იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით დაიწყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და წევრი ლევან თევზაძე დაუპირისპირდნენ. ლევან მურისიძემ სხდომის დაწყებისას ნინო გვენეტაძეს მიმართა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის განხილვა ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს, უმაღლესი საბჭო სხვა რამეზე იყო შეთანხმებული, თუმცა ნინო გვენეტაძემ პარლამენტში სხვა პოზიცია წარადგინა და კანონპროექტშიც მათი შეხედულებები წარდგენილი არ იყო.
როგორც მურუსიძემ განაცხადა, ეს ეხება სადისციპლინო კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმათა რაოდენობაში ცვლილებების შეტანას, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ინსპექტორის ჩართვას და მენეჯმენტურ საკითხებს. საბჭოს მდივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია იყო, რომ კოლეგიაში საქმის გადაგზავნისთვის უნდა დარჩენილიყო ხმათა 2/3 და არ უნდა ყოფილიყო ინსპექტორის ინსტიტუტი, თუმცა ეს არ აისახა და ნინო გვენეტაძემ შეთანხმებულისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
ლევან თევზაძემ კი ნინო გვენეტაძეს უთხრა, რომ როდესაც რაიმე პოზიციას აფიქსირებს, თუ ეს არ არის ყველასთან შეთანხმებული, ნუ ისაუბრებს ყველა მოსამართლის სახელით. მისივე თქმით, ის ქცევა, რაც ოთხშაბათს საკომიტეტო მოსმენაზე ნინო გვენეტაძის მხრიდან დაფიქსირდა, ამ მიმართულებით, არ იყო მისაღები.
თავად გვენეტაძის განცხადებით, მან ყველა შეთანხმებული საკითხი მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს არა ის, არამედ ინიაციატორი - იუსტიციის სამინისტრო. კონკრეტული განცხადებები დაპირისპირებული მხარეების მხრიდან სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ ის საკითხი, რომელზეც სხდომის დასაწყისში იდავეს, დღის წესრიგში შეტანილი არ არის.