„ვისურვებდი, უკრაინამ ყურადღება მიაქციოს მისი მაღალჩინოსანი რას აფიქსირებს საქართველოს მიმართ“

„ვისურვებდი, უკრაინამ ყურადღება მიაქციოს მისი მაღალჩინოსანი რას აფიქსირებს საქართველოს მიმართ“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საინტერესო იქნებოდა მიხელი სააკაშვილს მისი პრეზიდენტის, პოროშენკოს მომავალზე ესაუბრა, ვინაიდან ის დღეს უკრაინის სამსახურშია.

ეს განცხადება უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ჟურნალისტებმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება სთხოვეს, სადც მან თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილის როლი საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკაში განისაზღვრება იმით, შეიწყალებს თუ არა იგი გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს.

უსუფაშვილის თქმით, უმჯობესი იქნებოდა უკრაინის ხელისუფლებამ მისი მაღალჩინოსნის განცხადებებს ყურადღება მიაქციოს.

„პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა სააკაშვილს ესაუბრა მისი პრეზიდენტის, ბატონი პოროშენკოს მომავალსა და პოლიტიკაზე, ვინაიდან ის დღეს უკრაინის სამსახურშია. მე ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამაც ყურადღება მიაქციოს იმას, თუ მისი მაღალჩინოსანი რა პოზიციებს აფიქსირებს მეგობრული საქართველოს მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, გვაქვს პრიორიტეტები - უკრაინა და მასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება. მსგავსი გამოხტომები, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ამ ყველაფერს, თუმცა ვერც იმხელა საფრთხეს უქმნის, რომ ეს ანგარიშგასაწევი იყოს. თუმცა კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევენ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო მოქმედებებს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებშია და შეწყალების უფლება ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, პასუხისმგებლობაც ეკისრება პრეზიდენტს. ჩვენ ყველას შეგვიძლია გვქონდეს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ, მე თავს შევიკავებ მოსაზრების გამოთქმისაგან მანამ, სანამ პრეზიდენტი თავის კომპეტენციას არ გამოიყენებს ან რამეს არ განაცხადებს ამის თაობაზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი პროცედურებში დაიცავს კონსტიტუციას, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მიიღებს ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რასაც შეწყალების აქტი უნდა ეფუძნებოდეს.