პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამორიცხავს, რომ პროპაგანდის გავლენით, საქართველოს მოსახლეობამ რუსეთთან „უმცროსი ძმის“ სტატუსით დაბრუნება ისურვოს.
ეს განცხადება უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ მისი აზრით, თუ რით ხსნის ბოლო პერიოდში საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გაძლიერებასა და მათ ასე გააქტიურებას.
„ავხსნი იმით, რომ რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკით, რაც მე ძალიან მიხარია. რუსეთი ცდილობს რამე სხვას მიაღწიოს ამ ქვეყანაში, იმისგან განსხვავებულს, რაც დღეს ხდება, რასაც აკეთებს დღევანდელი მთავრობა, პარლამენტი, რასაც აკეთებდნენ სხვა მთავრობა, პარლამენტები და პრეზიდენტები. ცდილობს რაღაცას მიაღწიოს. მე მგონია, რომ ეს მცდელობა იქნება ისეთივე წარუმატებელი, როგორიც იყო ხოლმე დღემდე არაერთხელ. პრაქტიკულად, არჩევნებს ვერ გავიხსენებთ, როდესაც მსგავსი მოვლენები არ შეინიშნებოდა. არ იქნება სწორი ამ მოვლენებისადმი წაყრუება და ხელის აქნევა, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რაიმე განსაკუთრებული ტრაგედიები შევქმნათ ამისგან. მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ქართველმა ხალხმა ერთ მშვენიერ დღეს პროპაგანდის თუ სხვა რამის გავლენით უცებ გადაწყვიტოს, რომ დღეს მზად ვართ რუსეთთან დავბრუნდეთ „უმცროსი ძმის“ სტატუსით და ეს იქნება ჩვენი ბედნიერების საწინდარი. ეს ვერ იქნება ასე. ამასობაში რუსეთს სხვაგვარი ურთიერთობის ფორმა, გარდა იმისა, რომ იყოს უფროსი ძმა, არ შეუძლია. ამიტომ ეს ორი თემა მოუგვარებელია, შეუთავსებელი ცნებებია და მსგავსი არაფერი მოხდება. გარდა ამისა თუ საქართველოში არსებობენ ან იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც საწინააღმდეგოს დაუმტკიცებენ ჩვენი მოსახლეობის ერთ ნაწილს, ნურც ამაში დაინახავთ დიდ ტრაგედიას იმიტომ, რომ შეუძლებელია მოსახლეობაში 100% ამომრჩევლებისა ერთ აზრზე იყოს. იქ, სადაც კანონდარღვევასთან და ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე, ეს ცალკე თემებია. მაგრამ პოლიტიკური შეხედულებები, თითქოს საქართველოს სხვა ალტერნატივები აქვს, ვიდრე ევროპა და ნატო, შეიძლება პოლიტიკოსებმა გამოთქვან და ეს პოლიტიკოსები შეიძლება პარლამენტშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ არ მგონია ეს ქვეყნის ორიენტაციისა და პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი იყოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ თუ ვინმე ქვეყანაში გართულებებს მოინდომებს, ამაზე მას სახელმწიფოსგან ადეკვატური პასუხი ექნება.