მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის თანახმად, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 2014 წელს 64,4%-ია, მაშინ, როდესაც 2012 წელს 54,5% იყო. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიცია 19 საფეხურით გაუმჯობესდა და 130-ზე მეტ ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, რუმინეთს, მონტენეგროს, მაკედონიას, ბულგარეთს, სერბეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ალბანეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს, უკრაინას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს.
კანონის უზენაესობის ინდექსში აისახება, თუ რამდენადაა დარწმუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის ძალაში; რამდენად სჯერა, რომ დაცულია მისი საკუთრების უფლება; რამდენად ენდობა პოლიციასა და სასამართლოს; რამდენად დაცულად გრძნობს თავს ძალადობისაგან.
მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებული ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.