ ხუთჯვრიანებს აქვს დათმობილი.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ფაქტიდან? 

პასუხი მარტივია – 9 აპრილის მომხრეები (მათი აბსოლუტური უმრავლესობა დამხობილი პრეზიდენტის თანამოაზრენი არიან) 26 მაისს, როგორც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თარიღს, უარყოფენ, და არა მხოლოდ მას. ქვეცნობიერში, ისინი პროტესტს უცხადებენ იმასაც, რაც 2003 წლის ნოემბერთან და მის შედეგებთანაა დაკავშირებული.

ამ ადამიანების გაგება ძნელი არაა. 9 აპრილის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება შევარდნაძის დროსაც იგრძნობოდა და, ამ მხრივ, არც ბოლო 6 წელია გამონაკლისი. მავანს და მავანს გამსახურდიას სახელი შიშს ჰგვრიდა გუშინაც და დღესაც ძილს უფრთხობს. სხვათა შორის, ეს პრეზიდენტყოფილის ნეშტის გადმოსვენებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმაც დაადასტურა.

მაგრამ... ერთია საკითხის პოლიტიკური ასპექტი და მეორე – ისტორიული ჭეშმარიტება.

მე, პირადად, ნამდვილად არ მივეკუთვნები იმათ კატეგორიას, ვისაც შეიძლება მიაწერო ან დააბრალო ამ თარიღის მნიშვნელობის დამცრობა, ან გაუაზრებლობა. ჯერ ერთი, საკუთარ თავს 9 აპრილის თაობის წარმომადგენლად ვთვლი (იმ დროს 28 წლის ვიყავი) და მეორეც, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მეორე, მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონე თარიღი არ მეგულება.

იქნებ, ვინმეს პარადოქსად და თვითმიზნურ განცხადებად მოეჩვენოს, მაგრამ ვთვლი – თუ რაიმე ამცრობს 9 აპრილს, ეს მისი მნიშვნელობის მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გააზრებაა.

9 აპრილი გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფოებრივი თუ არასახელმწიფოებრივი არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადანაცვლება.

9 აპრილი არის თარიღი-ლეგენდა, თარიღი-მისტერია.

ეს ისეთი მიჯნაა, რომელიც შეიძლება შეფასდეს ეროვნული ყოფიერების აპოთეოზად და ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა შესძინოს ახალი სასიცოცხლო ენერგია, თუ იგი, საკუთარი უგუნურების გამო, თვითლიკვიდაციისკენ არაა მიდრეკილი.

თუ უფრო მიწიერი კატეგორიებით ვილაპარაკებთ და საგნებს საკუთარ სახელს დავარქმევთ, 9 აპრილისა და 26 მაისის ხელოვნური დაპირისპირება ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც უმრავლესობას მტირალა, რუსეთუმე სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ, ოხვრა-ხვნეშით, ვაი-ვიშითა და წუწუნით გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ანუ – ცხადად და მკაფიოდ, ეს არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს გ ა მ ო ც ხ ა დ ე ბ ი ს თარიღი.

1991 წლის 9აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, აღადგინა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, ანუ – ეს არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს ა ღ დ გ ე ნ ი ს თარიღი.

გამოცხადებასა და აღდგენას შორის არა მხოლოდ სემანტიკური, მკაფიო პოლიტიკური განსხვავებაცაა. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვინც ორი თარიღის დაპირისპირებაში 9 აპრილს ანიჭებს უპირატესობას.

26 მაისს შედგა დიდი პოლიტიკური აქტი, რომელიც მყარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ყველა შესაძლო ისტორიული კატაკლიზმისათვის. როგორც იტყვიან, ჩვენს ქვეყანას ჯვარი სწერია, მაგრამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მეორედ დაკარგვის შემთხვევაში, მისი ხელახალი აღდგენა ისევ და ისევ 26 მაისის აქტის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გადამკიდე, თეორიულად, გამორიცხული არაა, რომ მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში კიდევ ხუთჯერ მოგვიხდეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, სხვადასხვა თვეებსა და სხვადასხვა რიცხვებში. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ყოველი მომდევნო აღდგენის შემდეგ შევიტანოთ ცვლილება კონსტიტუციაში და ახალი თარიღი გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობის დღედ?

ბოლოს და ბოლოს, რამდენი დამოუკიდებლობის დღე შეიძლება ჰქონდეს ერთ, თუნდაც, ჩვენნაირ ქვეყანას?!

საკითხის ასე დაყენება არა მხოლოდ არამეცნიერული, არასერიოზულიცაა.

რაც შეეხება 9 აპრილს, მას ზედმეტი და ხელოვნური სტატუსის მიკერება არ სჭირდება. ესაა ერთი კონკრეტული წლის კონკრეტულ თვესა და რიცხვში განსხეულებული უკვდავება ქართული სულისა, განბანილი და გაჯერებული ყველაზე უმანკო სისხლით, რაც კი ოდესმე დაღვრილა ღვთისმშობლის კუთვნილ მიწაზე, ადამის დროიდან დღემდე.

აქვე, მინდა, ერთ მომენტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც ჯერაც არაა ხეირიანად გააზრებული საისტორიო მეცნიერებაში.

9 აპრილი, 26 მაისისგან განსხვავებით, ვერ ჩაითვლება ქართული სახელმწიფოებრიობის გამოცხადების თარიღად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 1991 წლის ამ დღემდე საქართველო ნამდვილად წარმოადგენდა სახელმწიფოს.

დიახ, 1921-1990 წლებში, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული ნორმების მიხედვით, საქართველო იყო დიდი კონფედერაციული გაერთიანების – სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი, საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მქონე სახელმწიფო.

ეს იყო დამპყრობელი იმპერიის შემადგენლობაში, ნაძალადევი, თავსმოხვეული რეჟიმის პირობებში 70 წლის განმავლობაში მყოფი, შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე, მაგრამ მაინც, რეალურად არსებული სახელმწიფო, რომელსაც კონსტიტუციურად შენარჩუნებული ჰქონდა ამ იმპერიის შემადგენლობიდან გასვლის უფლება.

მართალია, ეს იყო ფორმალური უფლება, მაგრამ პოლიტიკაში რეალური ხშირად გადადის არარეალურში, ფორმალური კი – არაფორმალურში და ეს ნათლად დაადასტურა ჩვენმა უახლესმა ისტორიამ.

თუ ვინმე კამათს დაიწყებს და ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან გამოთიშავს 1921-1990 წლებს, კეთილი ინებოს და განმარტოს, რა განსხვავებაა სუვერენულობის თვალსაზრისით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რომაელების, ბიზანტიელების, არაბების, სელჩუკების, მონღოლების, ირანელებისა და ოსმალების ჰეგემონიის ქვეშ მყოფ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის?

თუ 1921-1990 წლებში ქართველებს არ გვქონდა სახელმწიფო, იგი არ გვქონია არც ფარსმან მეორის, დავით მესამე კურაპალატის, დემეტრე მეორის, სვიმონ პირველის, როსტომ ხანისა და შაჰ ნავაზის მართველობია პერიოდშიც.

რაც შეეხება 1918 წლის 26 მაისს, იგი სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღია, რადგან ამ დღეს ერმა მიიღო ის, რაც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით 1801-1810 წლებში წაართვა ცარისტულმა იმპერიამ – საუკუნეთა განმავლობაში ნალოლიავები სახელმწიფოებრიობა (და არა სუვერენიტეტი). 

ეს არ გახლავთ ტერმინებითა და ცნებებით ჩხირკედელაობა.

ეს ჩვენი რეალური ისტორიაა და ამ გარემოებას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში.