პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში სრულიად სწორია და ის რაიმე საშიშროების შეცველი არ არის.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია ენერგეტიკაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
„საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში არის სწორი, ის არ არის საფრთხის შემცველი. ეს პოლიტიკა აგრძელებს იმ სტრატეგიულ გეზსს, რაც ქვეყანამ დიდი ხნის წინ აირჩია და ეს არის რაც შეიძლება ნაკლები ენერგოდამოკიდებულება რუსულ წყაროებზე. ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ ამ პროცესის გაგრძელებად მიგვაჩნია ერთის მხრივ როგორც ახალი ჰესების მშენებლობის პროექტები, ასევე ცალკეულ და ნაცად ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორებთან ენერგეტიკაში თანამშრომლობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, როგორც უსუფაშვილი აცხადებს, რუსეთთან საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მინიმუმის და აუცილებლობის დონემდეა დაყვანილი.
„რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობა ეს არის აუციელებელი მინიმუმის დონეზე და მე ვერ ვხედავ რაიმე წინაპირობას, რამე გეგმას, რომ ეს შეიცვლება, ესაა მინიმუმი და აუციელებელი. დღევანდელ მსოფლიოში გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს ვერ მიყვება ყველა საზღვარი, მათ შორის ენერგეტიკული სისტემები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.