საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის შეფასებით, გუშინ გავრცელებული სკანდალური ვიდეომასალები მიზანმიმართული პროპაგანდაა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ.
როგორც ჩაფიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, პოლიტიკურ ძალებს სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია კარგს არაფერს არ მოუტანს.
„უნდა დადასტურდეს აღნიშნული მასალის ავთენტურობა და გამოძიებული უნდა იქნას, რამდენად შეესაბამება ის ფაქტები რეალობას, რომელიც ფირში იყო წარმოდგენილი და ასევე უნდა დადგინდეს, კონკრეტულ პიროვნებას რა მიზნები ამოძრავებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას თუ ორგანიზაციას სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ გარკვეული ფარული ჩანაწერების განზოგადება და გადატანა ხდება იმ მრავალათასიან კოლექტივზე, რომელიც დღეს საქართველოში წესრიგის დაცვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს იყო მიზანმიმართული პროპაგანდა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ბაბუნაშვილმა სკანდალური ჩანაწერები გაავრცელა, რის შემდეგ საქართველო დატოვა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. გამგზავრებამდე მან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნების წინააღდეგ კომპრომატები საინფორმაციო სააგენტო თაიმერსა და გაზეთ ქრონიკა +-ს დაუტოვა და მისი გავრცელება სთხოვა. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის მთავარი გმირი სახელმიწფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმაა.